21-ე საუკუნეში ქვეყნები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სანქცირების პრაქტიკას, რასაც ხელი გლობალიზაციამ შეუწყო. დღეს, რადგან ქვეყნები ეკონომიკურად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, სანქციების დადება ეკონომიკური ზიანის მომტანია. სანქცია მთავრობების პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფასია. სანქცირება ხდება როგორც ადამიანების, ასევე კომპანიებისა და ქვეყნების. ყველაზე მძიმე ქვეყნის ეკონომიკისთვის დაწესებული სანქციებია. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სანქციების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. დღეს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ნახევარზე მეტი რუსულ აგრესიას უკავშირდება, რაც არა მხოლოდ უშუალოდ რუსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებში გამოიხატება, არამედ სანქცირებულნი არიან რუსეთისთვის დახმარების გამწევი სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები.
რთულია, შეადგინო ზუსტი რეიტინგი, თუ რომელი ქვეყანაა ყველაზე მძიმედ სანქცირებული. ასეთი ინდექსი ჯერ არ შექმნილა. მაგრამ ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყნების გამოკვეთა შეგვიძლია სანქციების რაოდენობის მიხედვით. ყველაზე მეტი სანქციები ყველაზე მძიმე სანქციებს არ ნიშნავს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაოდენობა სიმძიმესთან ძირითადად თანხვდენილია. სანქციების რაოდენობა ძირითადად სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობით ითვლება.
10. ავღანეთი
ავღანეთს 100-ზე მეტი სანქცია ადევს. ავღანეთის სანქცირება 1999 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაიწყო. პირველ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები დაასანქცირეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა. სანქციები გამკაცრდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. თუმცა დღეს არსებული სანქციების უმეტესობა 2021 წლიდან დაწესდა, როდესაც ქვეყნის სათავეში ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“ მოვიდა და მკაცრი რეპრესიები გაატარა. ავღანეთს შეზღუდული აქვს იარაღით და ტექნოლოგიებით ვაჭრობა, გაყინულია მთავრობის უცხოური აქტივები. სანქცირებულნი არიან „თალიბანის“ წევრები. სანქციების მიზეზი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.
9. ლიბია
ლიბიას 100-ზე მეტი სანქცია ადევს. ლიბიის სანქცირება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო ტერორიზისთვის მხარდაჭერის გამო, მაგრამ დღეს მისთვის დაწესებული სანქციები ძირითადად 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომს უკავშირდება. ლიბიის დიქტატორმა მუამარ კადაფიმ მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. საბოლოოდ, ლიბიის ომი კადაფის დამარცხებით და სიკვდილით დასრულდა. კადაფის რეჟიმის მხარდამჭერები დღემდე სანქცირებული არიან აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მხრიდან. ასევე აკრძალულია ლიბიასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და იარაღით ვაჭრობა.
8. კუბა
კუბას 200-ზე მეტი სანქცია ადევს. კუბის სანქცირება აშშ-მა 1958 წლიდან დაიწყო. ჯერ სამხედრო იარაღის მიწოდებაზე დააწესა ემბარგო, 1962 წლიდან კი სრულად აიკრძალა ამერიკული საქონლის კუბაში ექსპორტი. გამონაკლისი მხოლოდ მთავრობის ნებართვით არის დაშვებული. აკრძალულია კუბაში ინვესტირება ლიცენზიის გარეშე. აშშ-ის მიერ ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად არის გამოცხადებული. კუბის სანქცირების მიზეზი დიქტატორულ-კომუნისტური მმართველობაა. ევროკავშირმა კუბას ეკონომიკური სანქციები 2008 წელს მოუხსნა.
7. ვენესუელა
ვენესუელას 900-ზე მეტი სანქცია ადევს. პირველი სანქციები ვენესუელას აშშ-მა დაუწესა 2008 წელს, რაც ნარკოტიკებით ვაჭრობის მთავრობისგან მხარდაჭერას უკავშირდებოდა. დასანქცირდნენ თანამდებობის პირები. თუმცა სანქციების ძირითადი ნაწილი ვენესუელას 2014 და 2017 წლებში დაუწესდა, როდესაც არჩევნების შემდეგ მთავრობამ ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო დემოკრატიული პროტესტი. სანქციების მიზეზია კორუფციაც. სანქციები დამძიმდა 2019 წელს. შედეგად, ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი იურიდიული და 700-ზე მეტი ფიზიკური პირია სანქცირებული. ვენესუელა სანქცირებულია ევროკავშირის მხრიდანაც. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ კი ვენესუელის მთავრობის წევრებისთვის ვიზის გაცემა შეწყვიტა. ინდივიდუალური სანქციების გარდა, იკრძალება ვენესუელასთან ვაჭრობა სამხედრო, საკომუნიკაციო და მეორადი დანიშნულების საქონლით. ამერიკული სანქციები სანქცირებული პირების აქტივების გაყინვასაც მოიცავს.
6. მიანმარი (ბირმა)
მიანმარს 1,000-ზე მეტი სანქცია ადევს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული მოძრაობების ჩახშობის, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. მიანმარში მთავრობის მხრიდან ძალადობა 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. სანქციების დაწესება 2003 წლიდან დაიწყო და დღეს სანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან. სანქციები მოიცავს შეიარაღებაზე ემბარგოს, სავაჭრო და საინვესტიციო შეზღუდვებს, მაღალჩინოსნების აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას. მიანმარისთვის დაწესებული სანქციები ბოლო 20 წლის განმავლობაში თანდათან მრავლდება და მძიმდება.
5. ბელარუსი
ბელარუსს 1,500-ზე მეტი სანქცია ადევს. ბელარუსის სანქცირება ევროკავშირმა 2005 წლიდან დაიწყო, რაც თანამდებობის პირების სავიზო შეზღუდვებში გამოიხატებოდა, თუმცა 2008 წელს სანქციები შემსუბუქდა. სანქცირების მეორე ეტაპი 2015 წლიდან იწყება, თუმცა 2020 წლამდე სანქციები მსუბუქი იყო. აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან ბელარუსს სანქციები 2020 წლის არჩევნების გაყალბებისა და მასობრივი დარბევების გამო გამკაცრდა. სანქციების მომდევნო ტალღა კი რუსეთ -უკრაინის ომს უკავშირდება, როდესაც ბელარუსმა რუსულ ჯარებს უკრაინაზე შესატევად ტერიტორია დაუთმო. დღეს ბელარუსში სავიზო და ფინანსური შეზღუდვები ადევს ათასზე მეტ ადამიანს. გარდა ამისა, შეზღუდულია ბელარუსთან ვაჭრობა. სანქციები ზღუდავს ბელარუსული ბანკების ოპერაციებსაც, ეზღუდებათ SWIFT-ზე წვდომა. საერთაშორისო სახელმწიფო საინვესტიციო ბანკებმა შეწყვიტეს ბელარუსის დაფინანსება.
4. ჩრდილოეთი კორეა
ჩრდილოეთ კორეას 2,000-ზე მეტი სანქცია ადევს. აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას პირველი სანქციები 1953 წელს, „კორეის ომის“ დასრულების შემდეგ დაუწესა. პირველი სანქციები სავაჭრო და ფინანსური შეზღუდვები იყო. სანქციები გაფართოვდა და გამკაცრდა 2006 წელს, კორეის ატომური პროგრამის გამო, როდესაც პირველად გამოცადეს ატომური იარაღი. დღეს დასავლეთის ქვეყნები კრძალავენ ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობას (გამონაკლისია სურსათი და მედიკამენტები), ინვესტირებას, ფინანსურ დახმარებას, მოგზაურობას. გამოცხადებულია ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად. კორეული სანქცირებული პირებისა და კომპანიების სია 2022 წლიდან გაიზარდა, რადგან ჩრდილოეთი კორეა აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
3. სირია
სირიას 3,000-მდე სანქცია ადევს. აშშ-მა სირიის მთავრობას პირველად სანქციები 1917 წელს დაუწესა ლიბანში შეჭრის და „ჰეზბოლას“ დაფინანსების გამო. დღეს მოქმედი სანქციები, რომელთაც მთლიანი დასავლური სამყარო უერთდება, ძირითადად 2011 წლიდან მოქმედებს. სანქციების მთავარი მიზეზი 2011 წლის სამოქალაქო ომია, რაც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის დიქტატურის საწინააღმდეგო პროტესტს მოჰყვა. ყველაზე მკაცრი სანქციები სირიის მიმართ აშშ-ს აქვს დაწესებული, მესამე ქვეყნებსაც კი უზღუდავს სირიის რეჟიმთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. სანქცირებულნი არიან სირიის ხელისუფლების წევრები და სამხედროები, ქვეყანა არის სავაჭრო და ფინანსური ემბარგოს ქვეშ, გაყინული აქვს საერთაშორისო აქტივები. გამოცხადებულია ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად.
2. ირანი
ირანს 5,000-ზე მეტი სანქცია ადევს. ირანის სანქცირება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაიწყო. პირველად სანქციები აშშ-მა დაუწესა, როდესაც რადიკალი ისლამისტები აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. აშშ-მა ირანის უცხოური აქტივები გაყინა და სავაჭრო ემბარგო გამოაცხადა. სანქციები გამკაცრდა 1984 წელს ირან-ერაყის ომის დროს. 1995 წლიდან სანქციების რაოდენობა და სიმკაცრე ირანის მიერ ატომური პროგრამის დაწყების და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების გამო გაიზარდა. ირანისთვის დაწესებული სანქციები ბოლო 30 წელიწადში მსუბუქდებოდა და შემდეგ ისევ მკაცრდებოდა. სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა 2022 წლიდან, ირანის მხრიდან რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და პოლიციის მიერ ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მკვლელობის გამო. ირანი სანქცირებული ჰყავს არა მხოლოდ დასავლურ ქვეყნებს, არამედ ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. სანქცირებულნი არიან ირანის ხელისუფლების წევრები, ქვეყანას დაუწესდა სავაჭრო და ფინანსური ემბარგო. მესამე ქვეყნებს ეზღუდებათ ირანთან ეკონომიკური ურთიერთობები.
1. რუსეთი
რუსეთს 20,000-მდე სანქცია ადევს და სანქცირებული ქვეყნების რეიტინგში დიდი უპირატესობით ლიდერობს. რუსეთის სანქცირება 2012 წელს „მაგნიტსკის აქტით“ დაიწყო, როცა სერგეი მაგნიტსკის ციხეში მკვლელობას 18 პასუხისმგებელი პირის სანქცირება მოჰყვა. სანქციები ინდივიდუალურიდან ეკონომიკურამდე 2014 წლიდან გაფართოვდა, რისი მიზეზიც ყირიმის ოკუპაცია იყო. შეიზღუდა რუსეთთან ვაჭრობა და თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროპის საბჭოში, დასანქცირდნენ ომთან და სეპარატიზმთან დაკავშირებული პირები. 2022 წლის თებერვლამდე რუსეთისთვის 2,700-მდე სანქცია იყო დაწესებული. დღეს მოქმედი სანქციების 80%-ზე მეტი 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის გამო არის დაწესებული. სანქციებს უერთდება 50-მდე ქვეყანა. ყველაზე მეტი სანქცია რუსეთის მიმართ აშშ-ს აქვს დაწესებული, შემდეგ მოდის კანადა. სანქცირებულია 7,000-მდე იურიდიული და 13 ათასამდე ფიზიკური პირი. სანქციები მოიცავს: მოგზაურობის აკრძალვას, სავაჭრო ემბარგოს, ინვესტირების შეწყვეტას, მთავრობის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების გაყინვა-კონფისკაციას, რუსეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდების ყიდვის აკრძალვას, ბანკების SWIFT-იდან გათიშვას, სანქციებს მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში და ა.შ. ამასთან ერთად, რუსეთის სანქცირება მიმდინარე პროცესია და სანქციები დროდადრო მრავლდება და მკაცრდება.