„აუთფლეი“ ინოვაციური მულტიფუნქციური სოციალური ქსელია ახალი თაობისთვის, მარტივი ინტერფეისითა და მომხმარებელზე მორგებული გარემოთი. დღეს „აუთფლეიზე“ 10,000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული – სოციალური პლატფორმისადმი დაინტერესება მოდის არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც. მიმდინარე წელს „აუთფლეი“ საქართველოს ევროპაში ყველაზე დიდ კონკურენტულ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე წარადგენს, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელით სტარტაპის დამფუძნებლები სიტყვით გამოვლენ. კონფერენციაზე „აუთფლეი“ ინვესტორთა დაინტერესებასა და მოზიდვას შეეცდება.
სამიტისა და „აუთფლეის“ გეგმების შესახებ Forbes Georgia სტარტაპის ერთ-ერთ დამფუძნებელ ხვიჩა ფარსადანაშვილს ესაუბრა. ცნობისთვის, ხვიჩა 2022 წლის 30 Under 30-ის კატეგორიის, „ფორბსის რჩეულების“ გამარჯვებულია. როგორც თავად აღნიშნავს, Forbes Under 30-ში გამარჯვება სტარტაპს პოპულარიზაციაში, მას კი პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარა.
ხვიჩა, თავიდან თქვენი სტარტაპის შესახებ რომ მოგვიყვეთ – რა მიზანს ემსახურება და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
„აუთფლეი“ ახალი მულტიფუნქციური სოციალური ქსელია ახალი თაობისთვის. პლატფორმის შექმნის იდეა 2020 წელს, მაშინ დაგვებადა, როდესაც მივხვდით, რომ ყოველდღიურად სოციალური ქსელების გამოყენებისას უამრავ პრობლემას ვაწყდებოდით – არასტაბილური ხარისხით დაწყებული, უინტერესო და რთული ინტერფეისით დასრულებული, ამავდროულად კი გვქონდა ფუნქციონალის მწირი არჩევანი.
ამრიგად, შევქმენით ინოვაციური სოციალური ქსელი „აუთფლეი“, მარტივი ინტერფეისითა და მომხმარებელზე მორგებული გარემოთი. პლატფორმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას მოგცემს და არაფრით შეგზღუდავს.
„აუთფლეის“ მიმართ მომხმარებელთა დაინტერესებაზეც რომ ვისაუბროთ… როგორია ქართულ ბაზარზე თქვენი სტარტაპის მსგავსი პლატფორმებისადმი დაინტერესება?
იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილია, „აუთფლეის“ მიმართ მომხმარებელთა დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ბაზრის ნაწილი უმეტესად ათვისებულია და ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ და მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ტიპის ფუნქციონალი, რომლის მოთხოვნილებაც, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ყოველდღიურად უჩნდებათ.
დღეს „აუთფლეიზე“ 10,000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. ჩვენი სოციალური პლატფორმისადმი დაინტერესება მოდის არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც. ამ მხრივ გამორჩეული გერმანია და პოლონეთია. ვთვლით, რომ მომხმარებელთა მოზიდვა სოციალური ქსელის სანდოობამ და მაღალმა ხარისხმა განაპირობა. სტრიმინგის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე კი „აუთფლეიმ“ გეიმერების დაინტერესებაც მალევე მოახერხა.
„აუთფლეიში“ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაც იგეგმებოდა – როგორ უწყობთ ფეხს სწრაფად მზარდ AI-ინდუსტრიას?
ნამდვილად, უახლოეს მომავალში „აუთფლეიში“ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მოხდება, რომელიც ყველა სახის მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტი სოციალური ქსელის მართვაში, ფიდის გენერირებასა და ადამიანების შეცნობაში დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი იქნება, თუმცა „აუთფლეის“ უკან, ფუნქციონალში აუცილებლად იქნება ინტეგრირებული AI, რაც მომხმარებელს სოციალური ქსელით სარგებლობას გაუმარტივებს. არსებული გეგმით, პლატფორმაში ხელოვნური ინტელექტი წლის ბოლომდე აუცილებლად ჩაეშვება.
ახლა უშუალოდ WEB SUMMIT-ზე რომ ვისაუბროთ – როდის და რა ფორმატით ტარდება სამიტი?
WEB SUMMIT-ი ევროპაში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენციაა და ყოველწლიურად, ტრადიციულად პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში იმართება. ზოგადად, WEB SUMMIT-ი წელიწადში ორჯერ ტარდება: ერთი, ევროპული სამიტი სწორედ ლისაბონში, ხოლო მეორე – ამერიკის შეერთებულ შტატებში. წლევანდელ სამიტზე, პორტუგალიაში ათასობით სტარტაპს შორის ერთ-ერთი იქნება „აუთფლეი“, რომელსაც კონფერენციაზე საქართველოს სახელით მე – ხვიჩა ფარსადანაშვილი, გიორგი სიდიანი და მარიამ სებუა წარვადგენთ.
ჩვენივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში გასამართ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე ჯამში 160-ზე მეტი ქვეყნიდან, 1,000-ზე მეტი ინვესტორი და 2,300-ზე მეტი სტარტაპია წარმოდგენილი. სამიტის მსვლელობისას, სტარტაპებს 70,000-ზე მეტი დამსწრის წინაშე „სფიჩით“ წარდგენის, მათი კომპანიის ინვესტორებისთვის გაცნობისა და სხვა მონაწილეებთან შეჯიბრის საშუალება მიეცემათ. WEB SUMMIT-ზე ჩვენი მთავარი მიზანიც „აუთფლეისთვის“ ინვესტორების მოძიებაა.
„სფიჩზე“ ჯერ კიდევ ვმუშაობთ. კონფერენციის ჟიურის წევრები, რომელთანაც ჩვენი პროდუქტის წარდგენა გვიწევს, დაკომპლექტებულები იქნებიან ინვესტორებით. მაქსიმალურად ვეცდებით, თავი მოვაწონოთ ინვესტორებს და მათი დაინტერესება მოვახერხოთ.
რა კრიტერიუმებით ხდება სამიტის მონაწილეების არჩევა და როგორ თვლით, რამ განაპირობა თქვენი მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში?
პირველ რიგში, საწყის ეტაპზე ხდება მოთხოვნის გაგზავნა, რომელსაც არჩევის შემდგომ მოსდევს რიგი შეხვედრები, რომელთა წარმატებით გადალახვაც საჭიროა სტარტაპის კონფერენციაზე დასაშვებად. ძირითადი სტანდარტი, რომლითაც სტარტაპი ფასდება, ინოვაციურობაა, ასევე ყურადღება ექცევა პროდუქტის ბაზრის მოცულობას და იმ ფაქტს, თუ რამდენად მარტივად შეუძლია პროდუქტს კონკრეტული პრობლემის გადაჭრა. ვთვლით, რომ კონფერენციაზე ჩვენი მონაწილეობაც სწორედ „აუთფლეის“ ინოვაციურობამ და პრობლემის მარტივად გადაჭრის ხერხმა განაპირობა.
თქვენი აზრით, რას ნიშნავს საქართველოსთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა?
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და დიდად არც სტარტაპების სიუხვით გამოირჩევა, ვფიქრობთ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს ცნობადობის ზრდასაც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში დღეს ნამდვილად არ გვაქვს ბევრი და ხარისხიანი ტექნოლოგიური სტარტაპი და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წარმატება და „აუთფლეის“ საერთაშორისო მასშტაბით გამოჩენა ერთგვარი სტიმულატორი იქნება ტექნოლოგიური სფეროს სხვა დამწყები სტარტაპერებისთვის რათა არ გაჩერდნენ, განაგრძონ მათი პროდუქტის დახვეწა და სასურველ მიზნებამდე მივიდნენ.
ბოლოსკენ „აუთფლეის“ სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ…როგორ შეუწყობს სამიტში მონაწილეობა ხელს თქვენი მიზნების მიღწევას?
უახლოეს მომავალში, ჩვენი სტარტაპის მთავარი მიზანი კონფერენციაზე წარმატებით წარდგენა, ინვესტორების დაინტერესება და მოძიებაა, რომლებიც შემდგომში უკვე „აუთფლეის“ პოპულარიზაციაშიც დაგვეხმარებიან. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, წლის ბოლომდე პლატფორმაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და განვითარებას ვგეგმავთ. შეიქმნება „აუთფლეი ბიზნესიც“, სადაც კომპანიების რეკლამების გაშვება იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე განთავსებული რეკლამა, მასში ინტეგრირებული ალგორითმით, ზუსტ სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწევს.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მთავარი თემა ლოკალურ მასშტაბებს გაცდენა და ჩვენი სერვისის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანაა. ამ მიმართულებით, საწყის ეტაპზე „აუთფლეის“ ევროპაში გაშვება იგეგმება.