ქვეყნები, რომლებიც ტურიზმიდან ყველაზე დიდ შემოსავალს იღებენ

ქვეყნები, რომლებიც ტურიზმიდან ყველაზე დიდ შემოსავალს იღებენ

გლობალური ტურიზმი ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარის შემოსავალს აგენერირებს. მოგზაურების მიერ ახალი მიმართულებების აღმოჩენასთან ერთად, შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

გაეროს ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ გაწეულმა ხარჯებმა $1.74 ტრილიონი შეადგინა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ მდგომარეობას 14%-ით აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმმა პანდემიის უარყოფითი გავლენისაგან თავის დაღწევა და აღდგენა სრულად მოახერხა.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომლებიც ტურიზმიდან ყველაზე დიდ შემოსავალს იღებენ. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებში ჩრდილოეთი ამერიკა და კერძოდ აშშ, ევროპა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ლიდერობენ.

რეიტინგის პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა $215 მილიარდი დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ხუთეულის შემდეგ პოზიციებზე ევროპული სახელმწიფოები იმყოფებიან. მაგალითად, ესპანეთმა შემოსავლების სახით ტურიზმიდან $106.5 მილიარდი მიიღო, გაერთიანებულმა სამეფომ – $82.5 მილიარდი, საფრანგეთმა – $77 მილიარდი, ხოლო იტალიამ – $58.7 მილიარდი.

რეიტინგის მეექვსე ნომერი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, სადაც ტურისტებმა 2024 წელს $57 მილიარდი დახარჯეს. ათეულში მე-7 პოზიციაზე მოხვდა ჩვენი მეზობელი თურქეთიც. ამ უკანასკნელის შემოსავლებმა $56.3 მილიარდი შეადგინა. მე-8 პოზიციაზე იმყოფება იაპონია ($54.7 მილიარდი), მე-9 და მე-10 ადგილი კი ავსტრალიამ ($52 მილიარდი) და კანადამ ($49.9 მილიარდი) დაიკავეს.

ცნობისთვის, საქართველომ ამ წელს ტურიზმიდან $4.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მეზობელმა სომხეთმა კი – $2.5 მილიარდი. აზერბაიჯანის მიერ ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 2024 წელს $2 მილიარდი შეადგინა.

ტურიზმით მიღებულ შემოსავალს რამდენიმე მდგენელი აქვს და ის მეტწილად დამოკიდებულია არა ტურისტების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენს ხარჯავენ ისინი. აშშ-ის მაგალითზე, შემოსავლების დიდი მოცულობა აიხსნება ტურისტების დიდი რაოდენობისა და მაღალმხარჯველიანი მოგზაურების კომბინაციით.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რა როლს თამაშობს ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის, რომელთაც დიდი ინდუსტრია არ გააჩნიათ, ტურიზმის როლი გადამწყვეტია და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ, მაგალითად, უკრაინაში – ქვეყანაში, რომელიც ომში იმყოფება, საერთაშორისო ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა $1 მილიარდი შეადგინა. ომის მიუხედავად, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით კი დასავლეთ რეგიონებში ჰუმანიტარული, საქმიანი და დიასპორასთან დაკავშირებული ტურიზმი კვლავ აქტიურია, რისი საშუალებითაც ქვეყანამ გარკვეული შემოსავლის მიღება შეძლო.

რეიტინგიქვეყანაშემოსავალი (2024 წელი, მილიარდი)
1აშშ$215.0
2ესპანეთი$106.5
3გაერთიანებული სამეფო$82.5
4საფრანგეთი$77.0
5იტალია$58.7
6არაბთა გაერთიანებული საამიროები$57.0
7თურქეთი$56.3
8იაპონია$54.7
9ავსტრალია$52.0
10კანადა$49.9

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.