ევროკავშირის 400 მილიონამდე მოქალაქე, მომდევნო თვეში, ევროპარლამენტის წევრებს ანუ ევროპარლამენტარებს აირჩევს. ევროპარლამენტში არჩევნები 6-დან 9 ივნისის ჩათვლითაა დანიშნული. ძალაუფლების მოპოვებისთვის აქტიურად იბრძვიან ულტრამემარჯვენე პარტიები – ცხოვრების ხარჯების ზრდისა და ფერმერებში მზარდი უკმაყოფილების საკითხებზე აპელირებით. ამას ემატება ომი ღაზასა და უკრაინაში.
ევროკავშირის არჩევნები ბლოკის 27 წევს ქვეყანაში ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი არჩევნები 1979 წლის პირველი კენჭისყრის შემდეგ რიგით მე-10, ხოლო „ბრექსიტის“ შემდეგ პირველია. პირველადი შედეგები სავარაუდოდ 9 ივნისის საღამოსვე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები ყველა წევრ სახელმწიფოში დაიხურება. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, მოახერხებს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტად დარჩენას.
ხმის მიცემა ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყება და დასრულდება კვირას, დღეს, როდესაც წევრი ქვეყნების უმეტეს ნაწილში გაიმართება არჩევნები. თითოეული ქვეყნისთვის, არჩეული წევრების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 6 წევრის არჩევის უფლება აქვთ მალტაში, ლუქსემბურგსა და კვიპროსში, მაშინ როდესაც ეს რიცხვი გერმანიისთვის 96-მდე იზრდება.
2019 წელს ევროპელებმა ჯამში 751 დეპუტატი აირჩიეს. გაერთიანებული სამეფოს ბლოკიდან გასვლის შემდეგ, ევროპარლამენტარების რაოდენობა 705-მდე შემცირდა. ბრიტანელი ევროპარლამენტარების 73 ადგილიდან ნაწილი სხვა წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილდა. არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტს ეყოლება 15 დამატებითი წევრი, შესაბამისად, წევრთა რაოდენობა 720-ს მიაღწევს. ევროპარლამენტარების დამატებით რაოდენობას ბლოკის 12 სახელმწიფო მიიღებს.
ჩვეულებრივ, არჩევნებში ეროვნული პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მათი უმეტესობა ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ ჯგუფებში ერთიანდება.
ხმის მიცემის უფლება აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს, უმეტეს შემთხვევაში, 18 წლის ასაკს ზემოთ. თუმცა გერმანიაში არჩევნებში მონაწილეობის ასაკობრივი შეზღუდვა 16 წლამდე შემცირდა, ისევე როგორც ბელგიაში, მალტასა და ავსტრიაში. საბერძნეთში კენჭისყრისთვის მოქალაქე მინიმუმ 17 წლის უნდა იყოს.
როგორც წესი, ევროკავშირის არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, თუმცა 2019 წლის არჩევნებზე საზოგადოების ინტერესი შესამჩნევად იყო გაზრდილი. 50.7%-იანი აქტივობით, გასულ არჩევნებზე მონაცემები, 2014 წელთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. წლევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი ამომრჩეველთა 71%-მა გამოთქვა.
ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნები რამდენიმე ძირითად საკითხზეა ორიენტირებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კამპანიის მთავარ თემებს შორის უსაფრთხოება და თავდაცვა წინა პლანზე წამოწია. ამას ემატება ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და სოციალური გარიყულობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და ევროპის მომავალი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც პირდაპირი კენჭისყრის გზით, მოქალაქეები ირჩევენ. ევროპარლამენტი, ევროსაბჭოსთან ერთად, ამტკიცებს კანონებს, რომელთაც მათ ევროკომისია წარუდგენს. ევროპარლამენტის კომპეტენციის სპექტრი მოიცავს საბანკო საკითხებს, სოფლის მეურნეობას, კლიმატის ცვლილებას, უსაფრთხოების თემებს და ა.შ. ევროპარლამენტი და ევროსაბჭო ამტკიცებენ ევროკავშირის წლიურ ბიუჯეტსაც.
ევროპარლამენტის კანონმდებლები ამტკიცებენ ევროკავშირის კომისრების კანდიდატურებს. ასევე, ხმების ორი მესამედით კომისიის გადაყენების უფლებამოსილებაც აქვთ.
აპრილის ბოლოს პლენარული სესიის მდგომარეობით, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიაა“ (EPP). პარტიას ევროპარლამენტის 705 მანდატიდან, 176 უკავია. EPP-ის წევრია ფონ დერ ლაიენიც, რომელიც იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ შეძლებს ბლოკის აღმასრულებელი ორგანოს სათავეში დარჩენას. სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი მემარცხენე ცენტრისტული „ევროპის სოციალისტების პარტიაა“ (S&D) – 139 მანდატი, შემდეგ „ევროპული განახლება“ 102 მანდატით, შემდეგ მწვანეებისა და რეგიონალისტური პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ალიანსი, 72 ადგილით.
ევროპარლამენტში, მესამე და მეოთხე უდიდეს პოლიტიკურ ჯგუფებად ჩამოყალიბებისთვის იბრძვის ორი ულტრამემარჯვენე პარტია – „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და „იდენტობა და დემოკრატია“ (ID). ამ ორი ჯგუფის ერთმანეთისგან განსხვავებულობა, გაერთიანების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს, საკითხავია ისიც, შეძლებენ თუ არა, გავლენა იქონიონ ევროკავშირის დღის წესრიგზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის თემაზეც.
დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგაც ევროპარლამენტში S&D-ი და EPP-ი სტაბილურობას შეინარჩუნებენ. გასულ არჩევნებზე საკმაოდ კარგი შედეგები დააფიქსირეს მწვანეებმა და ლიბერალებმაც, რაც წელსაც წარმატების მიღწევის იმედს იძლევა.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპარლამენტარები პირველივე პლენარულ სხდომაზე, რომელიც 16-19 ივლისს გაიმართება, თავიანთ პრეზიდენტს აირჩევენ. შემდეგ, სავარაუდოდ უკვე სექტემბერში, ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურასაც წარადგენენ.