2024 წელს მსოფლიოში საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობამ 304 მილიონს მიაღწია, რაც 1990 წლის მონაცემთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელია. მიგრანტების დიდი ნაწილი საზღვრებს სამუშაო შესაძლებლობებისთვის, კონფლიქტის მიზეზითა და სხვა მაიძულებელი ფაქტორების გამო კვეთს. ზოგი ქვეყანა კი მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, რადგან იქ დასაქმების შანსი მაღალია, უსაფრთხოება მეტად არის დაცული და ცხოვრებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.
Visual Capitalist-მა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების საფუძველზე გამოავლინა 20 ქვეყანა, სადაც მთლიან მოსახლეობაში საერთაშორისო მიგრანტების წილი ყველაზე მაღალია.
ცნობისთვის, საერთაშორისო მიგრანტი არის პირი, რომელიც ცხოვრობს მისი დაბადების ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყანაში მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, მიზეზებისა და სტატუსის მიუხედავად.
2024 წელს, მსოფლიოში უცხოეთში დაბადებული მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილით კატარი ლიდერობდა, სადაც საერთაშორისო მიგრანტები მისი მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტს (76.7%) შეადგენდნენ.
სპარსეთის ყურის რამდენიმე სახელმწიფო, როგორიცაა კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი, სიის სათავეში იმ მიზეზით მოხვდნენ, რადგან მათი ეკონომიკა უცხოურ მუშახელზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამ სახელმწიფოებში მიგრანტები სამუშაო ძალის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ.
მოსახლეობაში მიგრანტების მაღალი წილით რამდენიმე პატარა ევროპული ქვეყანაც გამოირჩევა, მათ შორისაა მონაკო, ლიხტენშტაინი და ანდორა. ეს, ძირითადად, მათი მცირე მოსახლეობისა და ფინანსური ან ტურისტული ცენტრების როლების გავლენით ხდება.
თუ მთლიან მოსახლეობაში წილს არ გავითვალისწინებთ, მიგრანტების რაოდენობის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. 2024 წელს აშშ-ში საერთაშორისო მიგრანტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 52.4 მილიონი. მექსიკიდან აშშ-მდე დამაკავშირებელი დერეფანი გასულ წელს მსოფლიოში ყველაზე დატვირთული მიგრანტული დერეფანი იყო. მექსიკაში დაბადებული 10 მილიონზე მეტი ადამიანი ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროპამ 94 მილიონი საერთაშორისო მიგრანტი მიიღო – მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა რეგიონმა. მას მოსდევს ჩრდილოეთი ამერიკა – რომელიც მოიცავს აშშ-ს, ბერმუდის კუნძულებს, კანადას, გრენლანდიას და სენ-პიერსა და მიკელონს – 61 მილიონით.
20 ქვეყანა, სადაც საერთაშორისო მიგრანტების წილი ყველაზე მაღალია:
ადგილო | ქვეყანა | მიგრანტების წილი |
---|---|---|
1 | კატარი | 76.7% |
2 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 74.0% |
3 | მონაკო | 70.2% |
4 | ლიხტენშტაინი | 69.4% |
5 | ქუვეითი | 67.3% |
6 | ანდორა | 59.1% |
7 | ბაჰრეინი | 52.3% |
8 | ლუქსემბურგი | 51.2% |
9 | სინგაპური | 48.7% |
10 | იორდანია | 45.7% |
11 | ომანი | 43.2% |
12 | საუდის არაბეთი | 40.3% |
13 | მალტა | 37.0% |
14 | ანტიგუა და ბარბუდა | 32.5% |
15 | შვეიცარია | 31.1% |
16 | ავსტრალია | 30.4% |
17 | პალაუ | 29.5% |
18 | ახალი ზელანდია | 28.2% |
19 | ბრუნეი | 25.9% |
20 | ავსტრია | 25.5% |