სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს – სულ 24 საცხოვრებელი.
სუს-ის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
„ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება,“ – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკების შესახებ ინფორმაცია გუშინ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ გაავრცელა.