ქვეყნები, რომლებმაც XXI საუკუნეში რეზერვებს ყველაზე მეტი ოქრო შემატეს

ქვეყნები, რომლებმაც XXI საუკუნეში რეზერვებს ყველაზე მეტი ოქრო შემატეს

მიმდინარე საუკუნის დადგომის შემდეგ ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს განსაკუთრებული მონდომებით ზრდიდნენ. აღნიშნული ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აჩქარდა.

ოქროს რეზერვების ზრდას ხელს უწყობს გლობალური სკეპტიციზმი, რომელიც ტრადიციული სარეზერვო ვალუტის, მაგალითად, აშშ დოლარის ინფლაციის, სანქციებისა და ალიანსების ცვალებადობის მიმართ მოწყვლადობით არის გამოწვეული. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომლებიც 2000 წლის შემდეგ ოქროს ყველაზე დიდ სტრატეგიულ რეზერვს ქმნიან. მონაცემები აღებულია ოქროს მსოფლიო საბჭოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ცენტრალური ბანკების ანგარიშებიდან და 2000-2024 წლების მაჩვენებლებს მოიცავს.

ოქროს სტრატეგიული რეზერვის ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, სადაც 2000 წლის შემდეგ რეზერვს 1,948 ტონა ოქრო შემატეს. რუსეთთან ერთად მნიშვნელოვანი ზრდა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასაც, სადაც 24 წლის განმავლობაში ოქროს რეზერვის ზრდამ 1,885 ტონა შეადგინა.

რეიტინგის მომდევნო ადგილებზე მოხვედრილი ქვეყნების  ზრდის მაჩვენებელი ისეთივე შთამბეჭდავი არაა, როგორიც რუსეთისა და ჩინეთის. მესამე პოზიციას ინდოეთი იკავებს, სადაც ძვირფასი ლითონის მარაგი 24 წლის განმავლობაში მხოლოდ 518 ტონით გაიზარდა. თითქმის მსგავსი მაჩვენებელი აქვს თურქეთსაც (+501 ტონა). ხუთეულში შედის პოლონეთი, სადაც ოქროს რეზერვი 21-ე საუკუნეში 345 ტონით გაზარდეს.

ჩინეთისა და რუსეთის რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი ამ ორი ქვეყნის პოლიტიკა და, შესაბამისად, აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობაა. მიმდინარე საუკუნის პირველ და მეორე ათწლეულში დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას განსაკუთრებით რუსეთი ცდილობდა. დასავლური სანქციების ფონზე რუსეთისთვის დედოლარიზაციის სტრატეგია და საკუთარი სიმდიდრის ოქროს რეზერვად შენახვა კონფისკაციისა და დევალვაციის რისკებს ამცირებდა.

რუსეთის მსგავსად, ჩინეთის მოტივიც სტრატეგიულია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე და ჩინური იუანის საერთაშორისო ასპარეზზე განმტკიცების სურვილით, პეკინი ოქროს რეზერვის გაზრდის სტრატეგიას მიემხრო.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის გვერდის ავლის მიზნით, ისტორიულად რუსეთი და ჩინეთი ოქროთი ორმხრივად ვაჭრობას აქტიურად ეწევიან.

რეიტინგში ვხვდებით სპარსეთის ყურის ქვეყნებსაც. საუდის არაბეთისა და კატარის გადაწყვეტილება ბოლო ათწლეულებში ოქროს სტრატეგიული რეზერვის ზრდასთან დაკავშირებით ამ ქვეყნების „ხედვა 2030“ სტრატეგიით აიხსნება, რაც ეკონომიკების დივერსიფიკაციასა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.

ფინანსისტები და პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ოქრო მინიმუმ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივი იქნება. განსაკუთრებით კი მისი ღირებულების ზრდის ფონზე. შესაბამისად, ცენტრალური ბანკები კვლავ გააგრძელებენ ოქროს შესყიდვას და სტრატეგიული რეზერვის შევსებას. ოქროს როლი განსაკუთრებით დიდია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც დასავლური ფინანსური სისტემებისგან დამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობენ.

რეიტინგიქვეყანაოქროს რეზერვი 2000 წელს (ტონა)ოქროს რეზერვი 2024 წელს (ტონა)ზრდა 2000-2024 წლებში (+ტონა)
1რუსეთი384.42332.71948
2ჩინეთი395.02279.61885
3ინდოეთი357.8876.2518
4თურქეთი116.3617.6501
5პოლონეთი102.8448.2345
6ყაზახეთი57.2284.1227
7საუდის არაბეთი143.0323.1180
8ტაილანდი73.6234.5161
9მექსიკა7.8120.3113
10კატარი0.6110.8110

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.