ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებად მიჩნეულ ოლიმპიადას ყველა ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს, მაგრამ სპორტსმენებს წარმატების მიღწევის შემთხვევაში ყველა ერთნაირად როდი უხდის. მაგალითად, $37,500-ს უხდის ამერიკის შეერთებული ყველა ათლეტს, რომელიც ოქროს მედალს მოიგებს. NBA-ის მულტიმილიონერი ვარსკვლავებისთვის ეს ალბათ ზღვაში წვეთია, მაგრამ სხვებს ის ოლიმპიური ოცნების ახდენისთვის ხარჯების დაფარვაში ეხმარება.
მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეერთებული შტატების ფულადი ჯილდო ძალიან მცირეა. პარიზის ოლიმპიადისთვის Forbes-ი 206 მონაწილე ქვეყნისა და ტერიტორიის ოლიმპიადის ეროვნულ კომიტეტებსა და სპორტის სამინისტროებს დაუკავშირდა და დაადგინა, რომ სულ მცირე 33 მათგანი აწესებს მედლებისთვის ფულად პრიზებს, აქედან 15 კი ათლეტებს $100,000-ზე მეტსაც გადაუხდის.
ჰონგ-კონგი, რომელიც ჩინეთისგან დამოუკიდებლად მონაწილეობს ოლიმპიადაზე, სიაში პირველ ადგილზეა და ოქროს მედლისთვის $768,000-ს აწესებს. ამავდროულად, ვერცხლის მედლისთვის განკუთვნილი პრიზი $380,000 დოლარს აღწევს, რაც 32 ქვეყნის ოქროს მედლის ბონუსს უსწრებს. მაგალითისთვის, მეორე და მესამე ადგილებზე მყოფი ისრაელი და სერბეთი ოქროსთვის $275,000-ს და $218,000-ს უხდის ათლეტებს. 2021 წელს, ტოკიოში, სამივე დელეგაციამ შეძლო უმაღლესი ხარისხის მედლის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ ფულადი ბონუსები ქვეყნების მიერ ათლეტების დაფასების ერთადერთი საშუალება არაა. ამერიკის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტი ვერცხლისა და ბრინჯაოსთვის, შესაბამისად, $22,500-ს და $15,500-ს იხდის, ასევე სპორტსმენებს გრანტებსა და სხვადასხვა ბენეფიტს (მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა) აძლევს. მალაიზიაში ოქროსმედალოსნები სიცოცხლის ბოლომდე $1,000-ს იღებენ ყოველ თვეში, ხოლო ჩილეში, კოსოვოსა და ლიეტუვაში ამგვარი ბენეფიტები მომდევნო ოლიმპიადამდე მოქმედებს. ზოგიერთი ქვეყანა წლიურ ბონუსებს გასცემს. მაგალითად, ახალი ზელანდიაში წლიური ბონუსი $40,000-ს აღწევს.
განსხვავებული მიდგომა აქვს პოლონეთს, სადაც ოქროსმედალოსნები $82,000-ს იღებენ, ხოლო ყველა მედალოსანი მიიღებს „ნიჭიერი და პატივცემული“ პოლონელი მხატვრების ნახატებს, საინვესტიციო ბრილიანტს და ორკაციან სამოგზაურო ვაუჩერს.
ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ნორვეგია, ისლანდია და შვედეთი მედლებისთვის ფინანსურ კომპენსაციას არ აწესებენ, თუმცა სხვაგვარი გრანტებით შეიძლება დაეხმარონ სპორტსმენებს.
„ჩვენ გვინდა, რომ ათლეტებს ყველანაირი დახმარება თამაშებამდე ჰქონდეთ, რათა ოლიმპიური წარმატების შანსი მაქსიმალურად გაიზარდოს“, – ამბობს შვედეთის ოლიმპიური კომიტეტის მთავარი მდივანი, ასა ედლუნდ იონსონი Forbes-თან საუბრისას.
ცნობისთცის, Forbes-ის სიაში არაა საქართველო, თუმცა ოლიმპიური მედლებისთვის ფულადი პრიზები ქართველ ათლეტებსაც გადაეცემათ. კერძოდ, ჩემპიონები ერთ მილიონ ლარს (დაახლოებით $369,000) მიიღებენ, ვერცხლის მედლის პრიზიორები – ნახევარ მილიონ ლარს, ბრინჯაოს მედლის პრიზიორები კი 250,000 ლარს. ამ მოცემულობით, საქართველო სიაში მეორე ადგილზე იქნებოდა.
2 აგვისტოსთვის საქართველოს წარმომადგენლებს ოლიმპიადზე სულ სამი მედალი აქვთ მოპოვებული: ერთი ოქრო და ორი ვერცხლი.