შრომის ბაზარი სწრაფად ვითარდება და ასევე სწრაფად იცვლება ის უნარები, რომლებსაც დამსაქმებლები თანამშრომლებში ყველაზე მეტად აფასებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და დისტანციური სამუშაო რეჟიმი მუშაობის წესს ცვლის. საპასუხოდ, კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც ამ ცვლილებებთან ადაპტირება და წარმატების მიღწევა შეუძლიათ.
Visual capitalist-მა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშზე – Future of Jobs 2025 – დაყრდნობით იმ სამუშაო უნარების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომლებიც მიმდინარე წელს დამსაქმებლების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადია. ჩამონათვალი გლობალური კომპანიების 1043 უნიკალური პასუხის საფუძველზე შედგა. ეს კომპანიები მსოფლიო მასშტაბით მთლიანობაში 14.1 მილიონზე მეტ თანამშრომელს ასაქმებენ.
რეიტინგის სათავეში ანალიტიკური აზროვნებაა, რომელსაც დამსაქმებლების 69% „ძირითად უნარად“ მოიხსენიებს. ეს ხაზს უსვამს მზარდ მოთხოვნას იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც რთული პრობლემების გადაჭრა, მონაცემების ინტერპრეტაცია და გაურკვეველ ვითარებაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის გამო, დამსაქმებლები უპირატესობას კოგნიტურ უნარსა და კრიტიკულ აზროვნებას ანიჭებენ.
მეორე ადგილზეა მდგრადობა, მოქნილობა და სისწრაფე, რომელიც ანალიტიკურ აზროვნებას ოდნავ ჩამორჩება (67%). მესამე ადგილზე კი ლიდერობა და სოციალური გავლენაა (61%) – მიანიშნებს იმ ადამიანების საჭიროებაზე, რომლებსაც გუნდების მართვა და შთაგონება შეუძლიათ.
უნარი | მონაწილეთა წილი, რომლებმაც აირჩიეს როგორც ძირითადი (%-ით) |
---|---|
🧠 ანალიტიკური აზროვნება | 69% |
🌪️ მდგრადობა, მოქნილობა და სისწრაფე | 67% |
🤝 ლიდერობა და სოციალური გავლენა | 61% |
🎨 კრეატიული აზროვნება | 57% |
🚀 მოტივაცია და თვითშემეცნება | 52% |
💻 ტექნოლოგიური წიგნიერება | 51% |
🫂 ემპათია და აქტიური მოსმენა | 50% |
🔍 ცნობისმოყვარეობა და უწყვეტი სწავლა | 50% |
🧑💼 ტალანტების მართვა | 47% |
🛎️ სერვისზე ორიენტაცია და მომხმარებელთა მომსახურება | 47% |
📊 ხელოვნური ინტელექტი და დიდი მონაცემები | 45% |
🔄 სისტემური აზროვნება | 42% |
⚙️ რესურსების მართვა და ოპერაციები | 41% |
📋 სანდოობა და დეტალებზე ორიენტირებულობა | 37% |
🔧 ხარისხის კონტროლი | 35% |
👩🏫 სწავლება და მენტორობა | 26% |
🛡️ ქსელები და კიბერუსაფრთხოება | 25% |
🖌️ დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება | 25% |
🗣️ მრავალენოვნება | 23% |
📣 მარკეტინგი და მედია | 21% |
📚 კითხვა, წერა და მათემატიკა | 21% |
🌱 გარემოზე ზრუნვა | 20% |
👨💻 პროგრამირება | 17% |
🛠️ მექანიკური ოსტატობა, გამძლეობა და სიზუსტე | 14% |
🌍 გლობალური მოქალაქეობა | 13% |
👂 სენსორული აღქმის უნარები | 6% |