ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ევროპისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების დაწყებასა და ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმებას მხარეებმა მიაღწიეს შეხვედრაზე, რომელზეც ცენტრალური აზიიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით განიხილებოდა.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმუშავებს ენერგიის მიმოცვლაში თანამშრომლობის პირობების განსაზღვრაზე და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მწვანე წყალბადის, მწვანე ამიაკის წარმოებასა და ექსპორტზე, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – წერია განცხადებაში.
ენერგეტიკის მინისტრების შემდეგი შეხვედრა ტაშკენტშია დანიშნული.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხების შემდეგ, ასევე 2050 წლისთვის კარბონნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნით, ევროპაში განახლებად ენერგიას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
Ember-ის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი განახლებადი წყაროებისგან მიიღეს და არა გაზისგან, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
კერძოდ, მზისა და ქარის ელექტროსადგურებით ელექტროენერგიის 22% გამომუშავდა, გაზის სადგურებით – 20%, ხოლო ქვანახშირის სადგურებით – 16%.