რაც დრო გადის, მით მეტად ხდება საჭირო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდა. ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება სულ უფრო იზრდება და მომდევნო წლებისთვისაც არ გვაქვს სახარბიელო პროგნოზები. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება, ფასები ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე განუხრელად მატულობს და მოსალოდნელი რეალობაა, რომ ამ პროცესს მწვავე ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბუნებრივი გაზის მოპოვება იმ დონეზე გავზარდოთ, რომ ამით ქვეყნის შიდა მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაკმაყოფილოთ. თუმცა, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის ხარჯზე მინიმუმამდე შევამციროთ ელექტროენერგიის იმპორტი და გავხდეთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა. ამიტომაც, აუცილებლად გაორმაგებული თუ გაასმაგებული ძალებით უნდა დავიწყოთ ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის განვითარება.
2009 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის დინამიკას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მძიმე შედეგები გვაქვს. რეკორდულად იზრდება ელექტროენერგიის იმპორტი. 2021 წლის 8 თვის ფაქტობრივი და 4 თვის საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წლების ყველა რეკორდს მოხსნის – 2 მლრდ 523 მლნ კვტ.სთ მაჩვენებლით.
ექსპორტის მიმართულებით საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი 2010 წელს ჰქონდა. ამ წელს ექსპორტის მოცულობამ 1მლრდ 524 მლნ კვტ.სთ შეადგინა, თუმცა მომდევნო წლებში მოხმარების ზრდის პარალელურად, მინიმუმ იმავე ტემპით არ გაზრდილა წარმოების დინამიკა, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოგვიტანა. ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში. თუნდაც მიმდინარე წლის მონაცემები რომ ავიღოთ, (13 მლრდ 517 მლნ კვტ. სთ – 8 თვე ფაქტობრივი, 4 თვე საპროგნოზო) 2019 წლის მოხმარების წლიურ მაჩვენებელს (12 მლრდ 767 მლნ კვტ.სთ) 5.9%-ით აღემატება. თავის მხრივ, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 1.5%-ით მეტი იყო 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია: რაც შეიძლება მალე გაგრძელდეს გაჩერებული ობიექტების მშენებლობა და ვიფიქროთ ელექტროენერგიის წარმოების ახალ ობიექტებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ენერგოობიექტი გარემოზე მინიმალურ ზიანს ახდენდეს. ამ ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც სახელმწიფო, ასევე კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული ობიექტის მშენებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ზოგიერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია ენერგოობიექტების მშენებლობის მომხრეებს ახასიათებს ისე, თითქოს ამ უკანასკნელთ არც შესაბამისი განათლება ჰქონდეთ და არც ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავდნენ. ხუთი წელია, რაც სემეკში ვსაქმიანობ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებული არიან პროფესიონალი კადრები, ენერგეტიკოსები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას უწევენ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ენერგოსექტორის წარმომადგენლებს. არსებობს საკითხები ენერგეტიკაში, სადაც ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით მოწინავე პოზიციები გვიკავია. მხოლოდ სემეკის მაგალითი რომ ავიღოთ, კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოს, ხოლო კომისიის წევრი მაია მელიქიძე ამჟამად ხელმძღვანელობს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას. ეს არის ორი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც გარკვეულწილად „ამინდს ქმნიან“ ენერგეტიკაში, საერთაშორისო მასშტაბით.
რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას არ გულისხმობს და გვაქვს ელექტროენერგეტიკის სექტორში გენერაციის სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურები. სემეკში განსაკუთრებულად ვუწყობთ ხელს განახლებადი ენერგიების ათვისებას, მათ შორის – საყოფაცხოვრებო პირობებშიც. მოგეხსენებათ ნეტო აღრიცხვის პროექტი, რომელიც დროთა განმავლობაში, საზოგადოების მხრიდან შესაბამისი დაკვეთის პარალელურად განიცდის პროგრესს და სულ უფრო მეტად ვითარდება. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია, ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ამჟამად არ აღემატება 500 კილოვატს. მომხმარებელს შეუძლია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დაამონტაჟოს A წერტილში – მაგალითად, მცხეთაში, ხოლო მოხმარება განახორციელოს B წერტილში, იმავე ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ნებისმიერ არეალში – მაგალითად, კახეთში. დღეისათვის ნეტო აღრიცხვის სისტემაში სულ ჩართულია 313 ობიექტი, ჯამურად 11 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრით.
თუ გვინდა, რომ გვქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა, შევამციროთ იმპორტი, დაჩქარებული ტემპით უნდა განვავითაროთ ჰიდროელექტროსადგურებისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობა. ამის განსაკუთრებულ აუცილებლობას ვიგრძნობთ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისას. ბირჟაზე მოხდება ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრა ბაზრის მონაწილეების განაცხადების შესაბამისად შედგენილი მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდების გადაკვეთის წერტილის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წონასწორობის წერტილს და განსაზღვრავს დღით ადრე ბაზარზე კონკრეტულ საათში ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობასა და საბაზრო ფასს.
ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას წარმოადგენს, რაც გულისხმობს კონკურენციის, გამჭვირვალობისა და ბაზრის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას. მეორე მხრივ, ბირჟა უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას, გამჭვირვალე და სამართლიან ფასწარმოქმნასა და ლიკვიდურობას მაღალ დონეზე. ამასთან, ბირჟის ამოქმედება უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორის დაინტერესებას საქართველოს ენერგორესურსების გამოყენებითა და ადგილობრივი წარმოების ობიექტების მშენებლობით. ამ და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია, დროულად გაეცეს პასუხები გაჩერებულ ენერგოობიექტებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, მივცეთ საშუალება ინვესტორებს, განახორციელონ ინვესტიციები ენერგეტიკაში, მივცეთ ქვეყანას იმის საშუალება, რომ შემცირდეს ელექტროენერგიის იმპორტი და დროთა განმავლობაში საქართველო კვლავ გახდეს ნეტო-ექპორტიორი ქვეყანა.