ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მონაცემთა ცენტრია

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მონაცემთა ცენტრია

ფოტო: Getty Images

 

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და სახელმწიფოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ერთ-ერთი უმთავრესი ტიპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მონაცემთა ცენტრები წარმოადგენს.

მონაცემთა ცენტრები ისეთი სერვისების მიღებისთვისაა საჭირო, როგორებიცაა სტრიმინგი, ქლაუდ-მეხსიერება და AI-სისტემები. შესაბამისად, მოწინავე სახელმწიფოებისათვის აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, სადაც ყველაზე მეტი მონაცემთა ცენტრია. გასათვალისწინებელია, რომ სიაში შეტანილია ფუნქციონირებადი ობიექტები მათი მასშტაბების მიუხედავად, დაწყებული მცირე ზომის ქლაუდ-ჰაბებით და დამთავრებული დიდი ზომის კამპუსებით. მიუხედავად იმისა, რომ რეალური მაჩვენებლები მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს, ინფრასტრუქტურის ზოგადი კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში ზუსტ ინფორმაციას წარმოადგენს.

მონაცემები აღებულია მონაცემთა ცენტრების გეოგრაფიული განაწილების ონლაინპლატფორმა Data Center Map-დან.

გასაკვირი არ არის, რომ მონაცემთა ცენტრების სიმრავლით შეერთებული შტატები დომინირებს. Data Center Map-ის მონაცემებით, აშშ-ში 3,960 სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის მონაცემთა ცენტრია, რაც მომდევნო 14 სახელმწიფოში არსებული ობიექტების ჯამურ რაოდენობას აღემატება. ამ სექტორში აშშ-ის დომინაცია მსხვილი ღრუბლოვანი და ტექნოლოგიური კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგს ასახავს.

მეორე ყველაზე კონცენტრირებული რეგიონი ევროპაა. გაერთიანებული სამეფო (498), გერმანია (470) და საფრანგეთი (335) ასეულობით მონაცემთა ცენტრს ფლობენ. აღნიშნული ევროპული სახელმწიფოები ინტერნეტის განაწილების ძირითად წერტილებს წარმოადგენენ და მრავალეროვნული ქლაუდ- და აიტისერვისების ჰაბები არიან. მონაცემთა ცენტრების ევროპულ კონცენტრაციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ იტალიას, ნიდერლანდებს, ესპანეთსა და შვედეთს.

აზიის რეგიონში მონაცემთა ცენტრების სიმრავლით ჩინეთი დომინირებს, სადაც 365 ობიექტია წარმოდგენილი. ამ მხრივ აზიაში მსხვილი მოთამაშეები არიან ინდოეთი (275), იაპონია (249), ინდონეზია (184) და მალაიზია (109).

ავსტრალიაში 268 მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, ბრაზილიაში კი მათი რიცხვი 198-ს შეადგენს. რუსეთში ამჟამად 178 მონაცემთა ცენტრია გახსნილი.

საინტერესოა, რა ხდება ჩვენს რეგიონში. პლატფორმის მონაცემებით, საქართველოში 4 მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, მათგან 3 – თბილისში, 1 კი ბათუმშია განლაგებული. უფრო კონკრეტულად აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ამჟამად შემდეგი მონაცემთა ცენტრები ფუქციონირებენ: Newtelco, Cloud9 (2 ფილიალი – თბილისსა და ბათუმში), და Worldbus-ი.

პლატფორმის მონაცემებით, აზერბაიჯანში სამი მონაცემთა ცენტრია, სომხეთში კი – 2.

რეიტინგიქვეყანამონაცემთა ცენტრების რაოდენობა
1აშშ3,960
2გაერთიანებული სამეფო498
3გერმანია470
4ჩინეთი365
5საფრანგეთი335
6კანადა285
7ინდოეთი275
8ავსტრალია268
9იაპონია249
10იტალია206
საქართველო4

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.