აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანთან სავაჭრო ურთიერთობაშია, აშშ-სთან 25%-იანი ტარიფი დაუწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ხელისუფლების მიერ ძალადობრივად ჩახშობის საპასუხოდ მიიღეს, რათა ირანის მთავრობაზე წნეხი გაზარდონ.
„დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ვაჭრობს, გადაიხდის 25%-იან ტარიფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში. „ბრძანება საბოლოოა“, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ OPEC-ის წევრი ირანი მძიმედსანქცირებული სახელმწიფოა. მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს ნავთობის მიმართულებით ჩინეთი, თურქეთი, ერაყი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები წარმოადგენს.
ირანისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოც. 2024 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან $322 მილიონი იყო. 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით კი სავაჭრო ბრუნვამ $262 მილიონი შეადგინა. საქართველოდან ირანში ძირითადად ხე-ტყის მასალა გადის, ირანიდან კი საქართველოში ძირითადად სამშენებლო მასალების იმპორტი ხორციელდება.
ჯერჯერობით თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, უცნობია, გავრცელდება თუ არა ტარიფები საქართველოზეც. თავად აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, გამონაკლისების არსებობა ნაკლებსავარაუდოა.
ირანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც 2022 წლით თარიღდება, ირანმა საკუთარი პროდუქციის ექსპორტი აღნიშნულ წელს 147 ქვეყანაში განახორციელა.
















