ქვეყნები, სადაც Whatsapp-ით სარგებლობა ნაწილობრივ ან სრულად აკრძალულია

ქვეყნები, სადაც Whatsapp-ით სარგებლობა ნაწილობრივ ან სრულად აკრძალულია

რუსეთი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ ტერიტორიაზე Whatsapp-ით ზარების განხორციელება აკრძალა. აღნიშნულის მიზეზად რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო, პლატფორმების მიერ ტერორიზმისა და თაღლითობის საქმეების გამოსაძიებლად სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობაზე უარის თქმას ასახელებს.

სრულად აკრძალული

Whatsapp-ის აკრძალვა ჩინეთმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. ზოგადად, ჩინეთი დასავლურ საკომუნიკაციო პლატფორმებს საკუთარ ტერიტორიაზე ბლოკავს და საზოგადოებას ჩინურ ალტერნატივას სთავაზობს. მაგალითად, Whatsapp-ის ჩინური ანალოგი WeChat-ია.

ჩინეთის გარდა, Whatsapp-ი ხელმისაწვდომი არ არის ჩრდილოეთ კორეაშიც. 2016 წლიდან ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ Whatsapp-თან ერთად Facebook-ი, Youtube-ი, Twitter-ი და სხვა დასავლური სოცმედიაპლატფორმები აკრძალა.

ნაწილობრივ შეზღუდული

როგორც აღვნიშნეთ, Whatsapp-ით ზარების განხორციელების ფუნქცია რუსეთმა რამდენიმე დღის წინ შეზღუდა. Whatsapp-თან ერთად, ზარების განხორციელება დაიბლოკა Telegram-შიც.

საინტერესოა, რომ Whatsapp-ის ზარების ფუნქციით სარგებლობა საკუთარ ტერიტორიაზე 2017 წელს შეზღუდა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც. საამიროების შეზღუდვა არა მხოლოდ Whatsapp-ს, არამედ ყველა პლატფორმას შეეხო, რომლებიც ე.წ. VoIP-სერვისს, ანუ ინტერნეტის მხარდაჭერით ზარების უფასოდ განხორციელებას ახდენდა. მიუხედავად ამისა, საამიროებში Whatsapp-ით შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მსგავსად, Whatsapp-ისა და სხვა პლატფორმების გამოყენებით უფასო ინტერნეტზარების განხორციელება საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდული აქვთ კატარსა და იორდანიასაც. ზარების შეზღუდვის არაოფიციალური მცდელობა აქვს ეგვიპტესაც, რომელიც ამგვარი კომუნიკაციის ჩახშობას სხვა ტექნიკური საშუალებებით ცდილობს.

პერიოდული აკრძალვები

ქვეყნების ნაწილი Whatsapp-ით სარგებლობას პერიოდულად კრძალავს. მაგალითად, ირანმა რამდენიმეწლიანი აკრძალვის შემდეგ, გასულ წელს Whatsapp-ის გამოყენება ნებადართული გახადა.

ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება თურქეთიც, რომელსაც წარსულში შიდაპოლიტიკური მიზნებით Whatsapp-ით სარგებლობა რამდენჯერმე აუკრძალავს. ამჟამად თურქეთში პლატფორმაზე შეზღუდვა არ არსებობს.

2021 წელს Facebook-ის მიერ პროსამთავრობო ანგარიშების წაშლის გამო, Whatsapp-ითა და სხვა სოცქსელებით სარგებლობა შეზღუდა უგანდამაც. ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია. პლატფორმებზე წვდომა დროებით ამავე წელს კუბამაც შეზღუდა.

მიმდინარე წლის ივნისში Whatsapp-ით სარგებლობა შეიზღუდა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრების სამსახურებრივ მოწყობილობებზეც.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.