ყველაზე მოკლე გზა სიმდიდრისკენ

ყველაზე მოკლე გზა სიმდიდრისკენ

ისაბელ დუშ სანტუში – აფრიკის კონტინენტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი და ანგოლის პრეზიდენტის ქალიშვილი. სამი მილიარდი დოლარის ოდენობის ქონების დაგროვების გზა ნათლად მეტყველებს დიდი ფულის მქონე კლეპტოკრატიის პროგრესირებაზე მთელ განვითარებად სამყაროში.

გასულ დეკემბერს ისაბელ დუშ სანტუშმა კონგოელ ბიზნესმენ სინდიკა დოკოლოსთან თავისი ქორწინების მეათე წლისთავი გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. ამ წვეულების მენიუ დახვეწილობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. მან უამრავი მეგობარი და ნათესავი ჩამოიყვანა გერმანიიდან და ბრაზილიიდანაც კი, რომლებიც ასობით ადგილობრივ სტუმართან ერთად ანგოლაში გამართულ ამ მდიდრულ წვეულებაზე შეიკრიბნენ, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და რამაც დედაქალაქ ლუანდაში მდებარე სან-მიგელის ციხესიმაგრეში ჩატარებული ქეიფი და მუსულოს ნახევარკუნძულზე, ზღვისპირას გამართული მდიდრული კვირადღის ბრანჩი მოიცვა. ერთ-ერთი დამსწრის სიტყვებით, მოწვევა პრიალა თეთრი ყუთით მოვიდა და „სიყვარულის ათწლეულის/მეგობრობის ათწლეულის/ასი წლის ღირებულების მქონე ათი წლის…“ ღირსეულად აღნიშვნის პირობას იძლეოდა.

3 მილიარდი დოლარის ღირებულების ათწლეული – მისი ცხოვრების ამ პერიოდს ეს სახელი უფრო უხდება. 40 წლის ასაკში ისაბელ დუშ სანტუში აფრიკის ერთადერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალბატონია. მას მოგების სწრაფად და სისტემატურად მომტანი მნიშვნელოვანი წილები გააჩნია ანგოლის სტრატეგიული მრეწველობის დარგებში – საბანკო საქმეში, ცემენტის წარმოებაში, ალმასებსა და ტელეკომში – რაც მას თავისთავად აქცევს ანგოლაში ბიზნესის ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად. მისი აქტივების ნახევარზე მეტი საჯაროდ მოვაჭრე პორტუგალიური კომპანიების ხელშია, რაც მათ საერთაშორისო ნდობის ფაქტორს უქმნის. როდესაც FORBES-მა იანვარში იგი მილიარდერის როლში საჯაროდ წარუდგინა მსოფლიოს, ანგოლის მთავრობამ ეს ახალი ამბავი ეროვნული სიამაყის გრძნობით გამოაცხადა, როგორც იმის ცოცხალი მტკიცებულება, რომ 19-მილიონიანმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია.

თუმცა სინამდვილეში საქმე იმას ეხება, თუ როგორ მოიპოვა დუშ სანტუშმა – ანგოლის პრეზიდენტის ჟოზე ედუარდო დუშ სანტუშის უფროსმა ქალიშვილმა – სიმდიდრე. გასულ წელს FORBES-ი ისაბელ დუშ სანტუშის ქონებამდე მიმავალ კვალს მიუყვებოდა და ამისთვის მას ათობით დოკუმენტის შესწავლა და ანგოლაში ათობით ადამიანთან საუბარი დასჭირდა. რამდენადაც აღნიშნული კვალი გვაჩვენებს, დუშ სანტუშის მიერ გაკეთებული თითოეული მსხვილი ანგოლური ინვესტიცია მომდინარეობს ან იმ კომპანიაში წილის დასაკუთრებით, რომელსაც ბიზნესის წარმოება სურს ქვეყანაში, ან პრეზიდენტის მიერ კალმის ერთი მოსმის შედეგად, საკუთარი ქალიშვილის საქმეში შეყვანის მეშვეობით. მისი ისტორია წარმოადგენს იშვიათ სარკმელს იმავე ტრაგიკული კლეპტოკრატიული ტენდენციის დასანახად, რომელმაც რესურსებით მდიდარი ქვეყნები მოიცვა მთელ მსოფლიოში.

პრეზიდენტ დუშ სანტუშისთვის ეს უსაფრთხო გზაა თავისი ქვეყნიდან ფულის ამოსაღებად ისე, რომ თავად ყველაფრისგან შორს დარჩეს. თუკი 71 წლის პრეზიდენტის ხელისუფლებას დაამხობენ, იგი ფულს საკუთარ ქალიშვილს მოსთხოვს. თუ ხელისუფლების სათავეში ყოფნისას მოკვდება, ნაძარცვი მის ოჯახს დარჩება. ისაბელს შეუძლია გადაწყვიტოს, თუკი, რა თქმა უნდა, ხელგაშლილია, რომ თავისი სიმდიდრის ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილ მის ნახევარდა-ძმებს გაუნაწილოს. ან არ გაუნაწილოს. მთელმა ანგოლამ იცის მათი ერთმანეთისადმი სიძულვილის შესახებ.

„შეუძლებელია ამ სიმდიდრის გამართლება, რომელიც ასე უსირცხვილოდ არის გამოფენილი,“ – განუცხადა FORBES-ს ანგოლის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკოლინო მოკომ. „ეჭვგარეშეა, რომ ეს ქონება მამის მოხვეჭილია“.

ისაბელ დუშ სანტუშმა უარი თქვა ამ სტატიისთვის FORBES-თან საუბარზე. მისმა წარმომადგენლებმა დეტალური პასუხები ვერ გასცეს ჩვენ მიერ მათთვის თვეების წინ გაგზავნილ შეკითხვებს, მაგრამ გასულ კვირას განცხადება კი გააკეთეს: „ქ-ნი ისაბელ დუშ სანტუში დამოუკიდებელი ბიზნესმენი ქალი და კერძო ინვესტორია, რომელიც წარმოადგენს მარტოოდენ საკუთარ ინტერესებს. მისი ინვესტიციები ანგოლურ და/ან პორტუგალიურ კომპანიებში გამჭვირვალეა; ისინი მკაცრად კომერციულ საწყისებზე დაყრდნობით ჩატარებული ეკონომიკური ოპერაციების საშუალებით ხორციელდებოდა და ისეთ დაწესებულებებს მოიცავდა, როგორიცაა მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკები და ფირმები“. სამაგიეროდ, ქალბატონ დუშ სანტუშის წარმომადგენელი ბრალს სდებს ამ სტატიის თანაავტორს, ანგოლელ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე აქტივისტია. ანგოლის მთავრობამ 1999 წელს მარკეს დე მორაიში იმ სტატიებისთვის დააპატიმრა, რომლებშიც იგი რეჟიმს აკრიტიკებდა და ახალი ცილისმწამებლური ბრალდებები წარმოადგინა მის წინააღმდეგ ჟურნალისტის მიერ 2011 წელს დაწერილი წიგნის – „სისხლიანი ბრილიანტები – კორუფცია და წამება ანგოლაში“ – გამო.

ბოლოს ქ-ნ დუშ სანტუშის წარმომადგენელმა თქვა, რომ ნებისმიერი განცხადება რაიმე სიმდიდრესთან დაკავშირებით უკანონო გარიგებაზე მთავრობასა და მას შორის „საფუძველს მოკლებული და სრულიად აბსურდულია“. შესაძლოა, ეს მართალიც იყოს. როდესაც ყველაფერს მამაშენი მართავს და შეუძლია გიკარნახოს, რომელი ეროვნული სიმდიდრე გაიყიდა და რა ფასად, ქვეყანაში საზოგადოებრივი რესურსების ქურდობას შეიძლება კანონიერი სახე მიენიჭოს კალმის ერთი მოსმით.

შეუძლებელია ჟოზე ედუარდო დუშ სანტუშთან მოხვედრა კომენტარის მისაღებად. არადა სამწუხაროა, რადგან მოკოს სიტყვებით დუშ სანტუშებს „აქვთ სათქმელი“.

სამი საუკუნის მანძილზე პორტუგალიელები იღებენ სიმდიდრეს აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ამ მინერალებით მდიდარი ქვეყნიდან. ანგოლის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე 1975 წელს, სხვადასხვა შიდა დაჯგუფებამ ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყო ზუსტად იმავე საქმიანობაზე მონოპოლიის მოსაპოვებლად. ამ ქაოსიდან, რომელიც 27 წელს გრძელდებოდა, საბოლოოდ, 1979 წელს, დუშ სანტუში გამოჩნდა, რომელიც ნავთობის საინჟინრო საქმეს აზერბაიჯანში სწავლობდა და დამოუკიდებლობამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მას შემდეგ ძალაუფლება მის ხელშია, რითაც იგი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს ხელისუფლებაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფ არასამეფო წარმომავლობის სახელმწიფო მეთაურებს შორის.

პრეზიდენტი თავის პირველ ცოლს (სულ ცოტა, ორჯერ მაინც ყოფილა დაქორწინებული) ტატიანა კუკანოვას აზერბაიჯანში სწავლის დროს შეხვედრია და მისი პირველი შვილი – ისაბელი – იქვე დაბადებულა. 6 წლის ასაკისთვის ისაბელ დუშ სანტუში უკვე ანგოლის საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრობდა. შესაძლოა დუშ სანტუშების ცხოვრების წესი არც ისე გადაჭარბებით თავაშვებული გახლდათ სხვა აფრიკელი დიქტატორების სტანდარტებთან შედარებით (თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის ცელქობებს – შვილებიდან, სულ ცოტა, ხუთი მაინც სხვადასხვა საყვარლისგან ჰყავს), მაგრამ ოჯახურ საშობაო არდადეგებზე ნიუ-იორკში გადაფრენა და 500 000 დოლარის ღირებულების შუშხუნების იმპორტი ლისაბონის რესტორნიდან მათთვის ჩვეულ საქმეს წარმოადგენდა, რაც საკმარისი პირობა იყო იმისათვის, რომ ისაბელისთვის მეტსახელად „პრინცესა“ შეერქმიათ.

ისაბელის ზრდის პერიოდში ანგოლის ეკონომიკაში არეულობა სუფევდა, რადგან მას ორი ფაქტორი აყენებდა ზიანს: მიმდინარე სამოქალაქო ომი და დუშ სანტუშის სოციალისტური პოლიტიკა. „წინა საუკუნის 80-იან წლებში სუპერმარკეტების თაროებზე მხოლოდ მაკარონს თუ იპოვიდით. ბევრი არაფერი იყიდებოდა“, – ამბობს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის დამსახურებული დოცენტი ჯერალდ ბენდერი, რომელიც ანგოლას 1968 წლიდან იკვლევს. საპრეზიდენტო სასახლეში მცხოვრები ისაბელისთვის რეალობა, როგორც ჩანს, უხილავი იყო; იგი ლონდონის King’s College-ის სტუდენტი გახდა და ბაკალავრის ხარისხიც მოიპოვა. დედამისი ამჟამად სწორედ ლონდონში ცხოვრობს და ბრიტანეთის მოქალაქეა.

თუმცა, როდესაც 1992 წელს ანგოლაში კვლავ დაიწყო სამოქალაქო ომი, ისაბელი სასწრაფოდ დედაქალაქ ლუანდაში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ლონდონში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

90-იანი წლების ბოლოს, როდესაც სამოქალაქო ომი დასასრულს მიუახლოვდა (2002 წელს ოფიციალური განცხადება გაკეთდა სროლის შეწყვეტის თაობაზე), პრეზიდენტმა დუშ სანტუშმა საბჭოთა კავშირის მსგავსად, სადაც იგი 60-იან წლებში სწავლობდა, „მიითვისე, რაც კი შეიძლება“ ფორმის კაპიტალისტური წყობა დაამყარა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ანგოლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნად იქცა. 2002-დან 2011 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 11,6 %-იანი ტემპით იზრდებოდა. ამ ტემპის მამოძრავებელ ძალას ნავთობის წარმოების ორჯერ უფრო მეტად ზრდა წარმოადგენდა, რაც დღეში 1,8 მილიონ ბარელს შეადგენდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 6,3 მილიარდი დოლარიდან ათი წლის განმავლობაში 69 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხისთვის თითქმის არაფერი შეცვლილა. ანგოლელების დაახლოებით 70%-ის შემოსავალი დღეში 2 დოლარს შეადგენს. ხოლო თავად მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 10% ყოველდღიურად იბრძვის ერთი ნაჭერი პურის საშოვნელად გვალვისა და ბიუროკრატიული უყურადღებობის გამო. მაშ, ისმის კითხვა, სად მიდის ფული? დავიწყოთ იმ პარანოიდული ფაქტით, რასაც „სამუდამო პრეზიდენტი“ ჰქვია. სახელმწიფო უშიშროების აპარატს ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხები მიაქვს, ვიდრე ჯანდაცვას, განათლებასა და სოფლის მეურნეობას ერთად აღებულს. დიდი თანხები, ცხადია, უგზო-უკვლოდ იკარგება: საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2007 წლიდან 2010 წლამდე ნავთობიდან შემოსული შემოსავლებიდან სულ ცოტა 32 მილიარდი დოლარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ფედერალური საბუღალტრო აღრიცხვებიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოგვიანებით ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფულის დიდი ნაწილი „ნახევრად ფისკალურ ოპერაციებში ჩაინთქა“. ანგოლა 176-დან ისეთ 157 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებსაც Transparency International-ის („საერთაშორისო გამჭვირვალობა“) Corruption Perceptions Index-ი (კორუმპირებული რეპუტაციის ინდექსი) მიენიჭათ. ის მიუყვება პარტიციპატორული დემოკრატიის ისეთი გამორჩეული მიმდევრების ნაკვალევს, როგორიცაა იემენი და ყირგიზეთი. სწორედ ასეთ გარემოში ამოტივტივდა დუშ სანტუში, თავისი 3-მილიარდიანი ქონებით.

ისაბელ დუშ სანტუშის საქმიანი გამოცდილება მაიამი-ბიჩით დაიწყო. ეს ფლორიდის ქალაქი კი არა, სოფლური სიკოხტავის მქონე სანაპირო ბარი და რესტორანი გახლავთ ლუანდაში, რომელიც ცდილობს საშუალო ხარისხის საკვებითა და გულგრილი მომსახურებით მეტოქეობა გაუწიოს იმ ადგილს, რომლის სახელსაც ატარებს. 1997 წელს მის მფლობელს, რუი ბარატას, პრობლემები ჰქონდა ანგოლის ჯანდაცვის ინსპექტორებთან და საგადასახადოს წარმომადგენლებთან. გამოსავალი, რომელიც მან იპოვა: იმ დროისათვის 24 წლის ისაბელ დუშ სანტუშის საქმეში შეყვანა თავის პარტნიორად. როგორც თანამედროვენი ამბობენ, მას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილის სახელი აბეზარ სახელმწიფო მოხელეებს მისი ბარისგან შორ მანძილზე დააკავებდა. ამ გარიგების მცოდნე პირის სიტყვებით, ისაბელის თავდაპირველი ინვესტიცია უმნიშვნელო იყო, მაგრამ რესტორანი ყვაოდა: თექვსმეტი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ უიკ-ენდების ცხელ წერტილად რჩება.

ამ გაკვეთილს, როგორც ჩანს, უშედეგოდ არ ჩაუვლია ისაბელ დუშ სანტუშისთვის, რომელიც ქალიშვილობაში ზუსტად იმ დროს შედიოდა, როდესაც ანგოლის ბუნებრივ სიმდიდრეებს კლიტე ეხსნებოდა. აი, რა მოხდა შემდგომ:

თავდაპირველად – ალმასების ხელში ჩაგდება. ანგოლა მსოფლიოში ალმასების მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, რომელიც ყოველ წელს 1 მილიარდად შეფასებულ პროდუქციას ყიდის. ამ პროდუქციის მოპოვება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღაროებიდან წარმოებს. მაღაროების ექსკლუზიური კონცესიის მფლობელი სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კომპანია Endiama გახლავთ.

1999 წელს პრეზიდენტმა დუშ სანტუშმა გზა გაუკაფა Endiama-ს იმისათვის, რომ ალმასებით მოვაჭრე კომპანია შეექმნა. სამი ისრაელელი, ალმასებით მოვაჭრე ლევ ლევიევის ჩათვლით, რომელიც FORBES-ის შეფასებით 1,5 მილიარდი დოლარის მფლობელია, პრეზიდენტს კონტაქტებსა და ექსპერტიზას დაჰპირდა. ბრიტანული სასამართლო ჩანაწერების თანახმად, ამ რისკიანი წამოწყების უკან იარაღით მოვაჭრე ვინმე არკადი გაიდამაკი იდგა რუსეთიდან – პრეზიდენტ დუშ სანტუშის ყოფილი ნდობით აღჭურვილი პირი 1992 – 2002 წლების სამოქალაქო ომის დროს. ახალ კომპანიას სახელად Ascorp-ი ეწოდა.

ლევიევსა და მის პარტნიორებს, გაიდამაკის ჩათვლით, Ascorp-ის 24,5% ეკუთვნოდათ. სახელმწიფოს წილი 51% იყო. ყველას გასაოცრად ყველაზე დიდი წილის მფლობელი ისაბელ დუშ სანტუში გახდა, რომელსაც 24,5% ერგო გიბრალტარის საინვესტიციო კომპანია Trans Africa Investment Services-ის მეშვეობით, რომელიც მან, TAIS-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, დედამისთან ერთად დააფუძნა. (ლევიევმა არ მოინდომა კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით, გაიდამაკთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა).

2010 წლის ანგოლის კონსტიტუცია უკრძალავს პრეზიდენტს საზოგადოების კუთვნილი თანხების მითვისებას და კორუპციას, რაც, როგორც ჩანს, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტს ეკრძალება თანამდებობის გამოყენება საკუთარი ოჯახის გამდიდრების მიზნით. ამისდა მიუხედავად, ანგოლის მინისტრთა საბჭომ, რომელსაც ისაბელის მამა აკონტროლებს, მაინც დაამტკიცა Ascorp-ი. „გამიჯნული ძალაუფლებისა და რეალური დემოკრატიის ქვეყანაში, პრეზიდენტის მიერ საკუთარი ოჯახის გამდიდრების მიზნით განხორციელებული ამგვარი ქმედებები იურიდიული პროცედურების ჩატარების აუცილებლობას გამოიწვევდა მისი იმპიჩმენტის მიზნით“, – ამბობს ადვოკატი სალვადორ ფრეირე, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის, Maos Livres-ის, პრეზიდენტი.

ბრიტანული სასამართლო ჩანაწერების თანახმად, Ascorp-ი ნაღდი ფულის მოსაწველ ძროხად იქცა, რომელსაც თვეში მილიონობით დოლარი მოჰქონდა დივიდენდების სახით, მაგრამ როდესაც „სისხლიანი ალმასების“ საქმემ 2000-იანი წლების შუა პერიოდში საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, დუშ სანტუშმა TAIS-ზე კონტროლი დედამისს გადაულოცა. ახლა კომპანიას სახელიც გადაარქვეს და Iaxonh Limited-ი უწოდეს, რასაც FORBES-მა Gibraltar’s Registry of Companies-ის („გიბრალტარის კომპანიების რეგისტრაცია“) ჩანაწერებში მიაკვლია. საკმაოდ მოსახერხებელი პოზიციაა ბიზნესისთვის, რომელიც უსაფრთხოდ არსებობს ბრიტანელი მოქალაქის ფრთის ქვეშ, ხოლო თავად ისაბელ დუშ სანტუში მშვიდად ზის ანგოლაში და იმავდროულად დედამისის ერთადერთი მემკვიდრეა. კომენტარის მისაღებად ვერც დედასთან მოხერხდა დაკავშირება.

ტელეკომი: მამამ ყველაზე კარგად იცის. 1997 წელს პრეზიდენტმა დუშ სანტუშმა გამოსცა ბრძანებულება მუდმივად მზარდი ღირებულების მქონე ტელეკომუნიკაციების სპექტრთან დაკავშირებით: ახალი ტელეკომის ლიცენზიის საჯარო აუქციონის პროცესი მთავრობას თავის თავზე უნდა აეღო.

ორი წლის შემდეგ მან გააუქმა თავისი საკუთარი ბრძანებულება ახალი ბრძანებულების გამოშვებით. მთავრობას შეეძლო ამგვარი ლიცენზიის გადაცემა საჯარო ტენდერის გარეშე იმ პირობით, რომ ორგანიზაცია, რომელსაც ეს ლიცენზია გადაეცემოდა, იქნებოდა ერთობლივი საწარმო, რომლის პარტნიორიც სახელმწიფო გახდებოდა. კიდევ თერთმეტი თვის შემდეგ პრეზიდენტმა, რომელსაც მხარს უჭერდა მისი მარიონეტული მინისტრთა საბჭო, Unitel-ს უფლება მიანიჭა, ქვეყნის პირველი კერძო მობილური კავშირის ოპერატორი გამხდარიყო – იმ პირობით, რომ მხოლოდ პრეზიდენტს ექნებოდა პროექტის დამტკიცებისა და კომპანიის სააქციო სტრუქტურის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება, რადგან იგი სახელმწიფო ფონდებს მოიცავდა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ნავთობკომპანიამ 25%-იანი წილი მიიღო, ისაბელს კი თავისი 25% შეხვდა. ისაბელ დუშ სანტუშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან კაპიტალი დააბანდა Unitel-დან მიღებული წილის სანაცვლოდ, მაგრამ უარი თქვა რაოდენობის დაზუსტებაზე. ერთი წლის შემდეგ პორტუგალიის ტელეკომმა 12,6 მილიონი დოლარი გადაიხადა 25%-იანი წილის მისაღებად.

ეს იყო ინვესტიციების ბუმი. მობილურმა ტელეფონებმა რევოლუციური ცვლილება მოახდინეს აფრიკაში და როგორც მობილური კავშირის ერთ-ერთმა ქსელმა, Unitel-მა 9 მილიონამდე ხელმომწერი შეაგროვა. გასული წლის შემოსავლებმა 2 მილიონი დოლარი შეადგინეს, რამაც ის ანგოლის უმსხვილეს კერძო კომპანიად აქცია.

სხვადასხვა ანალიტიკოსთან დისკუსიებზე დაყრდნობით, რომლებიც კარგად იცნობენ პორტუგალიის ტელეკომს, ნათელი გახდა, რომ ისაბელის წილი სულ ცოტა 1 მილიარდ დოლარს უტოლდება.

საბანკო საქმე: მეგობარი ევროპაში. როდესაც ისაბელ დუშ სანტუშმა 2005 წელს მის ანგოლურ ბიზნესინტერესებში მრავალფეროვნება შეიტანა, მან ასევე გავლენიანი მფარველების ქსელშიც შეიტანა მრავალფეროვნება. ისაბელმა საქმეში შეიყვანა ამერიკო ამორიმი, პორტუგალიელი მილიარდერი, რომელიც 4,3 მილიარდი დოლარის მფლობელი გახლავთ. მან მთელი თავისი ცხოვრება ოჯახური ბიზნესის იმპერიის გაფართოებას მოახმარა – დაწყებული კორპით და დამთავრებული უძრავი ქონებით, ტურიზმითა და განსაკუთრებით ნავთობით. ეს მილიარდერი, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა, ცდილობდა გარიგებები დაედო ანგოლაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. კომპანიის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, როდესაც 2005 წელს დუშ სანტუშების კლანმა საბანკო საქმეში გადაინაცვლა, მან პარტნიორობა წამოიწყო ამორიმთან და ფერნანდო ტელესთან, რომელიც პორტუგალიის მოქალაქე და ანგოლის ერთ-ერთი ბანკის გენერალური დირექტორი იყო. მათ ოფიციალურად გახსნეს Banco Internacional de Credito („საერთაშორისო კრედიტების ბანკი“), ცნობილი, როგორც BIC.

ისაბელის მამის „გრძელმა ხელმა“ კვლავაც თავისი როლი ითამაშა: პრეზიდენტმა დუშ სანტუშმა, როგორც მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ოფიციალური სანქციით ნება დართო ბანკის კაპიტალში უცხოური კაპიტალის დაბანდებას. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაფინანსდა ეს ბანკი, ბნელით არის მოცული, რადგანაც არ არსებობს ისეთი საჯარო ჩანაწერები, რომლებიც გვაჩვენებდა, თუ ვინ დააბანდა ფული ამ ბანკში. BIC-ის ბოლოდროინდელი წლიური ანგარიში აჩვენებს, რომ Amorim-ს ბანკის 25% ეკუთვნის. სხვადასხვა დოკუმენტით მჟღავნდება, რომ კიდევ ერთ 25%-იან პაკეტს საინვესტიციო მექანიზმების საშუალებით ისაბელ დუშ სანტუში აკონტროლებს. მისი წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ იგი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ და დამოუკიდებელი ფულადი საშუალებებიც გააჩნია იმისათვის, რომ თავისი წილი მისი კუთვნილი სხვა საწარმოებიდან გადაიხადოს.

თავისთავად BIC-ი ბანკებს შორის ნამდვილ ჰიტად იქცა, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმ გარიგებამ, რომლითაც მან ფული ასესხა… ანგოლის მთავრობას. სახელმწიფომ 450 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი აიღო BIC-გან, იმ 350 მილიონი დოლარის გარდა, რომელიც კერძო კომპანიებს ჰქონდათ აღებული. 2012 წელს, BIC-ის აქტივები 6,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბანკის მიერ უკანასკნელ წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად, რომლითაც FORBES-ი ხელმძღვანელობდა, ისაბელ დუშ სანტუშის წილი, სულ ცოტა, 160 მილიონ დოლარს შეადგენს. კომენტარისთვის ვერც BIC-ის ხელმძღვანელებთან მოხერხდა დაკავშირება.

ნავთობი: უცნაური პარტნიორობა. ნავთობი ანგოლის უდიდესი ბუნებრივი რესურსი გახლავთ. ქვეყანა წელიწადში 650 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რომლის უმეტესი ნაწილი ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის კომპანია Sonangol-ი ისეთი მაღალი მოგების მქონე საწარმოა, რომ მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ, დუშ სანტუშის ოჯახი მის წარმატებაზე ხელს როდის მოითბობდა. საბანკო საქმეში ისაბელის პარტნიორმა, მილიარდერმა ამერიკო ამორიმმა ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

2005 წელს ამორიმმა დააფუძნა ფილიალი Amorim Energia. 55%-იანი წილით ამორიმი მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. დარჩენილი 45%, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში მაინც, Sonangol-ში მიდიოდა ჰოლანდიური ჰოლდინგის კომპანიის Esperaza Holding B.V.-ის მეშვეობით. პრესაში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, წლის ბოლოს Amorim Energia-მ შესყიდვები დაიწყო და პორტუგალიის ყოფილი სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობკომპანიის Galp Energia-ს 33,3%, დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. არაკომერციული საგამოძიებო ორგანიზაცია Global Witness -ის თანახმად, 2006 წლის ბოლოს Sonangol-ის 40% Esperaza-ში შვეიცარიულმა კომპანიამ, Exem Holding-მა, შეიძინა. შეუძლებელია იმ დოკუმენტების პოვნა, რომლებიც დაადასტურებენ Exem Holding-ის კავშირს ისაბელ დუშ სანტუშთან, მაგრამ მისი ნათითურები ყველგანაა. Global Witness-ის თანახმად, მისი მეუღლე სინდიკა დოკოლო, Amorim Energia-ს დირექტორთა საბჭოში თავად Esperaza-ს მოთხოვნით მოხვდა. საჯარო ცნობების თანახმად კი ისაბელ დუშ სანტუშის ჰოლდინგური კომპანიის თავმჯდომარე, ასევე Exem Holding-ის ფილიალის Fidequity-ისა და საწარმოების Exem Energy-სა და Exem Oil & Gas-ის დირექტორთა საბჭოშიც გახლავთ წარმოდგენილი. გასულ წელს Amorim Energia-მ 726 მილიონი დოლარი გადაიხადა Galp-ის დამატებითი 5%-თვის. საფონდო დოკუმენტებიდან გამომდინარე, Galp-ში ისაბელის კუთვნილი 6,9%, ამჟამად 924 მილიონი დოლარის ტოლფასი გახლავთ.

ცემენტი: „საზოგადოებრივი ინტერესების“ დაცვა. პრეზიდენტ დუშ სანტუშის მმართველობის უმეტეს პერიოდში ანგოლაში მხოლოდ ერთი ცემენტის ქარხანა იყო, რომელსაც ფირმა Nova Cimangola ფლობდა. 2004 წლის შუა პერიოდში მისი 39,8% სახელმწიფო საკუთრება გახლდათ, სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ბანკ BAI-ს 9,5% ეკუთვნოდა, ხოლო დარჩენილი 49% შვეიცარიული ფირმა Scanang-ის ხელში იყო, რომელიც პორტუგალიური ცემენტის კომპანიის Cimpor-ის საკუთრებაში გადასვლის პროცესში იმყოფებოდა. მთავრობამ უფრო დიდი წილის მოთხოვნა დაიწყო, რასაც იმ მიზეზით ხსნიდა, რომ ეს ქარხანა ომისშემდგომ პერიოდში სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოს წარმოადგენდა ეროვნული რეკონსტრუქციის საქმეში. 2006 წლის 29 ოქტომბერს პრეზიდენტმა, მინისტრთა საბჭოს 78/06 რეზოლუციის თანახმად, Cimpor-ის შესაძენად 74 მილიონი დოლარის გადასახადი დაამტკიცა და განაცხადა, რომ ეს ხარჯი აუცილებელი იყო „საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად კანონიერების აღდგენისა და Nova Cimangola-ს სააქციო პაკეტზე ანგოლაში დაფუძნებული ეროვნული ორგანიზაციების მიერ კონტროლის განხორციელებისათვის“. 74 მილიონი დოლარი ანგოლის გაზეთის თანახმად BIC-დან იქნა აღებული, ბანკიდან, რომელიც სანახევროდ ეკუთვნოდათ ამორიმსა და ისაბელ დუშ სანტუშს. სახელმწიფო ახლა 89%-ს ფლობდა, მაშინ როდესაც BAI და ანგოლელი მოქალაქეები დარჩენილ 11% აკონტროლებდნენ.

თუმცა ყოველივე იმან, რაც ამას შემდგომ მოჰყვა, აჩვენა, რომ სინამდვილეში მთავარი მიზანი არა ანგოლისთვის უფრო დიდი წილის დატოვება იყო, არამედ – გარკვეული ანგოლელებისთვის. ანგოლაში კომპანია Ciminvest-ი უფრო ადრე დაფუძნდა, ვიდრე მას მინისტრთა საბჭო დაამტკიცებდა. დასაწყისში Ciminvest-ის სათავეში იდგა პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. შემდეგ კი მისი აქციების 30% პორტუგალიელმა მილიარდერმა ამერიკო ამორიმმა შეიძინა, მაგრამ ამორიმის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მან 2009 წელს თავისი წილი სხვას გადასცა, თუმცა არ აკონკრეტებს არც იმ ადამიანის ვინაობას, ვინც ამორიმის წილის მფლობელი გახდა და არც იმ თანხის სიდიდეს, რაც მასში გადაიხადეს. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მისი ამჟამინდელი მფლობელები ისაბელ დუშ სანტუში და მისი ქმარი არიან, თუმცა ის დოკუმენტები, რომლებიც ამას ადასტურებს, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიუხედავად, ისაბელი თავის რეზიუმეში აღიარებს, რომ იგი თავმჯდომარეობს Nova Cimangola-ს დირექტორთა საბჭოს, რომელსაც Ciminvest-ის საშუალებით აკონტროლებს. ვითომც არაფერიაო, კომპანია, რომელიც საპრეზიდენტო ბრძანებულების თანახმად „ეროვნული ორგანიზაციების“ მიერ უნდა ყოფილიყო გაკონტროლებული, ისაბელ დუშ სანტუშის კონტროლის ქვეშ მოექცა.

ისაბელ დუშ სანტუშის ჰოლდინგებმა საკმარისი რაოდენობის მარაგები შეიქმნეს, მათი ისეთ შემთხვევაში გამოყენების მიზნით, თუკი ოდესმე წვიმიანი ამინდი დაუდგებათ. ისინი დიდ დივიდენდებს გასცემენ, რაც მათ უფრო მეტი აქტივის შეძენის საშუალებას აძლევს ისეთ საწარმოებში, რომლებიც, როგორც ჩანს, არ არიან დაკავშირებული ანგოლის უძრავი საკუთრების ექსპლუატაციასთან, მაგალითად, როგორიც მისი 500 მილიონი დოლარის ოდენობის წილი გახლავთ პორტუგალიურ მედია ფირმა ZON-ში.

ამასობაში მამამისი სათანადო ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ კანონიერად დაიცვას საკუთარი თავი მის მიერ ჩადენილი ძარცვის გამო. ანგოლის კანონმდებლობით, პრეზიდენტ დუშ სანტუშის გადაწყვეტილება Unitel-თვის ლიცენზიის მინიჭების შესახებ, მისი ქალიშვილის პირადი სარგებლის გამო, სულ თავისუფლად შეიძლება, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვალოს. საკუთარი უკანონო ქმედებების დასაფარად 1992 წელს პრეზიდენტმა კანონის მოთხოვნები ორ სფერომდე დაიყვანა: ქრთამის აღება და ქვეყნის ღალატი. ტექნიკურად მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ Unitel-ის შემთხვევაში არც ერთი დარღვეულა და არც მეორე.

მაგრამ მისი უფრო შორსმიმავალი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ისაბელი გმირად წარმოადგინონ. იანვარში, მას შემდეგ, რაც FORBES-მა იგი მილიარდერად გამოაცხადა, ანგოლის რეჟიმის რუპორმა (და ქვეყნის ერთადერთმა ყოველდღიურმა გაზეთმა) Jornal de Angolaმ განაცხადა: „სანამ ჩვენ ვიბრძვით ანგოლისთვის სიღატაკის გარეშე, გვამხნევებს ის ფაქტი, რომ ბიზნესმენი ქალბატონი ისაბელ დუშ სანტუში, მაგალითად იქცა ფინანსების სამყაროში“. ამ განცხადებას ანგოლელები უნდა მოეკლა, და არა სიამაყით აევსო მათი გულები.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *