კლინიკა „კანი“ ქართულ ბაზარზე 11 წლის წინ გამოჩნდა და დერმატოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას შეუდგა. ორი ექიმით დაწყებული ბიზნესი დღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ოთხ ფილიალსა და 150-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კლინიკის ქსელის განვითარების გზასა და გაფართოების გეგმებზე „კანის“ დამფუძნებელი, ირაკლი კუტალია გვესაუბრა.
ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, რატომ დერმატოლოგია? როდის დაინტერესდით ამ მიმართულებით და რა იყო ინსპირაცია?
ჩემთვის მედიცინა არასდროს ყოფილა არჩევანი. ექიმების ოჯახში გავიზარდე, ამიტომ ყველაფერი, რაც მედიცინას უკავშირდებოდა, ჩემთვის ორგანული იყო. ბავშვობიდან ვისმენდი სამედიცინო ამბებს, პრობლემის გადაჭრის შესახებ საუბრებს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს დაუტანებიათ ძალა, ექიმი გავმხდარიყავი.
რაც შეეხება მიმართულებას, როცა სპეციალიზაციას ვირჩევდი, ჩემი ინსპირაცია იყო, რომ არა მხოლოდ გამომეჯანმრთელებინა ადამიანები, რაც ექიმის პირდაპირი ვალდებულებაა, არამედ მათი ცხოვრება უკეთესი გამეხადა. ამის შესაძლებლობა სწორედ დერმატოლოგიაში ვიპოვე. 20 წელზე მეტია, ეს სფერო არც ერთი წამით არ ტოვებს ჩემი ინტერესებისა და აღმოჩენების არეალს.
როდის გაჩნდა საკუთარი კლინიკის შექმნის იდეა?
რადგან ყოველთვის ვიცოდი, რა სფეროში ვიქნებოდი დასაქმებული, კარიერის დასაგეგმად მეტი დრო მქონდა. გამოგიტყდებით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების ოჯახში დავიბადე, ძალიან არ მიყვარდა ექიმთან წასვლა და ყველაფერი, რაც ამ გამოცდილებას უკავშირდებოდა ჩემთვის დამთრგუნველი და სტრესული იყო.
უკვე სტუდენტობისას, როდესაც სხვადასხვა კლინიკაში მიწევდა პრაქტიკის გავლა, გონებაში ბავშვობის გამოცდილებები ამომიტივტივდა: ტიპური საბჭოთა კლინიკები, მკაცრი ექიმები, სპეციფიკური, ძალიან მძაფრი სუნი, მოძველებული ტექნოლოგია, მიდგომები და ტკივილის შიში. ეს ყველაფერი მაშინ ექიმთან მისვლას აუცილებლად ახლდა თან.
ისე გამოვიდა, რომ რაც ბავშვობაში ყველაზე მეტად მაშინებდა და მაწუხებდა, მოზრდილ ასაკში ამის გამოსწორების პერსპექტივები დავინახე – რომ ექიმთან მისვლა არ უნდა იყოს სტრესული, არ უნდა ასოცირდებოდეს ტკივილთან, შიშთან და დისკომფორტთან. ამ ყველაფერმა მიბიძგა, თავად დამეწყო პრობლემის მოგვარების გზებზე ფიქრი და კვლევის პასუხი საბოლოოდ 10 ათი წლის წინ კლინიკა „კანის“ სახით ჩამოყალიბდა.
რა დაგეხმარათ ამ ათი წლის განმავლობაში განვითარების გეზის შენარჩუნებაში? რა მიდგომებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული თქვენი ბიზნესი?
ჩემი აზრით, ამაზე ერთი და ცალსახა პასუხი არ არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ პაციენტსა და მის პოზიტიურ გამოცდილებაზე ორიენტირება კლინიკის კონცეფციის ქვაკუთხედია. ეს, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმსა და სწორ მიდგომებში, ასევე ტექნოლოგიურ ინოვაციებში ითარგმნება, რაც მედიცინის მომავალია.
გამოცდილებამ მასწავლა, რომ უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს და პოზიტიური რეპუტაციის შექმნისთვის მხოლოდ ერთი ცდა გვაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს გუნდი, რომელიც ამ მიდგომას იზიარებს. უდიდესი პრივილეგიაა , დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. მათი პოტენციალი მაძლევს მოტივაციას, მუდმივად ძიების პროცესში ვიყო, არ გამოგვრჩეს არცერთი სიახლე – ერთად ვესწრებით ყველა მნიშვნელოვან დერმატოლოგიურ კონფერენციას ევროპის მასშტაბით, ახალი ცოდნა კი უკეთესი შედეგების მიღწევაში გვეხმარება.
რა განასხვავებს „კანს“ სხვა კლინიკებისგან?
„კანი“ არ ტოვებს კლინიკის შთაბეჭდილებას. ვცდილობთ, პაციენტებს ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ. ეს ეხება როგორც გარემოს, ასევე სწორ კომუნიკაციასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ჰოლში ვიოლინო უკრავს, ჩვენი ციფრული ავატარი კი პაციენტებს ესაუბრება და ბავშვებს ართობს. მაქსიმალურად შევეცადეთ, მეგობრული გარემო შეგვექმნა. ყველა ფილიალი ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული.
ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის, მას მთლიანად, კომპლექსურად ვიკვლევთ. მაგალითად, თუ ის სახის კანის პრობლემით მოგვმართავს, მხოლოდ სახეს არ ვაკვირდებით. შესაძლებელია, სხეულის სხვა ნაწილზე ჰქონდეს ისეთი გამონაყარი, რომელიც დიაგნოზს მთლიანად შეცვლის.
ყოფილა შემთხვევებიც, რომ ექიმმა ონკოლოგიური პრობლემა აღმოაჩინა, რომელზეც პაციენტს ეჭვი სრულებით არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური დათვალიერება საფასურს არ ზრდის, უბრალოდ, ექიმი მეტ ენერგიასა და დროს ხარჯავს, თუმცა შედეგად პაციენტი სრულფასოვან მომსახურებას იღებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები ახსენეთ – რომელი მაღალტექნოლოგიური აპარატები გაქვთ კლინიკაში?
მედიცინა საოცარი სფეროა, რადგან მუდმივად იზრდება, ვითარდება, ყოველდღიურად ახალი კვლევა თუ მიგნება ხდება ხელმისაწვდომი. ამ ინფორმაციის სინქრონიზაცია უმნიშვნელოვანესია, რომ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს ფეხი ავუწყოთ და პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ათი წლის წინ „კანი“ იყო ერთადერთი დერმატოლოგიური კლინიკა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა. ჩვენი ყველა ფილიალი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, FotoFinder-ით, რომლითაც 3000-ზე მეტი დერმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში კანის დაავადებების, როგორიც არის მელანომა. ეს ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, არა მხოლოდ მაქსიმალური სიზუსტით დავსვათ დიაგნოზი, რაც ეფექტიანი მკურნალობის საფუძველია, არამედ – დავაკვირდეთ და დროულად ამოვიცნოთ სიცოცხლისთვის საშიში წარმონაქმნები.
როგორც საუბრისას ვახსენე, ექიმთან ვიზიტისას ტკივილის არ უნდა გვეშინოდეს, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მკურნალობის უმტკივნეულო მეთოდები დავნერგოთ, გავაყუჩოთ უნემსოდ, მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ტექნოლოგიები გამოვიყენოთ – მაგალითად: მოვაცილოთ წარმონაქმნები ლაზერით და ასე შემდეგ. ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეუზღუდავია და ვფიქრობ, მედიცინა ერთ-ერთი ფლაგმანი დარგია, რომელიც ინოვაციებს უნდა ნერგავდეს.
საქართველოში სამი ფილიალი გაქვთ და მეოთხე ფილიალით საზღვრებს გარეთაც ფართოვდებით – აქამდე მოსასვლელად რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ?
ბიზნესი, შეიძლება ითქვას, იზოლირებულად დავიწყე. არ ვიყავით დაკავშირებული არცერთ სამედიცინო ცენტრთან თუ საავადმყოფოსთან. კლინიკა მხოლოდ ორი ექიმით ამუშავდა და საერთო ჯამში ოთხი თანამშრომელი ვიყავით. ახლა „კანის“ თანამშრომლების რიცხვი 150-ს აღემატება.
გამოწვევების გადალახვაში ევროპელი სპეციალისტები დაგვეხმარნენ, რომლებიც მუდმივად აკვირდებოდნენ პროცესს, ყურადღებით სწავლობდნენ ყველა შემთხვევას და გამოცდილებას გვიზიარებდნენ ყოველდღიურ კონსილიუმებზე, რაც კლინიკა „კანის“ ერთ-ერთი მთავარი წესია. დიაგნოსტირების დახვეწაში, თავისთავად, უახლესი ტექნოლოგიებიც დაგვეხმარა. დასაწყისში ხშირად მოგვმართავდნენ პაციენტები, რომლებმაც ყველა კლინიკა შემოიარეს და სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს ან მკურნალობით ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს. მოხარული ვართ, რომ დღეისთვის პაციენტები მოგვმართავენ ყველა საკითხზე, რაც კანს ეხება.
„კანის“ პირველი ფილიალი საზღვარგარეთ, ბაქოში იხსნება. რას ნიშნავს ეს კლინიკისთვის?
დიახ ასეა, ამ მოცემულობითა და ოთხი ფილიალით კლინიკა „კანი“ რეგიონში ყველაზე დიდი დერმატოლოგიური კლინიკების ქსელია. როდესაც ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ, ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი დონის სერვისი და დიაგნოსტირების ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური AI-მეთოდი იყო. კლინიკა „კანი“ იყო პირველი, რომელმაც დერმატოლოგიური მიმართულებით აქტიურად დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ვამაყობთ, რომ ეს ჩვენი კოლეგებისთვის ინსპირაცია გახდა, რადგან ტექნოლოგიების სწორი გამოყენება და ფართოდ დანერგვა, პირველ ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის.
ბაქოს ფილიალზე გვიამბეთ. როგორ აპირებთ ადგილობრივ ბაზარზე სხვა კლინიკებთან კონკურირებას?
ბაქოში ჩვენი კლინიკა სამსართულიან შენობაშია განთავსებული, სადაც ჯამში 15 თანამშრომელი იმუშავებს. აზერბაიჯანელი ექიმები უკვე იყვნენ ჩვენთან და 2-თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარეს, რომელიც მოიცავს როგორც სერვისის საკითხებს, ისე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინის ინსტრუქტაჟს.
რაც შეეხება ბაზარს, თავისთავად ცხადია, რომ არის მაღალი დონის კლინიკები, თუმცა ტექნოლოგიური გამოცდილებით და ინოვაციებით კლინიკა „კანი“ ბაქოშიც ფლაგმანი იქნება, რომელიც თანამედროვე მეთოდებს დანერგავს.
სხვა ქვეყნებშიც ხომ არ აპირებთ ფილიალების გახსნას?
დიახ, გვაქვს გარკვეული გეგმები და ახლა მოლაპარაკებების პროცესში ვართ. მათ შორის ევროპულ ქვეყანასთან, თუმცა ასეთი გაფართოება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც შესაბამისი დაგეგმვა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა კომპანია სწორედ ასეთი ტიპის გაფართოებაზეა ორიენტირებული. ამასთანავე, არ გამოვრიცხავთ დამატებითი ფილიალის გახსნას ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ ქალაქში.
როგორია „კანის“ გეგმები 2025 წლისთვის?
წელს რამდენიმე მნიშვნელოვან სამეცნიერო კონფერენციაზე ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტებთან ძალიან დიდხნიანი კოლაბორაციით მკურნალობის უახლესი მეთოდის დანერგვა იგეგმება. აქედან გამომდინარე, წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებებისა და სიახლეების წელი იქნება.