ქართული სტარტაპი Theneo ჯილდო Golden Kitty Awards 2022-ის ფინალშია

ქართული სტარტაპი Theneo ჯილდო Golden Kitty Awards 2022-ის ფინალშია

ანა რობაქიძის მიერ დაფუძნებული სტარტაპი Theneo ამერიკული პლატფორმა ProductHunt-ის ჯილდო Golden Kitty Awards 2022-ის ფინალშია. ამის შესახებ ინფორმაცია სტარტაპის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც რობაქიძე წერს, მისი გუნდისთვის ამ ჯილდოს მოგება ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ქართული Theneo ფინალში ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გავიდა, სადაც მასთან ერთად არაერთი წარმატებული პროდუქტი, მათ შორის ChatGPT-ია წარმოდგენილი.

იმისათვის, რომ Theneo AI-კატეგორიის გამარჯვებული გახდეს, მან სხვა პროდუქტებზე მეტი ხმა უნდა დააგროვოს. ქართული სტარტაპისთვის ხმის მიცემა კი მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.

AI-კატეგორიის ქვემოთ მითითებული პროდუქტებიდან ვეძებთ Theneo-ს, სტარტაპის დასახელებისა და აღწერის გასწვრივ ვნიშნავთ ზემოთ მიმართულ ისარს, ამის შემდეგ კი ჩამონათვალის ბოლოს ვაწვებით „Next category“-ს იქამდე, ვიდრე „Finish“ არ გამოჩნდება. მხოლოდ „Finish“-ის მონიშვნის შემდეგ დასრულდება ხმის მიცემის პროცედურა, რის შესახებაც პლატფორმა შეგვატყობინებს. ხმის მიცემა 20 იანვრამდეა შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 24 იანვარს გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და არაერთი კომპანიისა და სტარტაპის წარმომადგენელი დაესწრო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია. Theneo-ს დამფუძნებელი, ანა რობაქიძე 2018 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია ტექნოლოგიების კატეგორიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *