ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირების ჩხრეკისას კიდევ $4.2 მილიონი ამოიღეს - პროკურატურა

ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირების ჩხრეკისას კიდევ $4.2 მილიონი ამოიღეს - პროკურატურა

17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, ასევე მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს – სულ 24 საცხოვრებელი – რა დროსაც 7 002 200 აშშ დოლარი, 136 000 ლარი, ძვირფასი ნივთები და ტექნიკა ამოიღეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით 11 ობიექტის ჩხრეკა ჩატარდა და კიდევ 4.2 მილიონი აშშ დოლარია ამოღებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან – გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენ მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, კობა ხუნდაძისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.