ქვეყნების რეიტინგი ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობის მიხედვით

ქვეყნების რეიტინგი ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობის მიხედვით

მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას განსხვავებული კანონმდებლობა აქვს, რომელიც დასაქმებულთათვის ანაზღაურებადი დასვენების საბაზისო ზღვარს ადგენს – იქნება ეს ეროვნულ თუ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული დასვენების დღეები ან, თუნდაც, უბრალოდ ანაზღაურებადი შვებულების მანდატი. Resume.io-მ ქვეყნებში ანაზღაურებადი შვებულებისა და სახალხო დასვენების დღეების შესახებ არსებული კანონმდებლობები გააანალიზა, რომელზე დაყრდნობითაც, Visual Capitalist-მა შვებულების დღეების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი შეადგინა.

დასვენების დღეების მიხედვით, ყველაზე გულუხვ სახელმწიფოებს შორის მოხვდნენ აფრიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები. მათ შორის გამოსარჩევია ტოგო (43), სან-მარინო (46) და იემენი (45). თუმცა, ამ მხრივ პირველ ადგილს ირანი იკავებს, ჯამში 53 შვებულების დღით, რომელიც თითქმის თანაბრად ნაწილდება სახელმწიფო და ანაზღაურებად დასვენების დღეებს შორის. ამავდროულად, ოკეანეთის ქვეყნები, როგორიცაა მიკრონეზია (9) და ნაურუ (10) სიის ბოლოში არიან. სიის ბოლოშია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც თანამშრომლებს წელიწადში, მინიმუმ, 10 შვებულების დღე აქვთ.

თანამშრომელთა კუთვნილი დასვენების დღეების შესახებ სახელმწიფოთა დიდ ნაწილში შესაბამისი კანონები მოქმედებს. ოცდაორ ქვეყანას გულუხვი, 30-დღიანი შვებულების პოლიტიკა აქვს, ამ ოცდაორი ქვეყნიდან ათი აფრიკაში მდებარეობს. თუმცა ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობა ხშირად დასაქმებულის თანამდებობაზე ყოფნის ვადასთანაა კავშირში.

გარდა ამისა, ქვეყნები მსოფლიოში სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს ეროვნული, კულტურული თუ რელიგიური, განსხვავებული რაოდენობის დღესასწაულებს აღნიშნავენ. ირანში მსგავსი ანაზღაურებადი დასვენებების ყველაზე დიდი რაოდენობაა, ჯამში 27 დღე წელიწადში, ისლამური რესპუბლიკის დღის ჩათვლით. მას მოსდევს ბანგლადეში (24), აზერბაიჯანი (21) და კამბოჯა (21). მეორე მხრივ, ლიბიას ანაზღაურებადი სახელმწიფო დასვენებების დღეები არა აქვს, ლიბანში კი მსგავსი დღე წელიწადში მხოლოდ ორია.

რაც შეეხება საქართველოს, Visual Capitalist-ის რეიტინგით, ქვეყანაში 41 ანაზღაურებადი დასვენების დღე (სახელმწიფო დასვენების დღეები და ანაზღაურებადი შვებულების მანდატი) მოქმედებს. საქართველოზე მეტი დასვენების დღე, ჯამში 42, მოქმედებს მეზობელ აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფოებში. რაც შეეხება სომხეთსა და თურქეთს, იქ დასაქმებულებს, შესაბამისად, 32 და 28 დღე აქვთ გამოყოფილი ანაზღაურებადი შვებულებისთვის.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ანაზღაურებადი დასვენების დღეა (სახელმწიფო დასვენებები და ანაზღაურებადი შვებულების მანდატი):

  1. ირანი – 53 დღე (ანაზღაურებადი დასვენებების დღეების სრული რაოდენობა)
  2. სან-მარინო – 46 დღე
  3. იემენი – 45 დღე
  4. ანდორა – 44 დღე
  5. ბუტანი – 44 დღე
  6. ბაჰრეინი – 44 დღე
  7. ტოგო – 43 დღე
  8. ნიგერი – 43 დღე
  9. მადაგასკარი – 43 დღე
  10. მონაკო, ქუვეითი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, მალი, პერუ, რუსეთი  – 42 დღე

ქვეყნები, სადაც ყველაზე ნაკლები ანაზღაურებადი დასვენების დღეა:

  1. მიკრონეზია – 9 დღე
  2. ნაურუ – 10 დღე
  3. ამერიკის შეერთებული შტატები – 10 დღე
  4. პალაუ – 12 დღე
  5. კირიბატი – 13 დღე
  6. მექსიკა – 14 დღე
  7. ჩინეთი – 16 დღე
  8. ლიბანი – 17 დღე
  9. ფილიპინები – 17 დღე
  10. ნიგერია, ტაივანი – 17 დღე
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *