ყველაფერი ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის სამიტის შესახებ | COP29

ყველაფერი ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის სამიტის შესახებ | COP29

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაეროს კლიმატის ყოველწლიური სამიტი, COP29 მიმდინარეობს. კონფერენცია 11 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამიტის განმავლობაში, წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

წლევანდელი სამიტისთვის მასპინძელ ქვეყნად აზერბაიჯანის შერჩევას კრიტიკა მოჰყვა გარემოსდამცველი აქტივისტებისგან. უკმაყოფილება აზერბაიჯანის ეკონომიკის წიაღისეულ საწვავზე ძლიერმა დამოკიდებულებამ დაიმსახურა. ამ ფაქტს შეეხო შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც, რომელმაც მისი ერთ-ერთი ბოლო გამოსვლისას COP29-ს „გრინვოშინგის კონფერენცია“ უწოდა.

გაეროს კლიმატის სამიტი 1995 წლიდან იმართება. COP კონვენციის მხარეთა კონფერენციის აბრევიატურაა, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოს კონვენციას (UNFCCC) ეხმიანება. UNFCCC ძალაში 1994 წელს შევიდა და ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების საფუძველი გახდა, როგორიცაა პარიზის კლიმატის შეთანხმება (2015) – პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, საშუალო ტემპერატურული ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნების ვალდებულება.

ბაქოში COP29-ზე დასასწრებად 32,000-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის კონვენციის რატიფიცირების ხელმომწერი 198-ვე ქვეყნის წარმომადგენელი. 2021 წელს ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, პირველად, გაეროს სამიტს დაესწრება თალიბანიც. დამსწრეთა შორის არიან ჟურნალისტები, კლიმატოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და ა.შ.

ბაქოში მიმდინარე კლიმატის სამიტზე საქართველოდან წარდგენილ დელეგაციაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. მათთან ერთად ბაქოში იმყოფება საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც კონფერენციის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა.

პრემიერმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – Energy: Advancing Climate Mitigation Action. სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელების მნიშვნელობაზე და ქვეყნის განახლებადი ენერგიის სტრატეგიაზე.

მიმდინარე წლის სამიტზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ დელეგაცია 20-ზე მეტი დეპარტამენტის, სააგენტოსა და ორგანიზაციის ოფიციალურ პირებთან ერთად გაგზავნა. აშშ-ის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში, მაგრამ ვერ შეძლებს მკაფიო ფინანსური ვალდებულებების აღებას, რადგან იანვრიდან, ბაიდენს თეთრ სახლში ახლახან არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შეცვლის.

COP29-ის ერთ-ერთი მთავარი თემა დაბალი შემოსავლის ქვეყნების მხარდასაჭერად – სათბური ემისიების შემცირების მიმართულებით – დაფინანსების გაზრდა იქნება. გაეროს მიერ დამტკიცებული ანგარიშით, განვითარებად ქვეყნებს (ჩინეთის გამოკლებით) გლობალური დათბობის შესაჩერებლად, 2030 წლამდე ყოველწლიურად $2 ტრილიონის ინვესტიცია სჭირდება.

გაერთიანებული სამეფოსა და ეგვიპტის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ თანხიდან ტრილიონი დოლარი მდიდარი ქვეყნების, ინვესტორებისა და ბანკების მიერ უნდა დაფინანსდეს. დარჩენილი ნაწილი კი ქვეყნებში კერძო და საჯარო წყაროებიდან უნდა წარმოიქმნას.

ღარიბი სახელმწიფოები ახალი მიზნის დასახვას და ყოველწლიურად მინიმუმ $1 ტრილიონის დაფინანსებას ითხოვენ. ამჟამინდელი დონორები ფონდში მონაწილეობისკენ ჩინეთს – სათბური აირებით ყველაზე მეტად დამბინძურებელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს – წიაღისეული საწვავის მთავარ მომპოვებელს – მოუწოდებენ.

მთავარი შეთანხმება, რომელიც დუბაიში, COP28-ზე შედგა, არაბთა გაერთიანებულ საამიროების მიერ „წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევას“ შეეხებოდა. ეს შეთანხმება COP-ის პირველი ტექსტი იყო, რომელიც სახელმწიფოს წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებისკენ ღიად მოუწოდებდა.

აპრილში, COP28-ზე დასახული მიზნების გასაზომად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) ტრეკერი შექმნა. ამ ეტაპზე, გაეროს კლიმატის სამიტის ფარგლებში, ქვეყნებს რამდენიმე ძირითადი გეგმა აქვთ დასახული. მათ შორისაა 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა, 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის გლობალური გამომუშავების გასამმაგება და ენერგოეფექტიანობის გაორმაგება.

წლევანდელი სამიტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის კოპერნიკის სახელობის ოფისმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წლევანდელი წელი ყველაზე ცხელი იქნება ისტორიაში. გარდა ამისა, ბოლო წლის განმავლობაში, მსოფლიომ გლობალური საშუალო ტემპერატურის 1.5-გრადუსიან ზღვარსაც რამდენჯერმე გადააჭარბა, თუმცა ეს მაჩვენებელი დიდხანს არ შენარჩუნებულა. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეს უკვე 1.3 გრადუსი ცელსიუსით აღემატება.

ამ საკითხს სამიტის გახსნის დღესვე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. სიტყვით გამოსვლისას, გუტიერეშმა მსოფლიოს დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „საფასურს კაცობრიობა გადაიხდის“.

სიტუაციას ამწვავებს გეოპოლიტიკური მდგომარეობაც, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ სამიტის მასპინძლობა. ეკოაქტივისტთა აზრით, კონფერენციის მიმდინარეობისას, შესაძლებელია, წიაღისეული საწვავის საკითხზე ფოკუსირება რთული იყოს, რადგან ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის ეკონომიკის დაახლოებით ნახევარს და მისი ექსპორტის 90%-ს შეადგენს.

ამ ვარაუდს ამყარებს სამიტის პირველივე დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განცხადებაც. ალიევი დასავლელ კრიტიკოსებს გამოეხმაურა და ქვეყნის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესახებ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი „კარგად ორგანიზებული ცილისწამებისა და შანტაჟის კამპანიის მსხვერპლია“.

სამომავლო გეგმებში აქტიურად განიხილება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გავლენაც. საქმე იმაშია, რომ დონალდ ტრამპმა აშშ პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა და გლობალური პაქტიდან ქვეყნის გაყვანის პირობაც დადო. ტრამპი კლიმატური კრიზისის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებითაც გამოირჩევა და გლობალური დათბობის რეალურობასაც კი ეჭვქვეშ აყენებს. საკითხს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ აშშ ჩინეთის შემდეგ, სათბური აირებით მეორე უდიდესი დამბინძურებელია.

აღსანიშნავია, რომ გაეროს წლევანდელი სამიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული აქტივისტი ბანერებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა და ქვეყნებს გენოციდის დაფინანსების შეჩერებისკენ მოუწოდა.