ქვეყნები, სადაც ბიტკოინის მაინინგი ყველაზე ძვირი ჯდება - რომელ ადგილზეა საქართველო?

ქვეყნები, სადაც ბიტკოინის მაინინგი ყველაზე ძვირი ჯდება - რომელ ადგილზეა საქართველო?

უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ განვითარებულ ეკონომიკებში ბიტკოინის მაინინგი ფინანსურად უფრო და უფრო არამოგებიანი ხდება, რაც კრიპტოვალუტის ფასის შემცირებითა და ელექტროენერგიის გაძვირებით არის განპირობებული. მოგებისთვის მცირე სივრცე მხოლოდ რამდენიმე მსხვილ მაინერ ქვეყანას რჩება.

ანგარიში, რომელიც BestBrokers-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა მოამზადა, Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index-ის (CBECI) უახლეს მონაცემებს ეფუძნება. კვლევის ფარგლებში, თითოეულ ქვეყანაში ერთი BTC-ის მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგია გამოითვალეს და გაწეული ხარჯი ადგილობრივი ბიზნესისთვის მოქმედი ტარიფების საფუძველზე იანგარიშეს.

ბიზნესისთვის დადგენილი ელექტროენერგიის უახლესი ტარიფების საფუძველზე (ძირითადად, 2025 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე), ბიტკოინის მაინინგი ფინანსურად გამართლებული მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია. ესენია ინდონეზია, ყაზახეთი, ნორვეგია და შვედეთი, სადაც ერთი BTC-ის მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის ღირებულება კრიპტოვალუტის ამჟამინდელ ფასზე, დაახლოებით $95,000-ზე ნაკლებია.

თუმცა, ქვეყნების უმრავლესობაში, ელექტოენერგიაზე ფასების ზრდა მაინინგს ძვირადღირებულ ოპერაციად აქცევს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბიტკოინის მსხვილი მაინერების შემთხვევაში. BTC-ის მაინინგის მაჩვენებლით ტოპ-20 ქვეყანას შორის, ბიტკოინების მოპოვება ყველაზე ძვირი გაერთიანებულ სამეფოშია. კერძოდ, იქ ერთ BTC-ზე დაახლოებით 265,946 აშშ დოლარი იხარჯება, რაც ბიტკოინის ამჟამინდელ ფასზე თითქმის სამჯერ მეტია. ასევე 2-3-ჯერ აღემატება ბიტკოინის საბაზრო ფასს ავსტრალიასა ($258,854.40) და ირლანდიაში ($232,891.73) ერთი BTC-ის მისაღებად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის მაინინგის სიძვირით საქართველო სიაში მე-9 ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ერთი BTC-ის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება დაახლოებით $135,460.36-ს შეადგენს. ეს კრიპტოვალუტის ამჟამინდელ ღირებულებაზე დაახლოებით $40,000-ით მეტია.

BestBrokers-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში ყოველდღიურად 450 ბიტკოინი მოიპოვება, რაც ბაზარზე ხუთი საუკეთესო მაინერის საშუალო ეფექტიანობის მიხედვით, დღეში 417.14 გვტ.სთ, ანუ წელიწადში დაახლოებით 152,256.16 გვტ.სთ ელექტროენერგიას საჭიროებს. ეს საკმარისია, მაგალითად, ნორვეგიისა და შვედეთის წლიური ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ოდნავ ჩამორჩება არგენტინის ან პოლონეთის მიერ ყოველწლიურად მოხმარებულ ელექტროენერგიას.

ადგილიქვეყანაერთი BTC-ის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება
1გაერთიანებული სამეფო$265,945.94
2ავსტრალია$258,854.40
3ირლანდია$232,891.73
4სინგაპური$204,310.08
5გერმანია$202,754.07
6იაპონია$178,424.64
7ჰონგ-კონგი$159,010.56
8ნიდერლანდები$154,685.05
9საქართველო$135,460.36
10აშშ$123,972.77
11ტაილანდი$121,106.88
12მალაიზია$120,494.83
13ბრაზილია$111,862.08
14ჩინეთი$105,390.72
15რუსეთი$100,768.32
16კანადა$97,070.40
17შვედეთი$86,308.21
18ნორვეგია$66,648.52
19ყაზახეთი$66,562.56
20ინდონეზია$61,940.16