ქვანახშირი მსოფლიოში ენერგიის წამყვანი წყაროა. მასზე 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 34% მოდიოდა. ამავე წელს მსოფლიოში ქვანახშირის წარმოებამ 9.24 მილიარდ ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 0.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე ქვანახშირის წარმოების 80%-ზე მეტი მოდიოდა, რომელშიც ჩინეთის წილი 64%-ს შეადგენდა. გასულ წელს მსოფლიოში ქვანახშირის წარმოების ნახევარზე მეტი, 4.8 მილიარდი ტონა, სწორედ ჩინეთს უკავშირდება. ეს მაჩვენებელი სიაში მომდევნო 10 ქვეყნის გაერთიანებულ შედეგს აღემატება. ჩინეთი ასევე არის პლანეტაზე ქვანახშირის უდიდესი მომხმარებელი.
რეიტინგში ჩინეთს ინდოეთი და ინდონეზია მოსდევს, თუმცა მისგან განსხვავებით ქვანახშირის მოპოვების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლებით. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორივე ქვეყანაში ქვანახშირის მოპოვება 2024 წელს დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.
დასავლურ ქვეყნებს შორის, 2024 წელს წარმოებული 464 მილიონი ტონა ქვანახშირით, აშშ ლიდერობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ქვანახშირის მოპოვება წლიურად 11.6%-ით შემცირდა.
სხვა მსხვილ მწარმოებლებს შორისაა ავსტრალია და რუსეთი, 2024 წელს ორივე ქვეყანამ 400 მილიონ ტონაზე მეტი ქვანახშირი აწარმოვა. საინტერესოა, რომ ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებლების უმეტესობა ენერგეტიკული საჭიროებისთვის წიაღისეულ საწვავზე დიდად არის დამოკიდებული.
გარდა ამისა, განვითარებადი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი წიაღისეულ საწვავზე, ხოლო განვითარებული ქვეყნები უპირატესობას სუფთა ენერგიის გამომუშავებას ანიჭებენ.
2024 წელს ქვანახშირის მოპოვება ყველაზე მეტად მონღოლეთში, 27.7%-ით გაიზარდა, შემდეგ მოდის ახლო აღმოსავლეთის რეგიონი 18.8%-ით. ქვანახშირის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე თურქეთში, ზიმბაბვეში, უზბეკეთსა და პაკისტანში.
ამის საპირისპიროდ, ევროპის ქვეყნების უმეტესობამ, აშშ-სთან და კანადასთან ერთად, ქვანახშირის წარმოება ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შეამცირა.
ქვანახშირის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა მსოფლიოში
ქვეყანა | წარმოება 2024 წელს (მილიონი ტონა) | გლობალური წილი | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|
ჩინეთი | 4,780.0 | 51.7% | +0.9% |
ინდოეთი | 1,085.1 | 11.7% | +7.0% |
ინდონეზია | 836.1 | 9.0% | +7.6% |
აშშ | 464.6 | 5.0% | -11.6% |
ავსტრალია | 462.9 | 5.0% | +0.3% |
რუსეთი | 427.2 | 4.6% | -1.1% |
სამხრეთი აფრიკა | 235.0 | 2.5% | +0.3% |
ყაზახეთი | 112.6 | 1.2% | -3.6% |
მონღოლეთი | 106.5 | 1.2% | +27.7% |
გერმანია | 91.9 | 1.0% | -10.4% |
წყარო: Energy Institute