ქართული ტექნოლოგიური კომპანიის წარმატება მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე

ქართული ტექნოლოგიური კომპანიის წარმატება მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე

საერთაშორისო ბიზნესის დინამიკურ სამყაროში მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა მნიშვნელოვანი ასპექტი და კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. მათ კი, ვისაც ამის გაკეთება ხარისხიანად სურთ, სერვისებს ერთ-ერთი ქართული ტექნოლოგიური კომპანია HawX-იც სთავაზობს.

HawX-მა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და სრულად საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირდა, წარმატებას მალევე მიაღწია. დღეს ის უკვე მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი ისტორია სხვა დამწყები სტარტაპებისთვისაც შთამაგონებელი შეიძლება იყოს.

კომპანიის მიერ განვლილი გზის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Forbes Georgia ესაუბრა კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ცუცქირიძეს, რომელიც ამავდროულად SPRIBE-ის კომერციული დირექტორიცაა. საუბარი შეეხო iGaming-ის ინდუსტრიასა და ახალ ინოვაციურ საგანმანათლებლო პლატფორმა Eruditu-ს, რომელიც მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას იძლევა.

HawX 2020 წელს დაარსდა. რამ განაპირობა მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) ინდუსტრიით დაინტერესება? როგორია კომპანიის დაფუძნების ისტორია?

მეოთხე წელია, HawX-ი საერთაშორისო ბაზარზე აქტიურადაა წარმოდგენილი და ვფიქრობ, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც წარმატება განაპირობა, არის ის, რომ კომპანია პროფესიონალებმა შევქმენით და ბაზარზე არსებული მოთხოვნები გავითვალისწინეთ. გარდა ამისა, ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში სწავლისას საკმაოდ მნიშვნელოვანი სანაცნობო წრე ჩამომიყალიბდა, რაც ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

ამ ყველაფერს დაემატა კარიერის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ჩემი და ჩემი პარტნიორების დაუღალავი შრომისა და კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვის შედეგად, დღეს მოთხოვნის შესაბამის შედეგებს ვდებთ და მომხმარებლების ინტერესებზეც ვზრუნავთ.

რა პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება HawX?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესების დაცვა და იმ შედეგების გაუმჯობესება, რისთვისაც მოგვმართავენ ხოლმე. კომპანიის სერვისები მოიცავს ყველაფერს, რასაც მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია, მისი შენარჩუნება და კმაყოფილება მოითხოვს, შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას სწორედ ეს წარმოადგენს.

კომპანია მუდმივად ვითარდება. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ საერთაშორისო კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, დღეს კი საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი სახელისა და რეპუტაციის შესახებ თითქმის ყველამ იცის.

რა ფაქტორებმა განაპირობა კომპანიის სწრაფი საერთაშორისო გაფართოება ასე მცირე პერიოდში?

ნებისმიერი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან. საკვანძო პოზიციებზე გვყავს ექსპერტები, რომლებსაც საკუთარ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, თუმცა გუნდში ახალგაზრდა, დამწყები კადრებიც არიან, მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდებიან.

შეიძლება ითქვას, რომ ინოვატორი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები შემოვიკრიბეთ. ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ მომხმარებლები ჩვენთან მუდმივად თანამშრომლობენ და არ გვაქვს მოკლევადიანი ან შეწყვეტილი კონტრაქტები.

რა იყო მთავარი გამოწვევები, რომლებსაც ამ გზის გავლისას წააწყდით?

ცხადია, დასაწყისში ყველაზე რთული საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია, გიცნობდნენ, იცოდნენ შენი გამოცდილების შესახებ და გენდობოდნენ. კომპანიამ უნდა განდოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ფინანსურ მაჩვენებლებთან. საბედნიეროდ, უკვე გვქონდა წარმატებული შემთხვევები, რაც ამ საკითხის მარტივად გადაჭრაში დაგვეხმარა.

რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი კომპანიის სერვისებით სარგებლობა დღეს?

ჩვენი კომპანია 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და ემსახურება მსოფლიოს უძლიერეს კომპანიებს, რაც უდავოდ წარმატებული შედეგია. კომპანიის პოპულარობა სერვისების მაღალ ხარისხს შეგვიძლია მივაწეროთ.

რა ძირითად სერვისებს აწვდით მომხმარებლებს?

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს 7 ძირითად სერვისს, რომლებიც ონლაინბიზნესის ეფექტიან ზრდასა და სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, მათ შორისაა დეველოპმენტი, CRM-ი, ფინანსური და სხვა ტიპის მენეჯმენტი ბიზნესებისთვის. მომხმარებლებმა იციან, რომ ჩვენთან თანამშრომლობით მათი კომპანიების ძირითადი ფინანსური ინდიკატორები გარანტირებულად გაიზრდება.

ოპერირებს თუ არა კომპანია საქართველოში?

საქართველოში ელექტრონული ვაჭრობის მიმართულების განვითარება ბოლო ათ წელში დაიწყო. ეს ჩვენთვის შედარებით სიახლეა, ამიტომ ყურადღებას საერთაშორისო ბაზარზე ვამახვილებთ. გლობალურ ბაზარზე მუშაობას სწრაფად განვითარებისა და ზრდის მეტი შესაძლებლობები აქვს.

ამასთან, ჩვენთვის მსოფლიო ბაზარზე მუშაობა უფრო საინტერესოცაა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რესურსები სხვა მიმართულებით მიგვემართა.

როგორია გეგმები სამომავლოდ? ხომ არ გეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას ან სერვისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას?

რა თქმა უნდა, ვგეგმავთ უფრო ფართო არეალის დაფარვას და რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მოცვას. ვაპირებთ კომპანიის გაფართოებასაც, ოფისების დამატებას და მეტი ადამიანის დასაქმებას კომპანიაში.

ახალი სტარტაპიც გაქვთ, სახელწოდებით Eruditu. რა არის ამ სტარტაპის იდეა და მიზანი?

Eruditu განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პლატფორმაა ინოვაციური მეთოდებით და ის ცოდნის გამავრცელებელსა და მიმღებს ერთმანეთთან აკავშირებს.

Eruditu-ს მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები სახლიდან გაუსვლელად და რაც მთავარია, ნებისმიერ დროსა და ადგილას ისწავლოს. გვინდოდა, შეგვექმნა რაც შეიძლება მოსახერხებელი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ყველას ექნებოდა სწავლის შესაძლებლობა კოლოსალური დანახარჯების გარეშე.

HawX-ის გარდა, SPRIBE-ის კომერციული დირექტორიც ხართ. განვითარების რა ეტაპზეა კომპანია?

SPRIBE-ი 2018 წელს დაარსდა და iGaming-ის ინდუსტრიის შეცვლა Crash/Arcade-თამაშების დანერგვით მოახერხა. კომპანია iGaming-ის ინოვაციურ პროდუქტებსა და კაზინოს თამაშებზეა ორიენტირებული.

SPRIBE-ის ყველაზე ცნობილი და ფლაგმანი თამაში Aviator-ია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია Y და Z თაობებში. ყოველთვიური მოთამაშეების რაოდენობა უკვე 10 მილიონსაც კი აღწევს. აზარტული ონლაინთამაშების ტენდენციებს მუდმივად თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *