ქვეყნების რეიტინგი, იქ დაფუძნებული AI-სტარტაპების რაოდენობის მიხედვით

ქვეყნების რეიტინგი, იქ დაფუძნებული AI-სტარტაპების რაოდენობის მიხედვით

ხელოვნური ინტელექტის როლი და ფუნქცია თანამედროვე საზოგადოების, მსოფლიოს განვითარებაში ყოველდღიურად იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესი ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული კომპანიების რიცხვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის. შეიძლება ითქვას, რომ A.I. სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელსაც უკეთესი სამყაროს შექმნის პოტენციალი აქვს. ტექნოლოგიის ბენეფიტებითა და დადებითი შედეგებით კი სწორედ ის ისარგებლებს, ვინც ხელოვნური ინტელექტის ათვისებისათვის რბოლაში დაწინაურდება.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფოები სულ უფრო დიდი ძალისხმევით ქმნიან ამგვარი ტექნოლოგიებისათვის მიმზიდველ გარემოს. ამ სტატიაში იმ სახელმწიფოების შესახებ გესაუბრებით, სადაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიები და სტარტაპები ყველაზე დიდი რაოდენობით ფუძნდება. სტატია Global X ETFs-ის მონაცემებს ეფუძნება და რეიტინგში იმ AI-სტარტაპებს ითვალისწინებს, რომელთა კერძო ინვესტიციების მოცულობა $1.5 მილიონს აჭარბებს.

გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ რეიტინგს აშშ და ჩინეთი ლიდერობენ. ამ ორ ქვეყანაში შექმნილ ხელოვნური ინტელექტის 4,643 კომპანიაში ჯამურად $250 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტირების მაჩვენებელი კი არათუ სტაბილურდება, არამედ ყოველწლიურად იზრდება.

მხოლოდ 2022 წელს აშშ-ში 524 ახალი AI-სტარტაპი შეიქმნა, რომელთაც კერძო ინვესტიციების სახით $47 მილიარდის მობილიზება შეძლეს. ჩინეთში, 2022 წელს 160 ახალი AI-სტარტაპი დაფუძნდა. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში ის მეორე ადგილზე იმყოფება, ერთ სტარტაპზე მიღებული საშუალო ინვესტიციის მოცულობით ის აშშ-საც უსწრებს. თითოეულმა ახალმა ჩინურმა AI-სტარტაპმა 2022 წელს საშუალოდ $71 მილიონი მოიზიდა.

საინტერესოა, რომ რეიტინგში მესამე პოზიციას არა რომელიმე აზიური, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო, არამედ დიდი ბრიტანეთი იკავებს. ბრიტანეთში 2013-დან 2022 წლამდე პერიოდში 630 ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი დაფუძნდა, რომელთაც $18 მილიარდამდე ინვესტიცია მოიზიდეს. მეოთხე პოზიციას რეიტინგში ისრაელი იკავებს. ხუთეულში კი კანადა ხვდება. მომდევნო ადგილებზე, შესაბამისად, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონია, გერმანია და სინგაპურია.

ქვეყანასტარტაპების რაოდენობა (2013-2022)კერძო ინვესტიციები (2013-2022)
#1 აშშ4643$249 მილიარდი
#2 ჩინეთი1337$95 მილიარდი
#3 გაერთიანებული სამეფო630$18 მილიარდი
#4 ისრაელი402$11 მილიარდი
#5 კანადა341$9 მილიარდი
#6 საფრანგეთი338$7 მილიარდი
#7 ინდოეთი296$8 მილიარდი
#8 იაპონია294$4 მილიარდი
#9 გერმანია245$7 მილიარდი
#10 სინგაპური165$5 მილიარდი

საინტერესოა ისიც, თუ რა ინდუსტრიები ჭარბობენ ხელოვნური ინტელექტის ახლად დაარსებულ სტარტაპებში. 2022 წელს ყველაზე მეტი ჯანდაცვაზე კონცენტრირებული AI-სტარტაპი დაფუძნდა, რომელთაც $6.1 მილიარდის მოცულობის ინვესტიციების მობილიზება შეძლეს. საკმაოდ მსხვილი წილი უკავია მონაცემთა მენეჯმენტისა და დამუშავების AI-სტარტაპებსაც. გასულ წელს, დაახლოებით $5.5 მილიარდის მობილიზება შეძლეს ფინტექ-ინდუსტრიაზე კონცენტრირებულმა სტარტაპებმა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები კი კიბერუსაფრთხოების სექტორში ოპერირებადმა სტარტაპებმა მიიღეს ($5.4 მილიარდი).

მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისა და სტარტაპების როგორც რაოდენობა, ისე მათ განსავითარებლად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს კი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მქონე კომპანიების წარმატება იძლევა.