საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, SEU აშშ-ში მდებარე, მსოფლიოს წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) პარტნიორობას აღრმავებს. თანამშრომლობის ფარგლებში, SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები MIT-ის 3-კვირიან ანტრეპრენიორობის პროგრამაში იღებენ მონაწილეობას. მათთან ერთად მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტუმრობს აკადემიური პერსონალის დელეგაცია, რომელიც ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობს და ერთობლივი საგანმანათლებლო და სტარტაპ-აქსელერაციის ინიციატივების განვითარებაზე მუშაობს.
MIT-ის ანტრეპრენიორობის პროგრამის ფარგლებში, SEU-ს სტუდენტები უკვე აქტიურად ესწრებიან ინტენსიურ ტრენინგებს, მუშაობენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორებთან და წამყვან მენტორებთან ერთად, ეცნობიან ინოვაციების გლობალურ ცენტრსა და მსოფლიო დონის სტარტაპ-ეკოსისტემას.
„ეს არის რეგიონიდან პირველი თაობა, რომელიც SEU-ს მიერ სრულად დაფინანსებულ, MIT-ის 3-კვირიან ანტრეპრენიორობის პროგრამაში მონაწილეობს. ამით მათ საშუალება ეძლევათ, მიიღონ უნიკალური აკადემიური და პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაამყარონ ახალი კონტაქტები და ჩამოუყალიბდეთ ხედვა გლობალური წარმატების გზაზე“, – აღნიშნავენ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შორის არიან: ნიკოლოზ გაგაძე, ზაალ ჭუმბურიძე, მედეა მერაბიშვილი, ლიკა უთურაშვილი და გიორგი ცაგურიშვილი. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სჯერათ, რომ ისინი საკუთარი ქვეყნისა და SEU-ს სახელს მსოფლიო ინოვაციების რუკაზე წარმატებით წარმოაჩენენ.
უკვე MIT-შია SEU-ს აკადემიური პერსონალის მეორე ნაკადიც, რომელიც ამერიკული უნივერსიტეტის GLEEN-ის (Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network) დამფუძნებლებთან ერთად, მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან, ქსელის გაძლიერებაზე მუშაობს.
ვიზიტის ფარგლებში, SEU-ს დელეგაცია შეხვდა Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველ დირექტორს, SEU-ს საპატიო დოქტორს ბილ ოლეტს, რომელთან ერთადაც, MIT-ის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტარტაპ-აქსელერაციის ინიციატივების განვითარება განიხილეს.
„აღსანიშნავია, რომ SEU-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე უკვე წარმატებით არის დანერგილი MIT-ის მეთოდოლოგიით სწავლება, ასევე უწყვეტად მიმდინარეობს MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამები. მიმდინარე თანამშრომლობა ახალ მასშტაბს იძენს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სისტემურ გაძლიერებასა და უნივერსიტეტის სხვა აკადემიურ მიმართულებებში საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებას“, – აცხადებენ SEU-ში.
ვიზიტის ფარგლებში, SEU-ს ლექტორები ეცნობიან ანტრეპრენიორულ ჩარჩოებსა და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას, იღებენ ინფორმაციას MIT-ის სტარტაპ-აქსელერატორების, სამეწარმეო პროგრამებისა და ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც სტარტაპ-იდეების განვითარებას უწყობს ხელს. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ბოსტონის ინოვაციურ ეკოსისტემას, შეხვდნენ ადგილობრივ სტარტაპერებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც რეგიონული სტარტაპ-გარემოს მოდელირებისთვის მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მალე, კიდევ ერთი MIT-ში დატრენინგებული ლექტორების და სტუდენტების გუნდი დაუბრუნდება, რომელიც პირველ ნაკადთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, ცოდნის გაზიარებასა და საგანმანათლებლო სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერებას SEU-ში“ – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.
S








