ქვეყნები, რომლებიც ოლიმპიელებს ოქროს მედლისთვის $100,000-ს ან მეტს გადაუხდიან

ქვეყნები, რომლებიც ოლიმპიელებს ოქროს მედლისთვის $100,000-ს ან მეტს გადაუხდიან

ფოტო: Emmanuele Ciancaglini/Getty Images

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც იტალიაში, კერძოდ, მილანში იმართება, 6 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. იმავე ღონისძიების ფარგლებში, 6-დან 15 მარტის ჩათვლით, ზამთრის პარალიმპიადა გაიმართება იტალიის ქალაქ კორტინა-დ’ამპეცოში.

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილე 91 ქვეყნისა და ტერიტორიიდან, ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვების შემთხვევაში ფულად ბონუსებს 37 მათგანი გასცემს, ხოლო 13-მა ქვეყანამ ოქროს მედლის მფლობელებისთვის ჯილდოდ $100,000 ან მეტი დააწესა.

წლევანდელ ზამთრის ოლიმპიადაზე გასაცემი ოქროს მედლები სრულად ოქროსგან დამზადებული არაა. ამის ნაცვლად, ისინი დაახლოებით 500 გრამი ვერცხლისგან მზადდება და 6 გრამი ოქროთი არის მოვარაყებული; ვერცხლის მედლები კი — სრულად 500 გრამი ვერცხლისგან. როგორც Oxford Economics-ის წამყვანმა ეკონომისტმა, სტივენ ჰეარმა ამერიკულ Forbes-ს განუცხადა, მილან-კორტინას ოქროს მედლების ღირებულება დაახლოებით $1,940 იქნება, ხოლო ვერცხლის — $1,000. წარმოდგენილი ღირებულება Oxford-ის 2026 წლის პროგნოზირებული ფასების გათვალისწინებითაა დათვლილი, შესაბამისად, ერთ უნცია ოქროზე – $4,650, ხოლო ვერცხლზე $64-ის ღირებულებით.

თუმცა ოლიმპიური კომიტეტის მიერ გათვალისწინებული სხვადასხვა სინჯის მედლების გარდა, როგორც აღინიშნა, რიგი ქვეყნების წარმომადგენლები დამატებით თავიანთი სახელმწიფოებისგან ფულად ბონუსებსაც მიიღებენ. ეს თანხები ემატება გრანტებსა და სხვა ისეთ შეღავათებს, როგორიცაა სტიპენდიები და სამედიცინო დაზღვევა, რომლებიც შეიძლება ელიტარული სპორტსმენებისთვის უკვე გათვალისწინებული იყოს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ფულადი ჯილდოები ვრცელდება იმ სპორტსმენებზეც კი, რომლებიც გამოსვლას მედლის გარეშე დაასრულებენ. მაგალითად, კვიპროსი თავის მოთხილამურეებს მე-4 ადგილისთვის დაახლოებით $94,000 დოლარს, ხოლო მე-16 ადგილისთვის $12,000 დოლარს გადაუხდის — მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მედლის მფლობელებისთვის ფულადი ჯილდო $177,000-ია.

თითქმის თითოეული ქვეყნის შემთხვევაში, ბონუსების გაანგარიშების წესი განსხვავებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ოქროს მედლის მფლობელებისთვის $37,500-ს გასცემს, ყველა სპორტსმენი აშშ-ის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტისგან ერთსა და იმავე პრიზს იღებს, მიუხედავად იმისა, ისინი ინდივიდუალურ სპორტში გამოდიან თუ გუნდურში. განსხვავებით ჩეხეთისგან, რომელიც თითოეულ დისციპლინაში მონაწილე სპორტსმენების რაოდენობის მიხედვით 12 სხვადასხვა მოცულობის ფულად ჯილდოს გასცემს. მაგალითად, სკელეტონის ჩემპიონმა შეიძლება $117,000 მიიღოს, მაშინ როდესაც მამაკაცთა ჰოკეის ოქროსმედალოსანი დაახლოებით $31,000-ს გამოიმუშავებს.

ასევე, სახელმწიფოთა მიხედვით, სპორტსმენებისთვის გათვლილი ფულადი ბონუსები გამოიყოფა ან თავად მთავრობის, ან ეროვნული კომიტეტის მიერ. შესაძლებელია, რომ თანხები ორივე მხარემ გადაინაწილოს. მაგალითად, სლოვენიაში ოლიმპიური კომიტეტი და ქვეყნის ეკონომიკის, ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო ჯამში $162,000-ს გასცემენ, რაც თანაბრად ნაწილდება თითოეულ ოქროსმედალოსანსა და მის მწვრთნელს შორის.

სახელმწიფოთა ნაწილის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილეებისთვის გათვლილი გრანტები მხოლოდ ერთჯერადი ბონუსებითაც არ შემოიფარგლება. მაგალითად, გერმანია ოქროს მედლის მფლობელებს $35,000-ს უხდის და, დამატებით, გადასახადებისგანაც ათავისუფლებს. ამერიკის შეერთებული შტატები ბონუსებზე გადასახადებისგან ათავისუფლებს იმ სპორტსმენებს, რომელთა საერთო შემოსავალი $1 მილიონზე ნაკლებია. ხოლო ხორვატია 55 წელს გადაცილებული ოქროს მედლის მფლობელი ოლიმპიელებისთვის თვიურად $1,600-იან სტიპენდიას აწესებს. ამასთან ერთად, ნორვეგიელებს, რომლებიც ოლიმპიადაზე ნებისმიერი სინჯის მედალს მიიღებენ, ავტომატურად ენიშნებათ წლიური $17,000-იანი ბონუსი.

საერთო ჯამში, ამერიკულმა Forbes-მა 13 სახელმწიფო დათვალა, რომლებიც ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელებს $100,000-ის ან მეტის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. ინფორმაციის მისაღებად გამოცემა 92 მონაწილე ქვეყნისა და ტერიტორიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს დაუკავშირდა. მათგან სამმა დელეგაციამ — ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და რუმინეთმა — განაცხადა, რომ ერთჯერადი გადახდების ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე განსაზღვრული არაა, ხოლო ლუქსემბურგის განმარტებით, ბონუსებთან დაკავშირებული შეთანხმებები კონფიდენციალურად ინახება.

ცნობისთვის, Forbes-ის სიაში არაა საქართველო, თუმცა ოლიმპიური მედლებისთვის ფულადი პრიზები ქართველ ათლეტებსაც გადაეცემათ. კერძოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის — 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის — 300 ათასი ლარი იქნება. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ.

ქვეყნები, რომლებიც ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის $100,000-ის ან მეტის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ:

  1. სინგაპური – $787,000
  2. ჰონგ-კონგი – $768,000
  3. პოლონეთი – $355,000
  4. ყაზახეთი – $250,000
  5. იტალია – $213,000
  6. კვიპროსი – $177,000
  7. ბულგარეთი – $151,000
  8. ლიეტუვა – $133,000
  9. კოსოვო – $130,000
  10. ესტონეთი – $118,000
  11. ჩეხეთი – $117,000
  12. ესპანეთი – $111,000
  13. საბერძნეთი – $106,000