მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნებს მსოფლიოში ყველაზე მეტი სავაჭრო შეთანხმება აქვთ. თავად ევროკავშირს კი, როგორც ბლოკს, ამ ეტაპზე 45 სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული ცალკეულ ქვეყნებთანაც და სხვადასხვა თავისუფალი ვაჭრობის ზონასთანაც.
მეორე ადგილას სავაჭრო შეთანხმებების რაოდენობით დიდი ბრიტანეთია, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღარ არის, ამ ქვეყანას 35 სავაჭრო შეთანხმება აქვს. შემდეგ მოდის ისლანდია და შვეიცარია – 32 შეთანხმებით, ნორვეგია – 31 სავაჭრო შეთანხმებით, ხოლო ჩილე და ლიხტენშტაინი – 30 სავაჭრო შეთანხმებით.
რაც შეეხება აშშ-ს, მას 2021 წლის მაისის მდგომარეობით 14 სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული. მათ შორის 12 არის ორმხრივი შეთანხმება ძირითადად ლათინური ამერიკის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
საქართველოს კი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ის ყველა ქვეყანასთან, თურქეთსა და ევროკავშირთან (DCFTA). ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).
განვითარებული ქვეყნების ფონზე, არიან ისეთი სახელმწიფოებიც, რომელთაც არც ერთი სავაჭრო შეთანხმება არა აქვთ – ასეთ ქვეყნებს აფრიკის კონტინენტზე იპოვით.