ყაზახეთმა, ასტანაში მდებარე Alem.cloud-ის ცენტრში, ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი წარადგინა. ყაზახეთის მიერ შემუშავებული სუპერკომპიუტერი, Astana, ქვეყნის მთავრობის ორ ძირითად პრიორიტეტს ემსახურება: ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარებას და ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის ლოკალური ელექტრონული სამთავრობო სერვისების უზრუნველყოფას.
ასტანაში სუპერკომპიუტერის გაშვების ღონისძიებას პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უძღვებოდა. ტოკაევი, რომელიც სუპერკომპიუტერის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, ასევე 2029 წლამდე, ყაზახეთში ხელოვნური ინტელექტის განვითარების კონცეფციის ინიციატორიცაა. პრეზიდენტ ტოკაევის განცხადებით, სუპერკომპიუტერის გაშვება ეკონომიკისა და მეცნიერების ძირითადი სფეროების დიგიტალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სუპერკომპიუტერი, რომლის პრეზენტაციაც ასტანაში, Alem.cloud-ის ცენტრში შედგა, დაახლოებით 2 ეგზაფლოპსის სიჩქარეს ავითარებს, რაც წამში ორ კვინტილიონ (10^18) მცოცავწერტილიან ოპერაციას (FLOPS) უდრის. FLOPS-ი (Floating-point operations per second) კომპიუტერის გამოთვლითი სიმძლავრის მეტრიკაა, რომელიც წამში გადამუშავებული მცოცავწერტილიანი რიცხვების რაოდენობის დასადგენად გამოიყენება.
სუპერკომპიუტერი მესამე დონის მონაცემთა ცენტრშია განთავსებული, სადაც ყაზახ ექსპერტებს მასზე დაკვირვების, მისი შესწავლის, ხარვეზების გამოსწორებისა და კიბერსაფრთხეებისგან დაცვის შესაძლებლობა ექნებათ. გახსნის ცერემონიაზე ყაზახური ენის AI-მოდელი, AlemLLM-იც წარადგინეს, ასევე ტყის ხანძრების ადრეული გამოვლენის სისტემა და AI-ის გამოყენების გადაწყვეტები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და მშენებლობა.
თუმცა, ყაზახი ექსპერტების შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი AlemLLM-ია, რომელიც ყაზახური ენის დაცვას ემსახურება. ექსპერტების შეშფოთებით, არადასავლური ენების ნაწილი, მათ შორის ყაზახური, შესაძლოა გაქრეს, თუ მათი AI-სისტემებში ინტეგრირება არ მოხდება.
ცნობისთვის, ყაზახეთმა ელექტრონული მმართველობის სტრატეგია 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ საჯარო სერვისების 92 პროცენტი გააციფრულა, თუმცა მთავრობის სტრატეგიის ცენტრალური აქცენტი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეა. ამისათვის, 2024 წელს ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონპროექტი დამტკიცდა და ხელოვნური ინტელექტის კომიტეტი შეიქმნა.