19 ივნისს საინვესტიციო ბანკმა, გალტ & თაგარტმა კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ვებინარი გამართა. ონლაინ შეხვედრაზე გალტ & თაგარტის გაყიდვების ჯგუფის უფროსმა, ნიკოლოზ მაზანაშვილმა და კაპიტალის ბაზრების ასოცირებული მკვლევარმა გიორგი ცქიტიშვილმა, დამსწრეებს 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა, მიმდინარე წლის მოლოდინები და კაპიტალის ბაზრების კვლევები გააცნეს.
ამ ინტერვიუში სპიკერები გვიამბობენ, თუ რა მიგნებები წარუდგინეს ვებინარის მონაწილეებს და როგორია მიმდინარე წლის მოლოდინები კაპიტალის ბაზრების მიმართულებით.
საფონდო ბირჟების ზრდა და მაღალტექნოლოგიური კომპანიები
„საფონდო ბირჟები და აქციები სწრაფ ზრდას განაგრძობს. ეს კი განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში შეინიშნება, რაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებასთან და, შესაბამისად, კომპანიების შემოსავლების სწრაფი ზრდის პროგნოზებთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ნიკოლოზ მაზანაშვილი 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვისას.
ნიკოლოზ მაზანაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალტექნოლოგიური კომპანიების ზრდის პარალელურად, ამერიკაში მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, რაც, მისივე თქმით, ობლიგაციების შემოსავლიანობას ინვესტორებისთვის კვლავ საკმაოდ მიმზიდველს ხდის.
„ვებინარზე ვისაუბრეთ საფონდო ბირჟების იმ სეგმენტებზეც, სადაც აქციების ფასები კვლავ საკმაოდ მიმზიდველია და ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ პორტფელში დივერსიფიკაცია შეიტანონ“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მაზანაშვილი.
ვებინარზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გლობალური მასშტაბით ფინანსურ და ეკონომიკურ ტენდენციებს გასცნობოდნენ. როგორც ვებინარზე აღინიშნა, ჯამურად, საფონდო ბირჟებზე დაშვებული კომპანიების შემოსავლები და მოგება მყარად განაგრძობს ზრდას.
„სექტემბრიდან აშშ-ში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყებაც, რაც დამატებითი პოზიტიური გავლენის მქონე ფაქტორი იქნება აქციების ფასებისთვის, თუმცა. ამავდროულად, არსებობს ბევრი რისკიც (გაზრდილი მოლოდინები კორპორაციულ შედეგებთან მიმართებით, გეოპოლიტიკური რისკები, სასურველზე მაღალი ინფლაცია), რაც მიგვანიშნებს რომ შესაძლოა, კარგი დრო იყოს პორტფელში დამატებითი დივერსიფიკაციის შემოსატანად“, – ამბობს ნიკოლოზ მაზანაშვილი.
ვებინარი ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად
გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების ასოცირებული მკვლევარი, გიორგი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ვებინარის მიმართ დიდი დაინტერესება იყო და კაპიტალის ბაზრების შესახებ არაერთი საინტერესო შეკითხვა გაჟღერდა.
„ძალიან გვახარებს ვებინარის მიმართ გამოჩენილი მაღალი დაინტერესება, რადგანაც მსგავს საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით, ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრების და ინვესტირების კულტურის განვითარებას. როგორც ჩანს, ჩვენი ინვესტორების დიდი ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, რადგანაც ბევრი შეკითხვა სწორედ ხელოვნურ ინტელექტსა და ამ ინდუსტრიაში მომუშავე წამყვან კომპანიებს შეეხებოდა“, – ამბობს გიორგი ცქიტიშვილი.
ვებინარზე დრო გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის მიერ კაპიტალის ბაზრის შესახებ შექმნილი ანგარიშების განხილვასაც დაეთმო.
„ჩვენი მიზანია, ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს ქართულ ენაზე მივაწოდოთ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის შესახებ ინფორმაცია. შედეგად კი მათ ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ. ყოველკვირეული ანგარიში ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, დროულად გაეცნონ ფინანსურ ბირჟებზე მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს, დაინახონ მოვლენები უფრო დიდ სურათში და საკუთარ საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღონ“, – ამბობს გიორგი ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ვებინარზე ასევე განიხილეს ფონდების მონიტორინგის ანგარიში, რომლის დახმარებით ინვესტორებს საინვესტიციო სფეროში ყველაზე დიდი და წარმატებული ფონდების პორტფელები შესწავლის შესაძლებლობა აქვთ.
გალტ & თაგარტი, როგორც Euromoney-ის მიხედვით 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში, აქტიურად არის ჩართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კვლევითი, საბროკერო, საინვესტიციო და სხვა მიმართულებით. იგი რეგულარულად ქმნის ანგარიშებსა და კვლევებს, ასევე ახორციელებს შეხვედრებს საფონდო ბირჟებზე ინვესტირებით დაინტერესებული პირებისთვის.
გაიგეთ მეტი გალტ & თაგარტის საქმიანობაზე ვებსაიტიდან www.galtandtaggart.com
S