ამერიკული კარიერა სამი წლის წინ დაიწყო. მანამდე იყო ამერიკული განათლება. ჯერ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ბიზნესმენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი ემორის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. სწორედ ემორის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიეცა შესაძლებლობა, სტაჟირება ამერიკის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ში გაევლო. სწავლის დასრულებისთანავე კი კომპანიის სრულფასოვანი თანამშრომელიც გახდა. ამჯერად კიდევ ერთ წარმატებულ ქართველზე, 30 წლის იოსებ სალაყაიაზე ვსაუბრობთ. იოსები საქართველოდან წასვლამდე ღვინის კომპანია „ბადაგონში“ 25-კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა და კომპანიის გაყიდვების ზრდაზე მუშაობდა. ახლა კი ის AT&T-ში მომსახურების სტრატეგიის განვითარების მენეჯერია. მასთან მანძილის სიშორის გამო, ინტერვიუ, რა თქმა უნდა, დისტანციურად ჩავწერეთ:
როგორც თქვენი LinkedIn-ის პროფილიდან ჩანს, AT&T-ში რამდენიმე პოზიცია შეიცვალეთ, რა გამოცდილება მიიღეთ 2018 წლიდან დღემდე ამ კომპანიაში?
ამ კომპანიაში სულ რამდენიმე დღეში მისრულდება მუშაობის სამი წელი და უკვე მართლაც ბევრ პოზიციაზე მოვასწარი გამოცდილების მიღება. თავიდან AT&T-ს შევუერთდი, როგორც “ლიდერების განვითარების პროგრამის” მონაწილე, რომელიც დაახლოებით 2-წლიანი სპეციალური პროგრამაა და მიზნად ახალი ლიდერების აღმოჩენას, განვითარებას და მათთვის გზის გახსნას ისახავს. შედეგად, სამ სხვადასხვა პოზიციაზე მომიწია საკუთარი თავის გამოცდა. თავდაპირველად ვხელმძღვანელობდი ტექნიკოსების 10-კაციან ჯგუფს, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, ინტერნეტმომსახურებას სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციას უწევდა. ამის შემდეგ ერთ-ერთი პროდუქტის განვითარების მენეჯერი ვიყავი გუნდში, რომელმაც ლათინური ამერიკის რვა ქვეყნისთვის ინოვაციური სტრიმინგსერვისი შექმნა, რომელიც ონლაინტელევიზიასა და სხვადასხვა სახის კონტენტის მსხვილ კატალოგს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში ჩემი ბოლო პოზიცია კი იყო სამართლებრივი ნორმებისა და რისკების ანალიტიკოსის რანგში, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის და სარეკლამო ონლაინტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობა.
რაც შეეხება ამჟამინდელ პოზიციას, რა შედის თქვენს მოვალეობებში?
პროგრამის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვის წინ, შევუერთდი გუნდს, რომელიც მომხმარებლების მომსახურების სტრატეგიის შემუშავებასა და განვითარებაზე მუშაობს. შესაბამისად, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვხელმძღვანელობ სწორედ ამ მიმართულებით.
მომხმარებლების მომსახურების კუთხით საქართველოში ბევრი კომპანია ხვეწს და აუმჯობესებს სერვისებს. ამ მხრივ თქვენი დაკვირვებები როგორია როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს შემთხვევაში?
ამერიკაში არახალია, რომ მომხმარებლების მომსახურება უმთავრეს ადგილს იკავებს ნებისმიერი ბიზნესის ოპერაციებში, ისტორიულ მონაცემთა ანალიზთან ერთად. საქართველომ კი, ჩემი აზრით, ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. შედეგად, დღეს უკვე უამრავი წარმატებული ბიზნესი გვხვდება სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან ამ კომპონენტით. მაგალითად, ჩვენი საბანკო სერვისების მომსახურება ნამდვილად კონკურენტუნარიანია ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებასთან.
საინტერესოა, რა არის მომხმარებელთა მოთხოვნა ამერიკაში? რა გამოწვევები აქვს AT&T-ის?
ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში, მომხმარებელი ელის პირველ რიგში ხარისხიან პროდუქტს – სწრაფი ინტერნეტკავშირით და საიმედო დაფარვის ზონით. მოცემულ მომენტში, უდიდესი გამოწვევა 5G ტექნოლოგიის ათვისება და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაფარვაა ჩვენს სფეროში.
როგორი კორპორაციული კულტურაა AT&T-ში?
AT&T ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია ამ მხრივ აშშ-ში და მოწინავეთა შორისაა ბევრი ცნობილი გამოცემის თუ შეფასებების მიხედვით.
მსოფლიოში სიდიდით ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში თავის დამკვიდრება და ასეთ მსხვილ კომპანიაში მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ იქნება. რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?
რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი სირთულე ახლავს თან. დიდია სხვაობა კულტურულ, სოციალურ და პროფესიონალურ ასპექტებში. ამით განსხვავებას ვუსვამ ხაზს და არა იმას, რომ ჩვენ რაღაცას აუცილებლად უარესად ვაკეთებთ საქართველოში. თუმცა სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა შეძლო თავის დამკვიდრება ამერიკის წამყვან კომპანიებში და რომ არა სავიზო სირთულეები, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი წარმატებული მაგალითიც გვექნებოდა.
თქვენ რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ იმისათვის, რომ ამჟამინდელი პოზიციისთვის მიგეღწიათ?
ასეთ კომპანიაში მოხვედრა მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, თუ კონკურენტუნარიანი ხარ პოტენციურ კანდიდატთა შორის. მოგეხსენებათ, კონკურენცია ნამდვილად დიდია. ამ ყველაფრის მიღწევაში, რა თქმა უნდა, წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესსკოლები მნიშვნელოვნად გეხმარება, თუმცა ამასაც თავისი ფინანსური თუ სხვა სირთულეები ახლავს თან. მთავარი სირთულე კი უცხოელი სტუდენტებისთვის მაინც სამუშაო ვიზა და საემიგრაციო ფორმალობებია, რაც, თავის მხრივ, დიდ ძალისხმევას და ფინანსებს მოითხოვს.
მანამ, ვიდრე ამერიკაში წახვიდოდით, საქართველოში თქვენ სხვა სფეროში მუშაობდით, კერძოდ, ღვინის კომპანიაში, თუმცა სამუშაო სფერო რადიკალურად შეცვალეთ. რა გეგმები გაქვთ? და უკავშირდება თუ არა თქვენი გეგმები ისევ საქართველოს?
ღვინის სფერო იყო და რჩება ჩემთვის ძალიან საამაყო გამოცდილებად, განსაკუთრებით კი როცა საქმე ეხება ქართულ ღვინოს. ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ამ პერიოდს. რაც შეეხება მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი გეგმები AT&T-ს უკავშირდება, საქართველოში დაბრუნებას ან რაიმე სხვა ფორმით აქტივობას და დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას არასდროს გამოვრიცხავ და პირიქით, ყოველთვის მივესალმები.