პირველად, Forbes Georgia-ს ივნისის ნომერში, საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული 100 კომპანიის სია გამოქვეყნდა. რეიტინგში კომპანიების ღირებულება, მათ ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით, გამოცემის ანალიტიკური გუნდის მიერ სრულიად დამოუკიდებლად შეფასდა.
გაეცანით ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ათეულს:
ენერგო – პრო ჯორჯია (₾ 6 529.9 მლნ)
„ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში 2006 წლიდან არის წარმოდგენილი, რომელიც, თბილისის გარდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდებას, დისტრიბუციასა და გენერირებას ახორციელებს. კომპანია ხსენებულ არეალში წარმოადგენს ბუნებრივ მონოპოლიას. „ენერგო-პრო ჯგუფს“ DK Holding Investments s.r.o საშუალებით სრულად ფლობს და აკონტროლებს იარომირ ტესარი.
თიბისი ბანკი (₾ 5 792.2 მლნ)
„თიბისი“ ყველაზე ძველი კომერციული ბანკის ლიცენზიის მფლობელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს. კომპანია 9 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რითაც ერთ-ერთი უმსხვილესია შრომის ბაზარზე. სს „თიბისი ბანკის“ 99.88%-ს ფლობს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული TBC Bank Group PLC. სს „თიბისი ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრეები მამუკა ხაზარაძე (9.51%), ბადრი ჯაფარიძე (5.87%) და სხვები არიან.
საქართველოს ბანკი (₾ 5 470.2 მლნ)
1994 წლიდან „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს საბანკო სერვისებს აწვდის. კომპანიის 1.9 მლნ-ზე მეტ აქტიურ კლიენტს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 189 ფილიალში 8.5 ათასი დასაქმებული უწევს მომსახურებას. სს „საქართველოს ბანკის“ 99.96%-ს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული Lion Finance Group PLC ფლობს. Lion Finance Group PLC -ის კაპიტალში 1.77%-იანი აქციების ინტერესს კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ფლობს.
საქართველოს კაპიტალი (₾ 5 466.5 მლნ)
სს „საქართველოს კაპიტალის“ 100%-იან წილს ამავე სახელწოდების დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია ფლობს, რომლის კაპიტალში 7.1%-იანი ინტერესი გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს აქვს (ჯერჯერობით აქციების 4.66%-იან წილის საკუთრებას ფლობს). „საქართველოს კაპიტალი“ ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ჯგუფია, რომლის მსხვილი პორტფელი საფინანსო და სამედიცინო სექტორს უკავშირდება.
სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი (₾ 2 312.1 მლნ)
„სილქ როუდი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებშია წარმოდგენილი. კომპანიის 61.8%-ის მფლობელი და მაკონტროლებელი გიორგი რამიშვილია, ხოლო დანარჩენი 38.2%-ის მესაკუთრე იერკინ ტატიშევია.
ენთეინ ჯორჯია (კრისტალბეთი) (₾ 2 112.6 მლნ)
კომპანიის 100%-იან წილს მალტაში რეგისტრირებული Bwin Holdings-ი ფლობს. „ენთეინ ჯორჯია“ შპს „მარსის“ საშუალებით ორგანიზებას უწევს აზარტულ თამაშობებს. კომპანია სათამაშო ბიზნესის სექტორში წარმოდგენილია „კრისტალბეთის“ სახელით. „კრისტალბეთი“ ერთ-ერთი უმსხვილესი აზარტული თამაშობების მომწყობი ქსელის ნაწილია.
ქართული ცემენტი (₾ 1 649.7 მლნ)
„ქართული ცემენტი“ ბაზარზე „ჰაიდელბერგცემენტის“ სახელით ოპერირებდა, მაგრამ 2024 წლიდან ახალი ბრენდის – „ჰანიველ ცემენტის“ სახელით განაგრძობს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის 90%-ს ეკატერინე ხვედელიძე ფლობდა, ხოლო 10%-ს – სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი. 2024 წლის ბოლოს საბოლოო ბენეფიციართა სტრუქტურა შეიცვლა, მაგრამ დეტალები უცნობია.
ეპამ სისტემს (ჯორჯია) (₾ 1 529.8 მლნ)
„ეპამ სისტემს (ჯორჯია)“, რომელიც საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს, საქართველოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებას უწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაკავშირებულ მხარეებს. „ეპამ სისტემს (ჯორჯია)“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული EPAM Systems Inc. არის.
მაგთიკომი (₾ 1 370.6 მლნ)
„მაგთიკომმა“,მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორმა, კომერციული საქმიანობა 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. დღეს კი კომპანია 3 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. კამპანიას აშშ-ში რეგისტრირებული International Telcell Cellular-ი და Telcell Wireless-ი ფლობს, ხოლო კომპანიას აკონტროლებს გიორგი ჯოხთაბერიძე.
თბილისი ენერჯი (₾ 1 356.8 მლნ)
„თბილისი ენერჯი“ თბილისში გაზის დისტრიბუციის ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივ მონოპოლიას ფლობს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანიის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ვოლთბეის“ საშუალებით ნასიბ ჰასანოვი (50%), ხვიჩა მაქაცარია (25%) და მამუკა ტოგონიძე (25%) ფლობდნენ. თუმცა საჯარო რეესტრში არსებული ბოლო დოკუმენტაციით „ვოლთბეის“ 100%-იანი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.
შენიშვნა
რეიტინგი არ მოიცავს კომპანიებს, სადაც საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს საკონტროლო წილი აქვს (მაგალითად, ასეთია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის („სოკარი“) კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიები და რუსეთის ფედერაციის Интер РАО-ს 75.11%-იანი წილის მქონე „თელასი“). ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი აქვთ საქართველოში. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
მეთოდოლოგია
კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA-მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-ის მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას.
ფინანსური ინსტიტუტებისთვის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა) ვიყენებთ P/B Ratio-მიდგომას. კერძოდ, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ევროპის მასშტაბით საფინანსო სექტორის მულტიპლიკატორსა და კომპანიის საკუთარ კაპიტალს შორის ნამრავლი მიღებული სიდიდე მიჩნეულია კომპანიის ღირებულებად (კომერციული ბანკები 0.8; სადაზღვევო კომპანიები 1.3; სხვა ფინანსური სერვისები 1.5). იმ ბანკებისთვის, რომელთა აქციები ბირჟაზე ივაჭრება, აღებულია უშუალოდ მათი ემპირიული ღირებულება („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“).
კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათს 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, მათი კუთვნილი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".