ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა

ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. მათ შორის არიან: იაპონელი სუსუმუ კიტაგავა, ბრიტანელი რიჩარდ რობსონი და იორდანიაში დაბადებული ომარ მ. იაგი. მათ პრესტიჟული ჯილდო „მეტალ-ორგანული სტრუქტურების შემუშავებისთვის“ მიენიჭათ.

ლაურეატებმა ახალი ტიპის მოლეკულური სტრუქტურები შექმნეს. ამ მეტალ-ორგანულ სტრუქტურებს, რომლებშიც დიდი ღრუებია, მოლეკულების გატარება შეუძლია. მკვლევარებმა ისინი უდაბნოს ჰაერიდან წყლის შესაგროვებლად, წყლიდან დამაბინძურებლების გამოსაცალკევებლად, ნახშირორჟანგის შესაგროვებლად და წყალბადის შესანახად გამოიყენეს.

შეგახსენებთ, 2024 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დევიდ ბეიკერი, დემის ჰასაბისი და ჯონ ჯამპერი გახდნენ. დევიდ ბეიკერს, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში მუშაობს, პრემია მიენიჭა ახალი ცილის შექმნისთვის, რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა. დემის ჰასაბისი და ჯონ ჯამპერი ცილის სტრუქტურის პროგნოზირების მეთოდის შემუშავებისთვის დაჯილდოვდნენ.

ცნობისთვის, 1901-დან 2025 წლამდე პერიოდში ქიმიის დარგში ნობელის პრემია 117-ჯერ გაიცა. აქვე გეტყვით, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია დღემდე რვა ქალს აქვს მიღებული.