ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოს უნივერსიტეტებში

ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები საქართველოს უნივერსიტეტებში

საქართველოში სტუდენტი (ბაკალავრიატის) წელიწადში დაახლოებით 35 ათასამდე აბიტურიენტი ხდება. დღეს ქვეყანაში 56 უნივერსიტეტია, სადაც აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თუმცა აბიტურიენტების 70%-მდე 10 მიმართულებას (ფართო გაგებით – პროფესია) შორის აკეთებს არჩევანს.

ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში გვხვდება არა მხოლოდ ისინი, რაც დღეს პერსპექტიული და მოთხოვნადია, არამედ ისეთი სპეციალობებიც, რომელთა დაუფლების შემდეგ დღეს საქართველოში დასაქმება რთულია. ეს გარკვეულწილად წარსულის გადმონაშთი, ე.წ. პრესტიჟული სპეციალობების დამსახურებაა. საბჭოთა კავშირი პოზიციონირებდა, როგორც ადამიანთა შორის თანასწორობის იდეაზე აგებული სისტემა. ამ იდეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია დაშვება, რომ ყველა პროფესიის ადამიანი თანასწორია. სინამდვილეში, პრაქტიკა საპირისპირო იყო. არსებობდა პრესტიჟული, საამაყო პროფესიები და მათ გვერდით სათაკილო პროფესიებიც კი.

ამ დროს, ადამიანების პირადი წარმატებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მოთხოვნადია მოსახლეობაში ის პროფესიები, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება, რაზეც შრომის ბაზარზე დეფიციტია.

წარმოგიდგენთ ტოპ-10 პროფესიას, რომელთა დასაუფლებლად უმაღლეს სასწავლებლებში 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.

10. ჟურნალისტიკა / საზოგადოებასთან ურთიერთობა

2023 წელს 21 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ჟურნალისტიკის ან/და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობაზე, ჯამში 1,108 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 895 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 130-130 სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) და კავკასიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შემდეგ მოდის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 129 სტუდენტი ჩაირიცხა.

9. უცხო ენების ფილოლოგია

2023 წელს 30 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება სხვადასხვა უცხო ენის ფილოლოგიის სპეციალობაზე, ჯამში 1,074 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, უცხო ენების ფაკულტეტებზე 1,033 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 355 სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილიაუნი) ჩაირიცხა. შემდეგ მოდის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), სადაც 196 სტუდენტი ჩაირიცხა. უცხო ენების ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩარიცხულთა ნახევარზე მეტმა ინგლისური ენის ფილოლოგიაზე ჩააბარა.

8. ეკონომიკა

2023 წელს 15 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ეკონომიკის სპეციალობაზე, ჯამში 1,195 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ეკონომიკის ფაკულტეტზე 1,043 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 500 სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა. შემდეგ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) მოდის, სადაც 150 სტუდენტი ჩაირიცხა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აწსუ) ეკონომიკის ფაკულტეტზე 100 სტუდენტი ჩაირიცხა.

7. საერთაშორისო ურთიერთობები – დიპლომატია

2023 წელს 23 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე, ჯამში 2,142 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 1,425 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 410 სტუდენტი ილიაუნიში ჩაირიცხა. თუმცა ეს რიცხვი პოლიტიკის მეცნიერებებზე ჩარიცხულებსაც მოიცავს, რომელიც მიღების დროს გამიჯნული არ არის საერთაშორისო ურთიერთობებისგან. შემდეგ თსუ მოდის, სადაც 200 სტუდენტი ჩაირიცხა. სეუ-ში 127 ჩაირიცხა.

6. ტურიზმი

2023 წელს 22 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ტურიზმის სპეციალობაზე, ჯამში 2,189 ადგილზე. ტურიზმში ძირითადად ტურიზმის მენეჯმენტი იგულისხმება. ეროვნული გამოცდების შედეგად, ტურიზმის სპეციალობაზე 1,516 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 310 სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა. შემდეგ ილიაუნი მოდის, სადაც 260 სტუდენტი ჩაირიცხა. სეუ-ში 257 ჩაირიცხა.

5. მედიცინა

2023 წელს 24 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება მედიცინის სპეციალობაზე (სტომატოლოგიისა და ფიზიკური მედიცინის ჩათვლით), ჯამში 3,300 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, მედიცინის სპეციალობაზე 1,546 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 480 სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოდის, სადაც 283 სტუდენტი ჩაირიცხა. თსუ-ში 121 ჩაირიცხა.

4. ფსიქოლოგია

2023 წელს 20 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ფსიქოლოგიის სპეციალობაზე, ჯამში 2,172 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე 2,003 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 407 სტუდენტი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) ჩაირიცხა. შემდეგ ილიაუნი მოდის, სადაც 400 სტუდენტი ჩაირიცხა. თსუ-ში 225 ჩაირიცხა. ფსიქოლოგია მოთხოვნადი სპეციალობა ბოლო წლებში გახდა.

3. კომპიუტერული მეცნიერებები (ინფორმატიკა)

2023 წელს 23 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე, ჯამში 2,724 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულეტზე 2,378 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 420 სტუდენტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) ჩაირიცხა. შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ბტუ) მოდის, სადაც 400 სტუდენტი ჩაირიცხა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 200 ჩაირიცხა. კომპიუტერული მეცნიერებები ბოლო წლებში გახდა მოთხოვნადი სპეციალობა. ზოგ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების დასახელებით გვხვდება.

2. სამართალი (იურიდიული)

2023 წელს 31 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება სამართლის სპეციალობაზე, ჯამში 4,534 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 3,843 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 900 სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა (საერთაშორისო სამართლის ჩათვლით). შემდეგ სეუ მოდის, სადაც 607 სტუდენტი ჩაირიცხა. ილიაუნიში 390 ჩაირიცხა, სტუში – 219, საქართველოს უნივერსიტეტში – 200. საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, სამართალი (იურიდიული) საქართველოში პრესტიჟულ სპეციალობად ითვლება.

1. ბიზნესის ადმინისტრირება

2023 წელს 42 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე, ჯამში 6,782 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე 5,425 სტუდენტი ჩაირიცხა.

ყველაზე მეტი, 1,040 სტუდენტი ილიაუნიში ჩაირიცხა. შემდეგ თსუ მოდის, სადაც 850 სტუდენტი ჩაირიცხა. ბტუ-ში 609 ჩაირიცხა, სეუ-ში – 443, კავკასიის უნივერსიტეტში – 291, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში – 281.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგ უნივერსიტეტს ცალკე აქვს გამოყოფილი ისეთი სპეციალობები, როგორიც არის ტურიზმი, მენეჯმენტი და ა.შ., რაც რეალურად ბიზნესის ადმინისტრირების ნაწილია.

საბჭოთა კავშირში სპეციალობა ბიზნესის ადმინისტრირება არ ისწავლებოდა. ეს სპეციალობა მოთხოვნადი და ამავე დროს პრესტიჟული 1990-იანი წლებიდან გახდა.

ბიზნესის ადმინისტრირება მსოფლიო დონეზეც პირველ ადგილზეა მოთხოვნად სპეციალობებს შორის, რასაც ამ სპეციალობის ადამიანების დასაქმების ფართო სპექტრი და მოქნილობა განაპირობებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *