აქტივები (ინგლისურად Assets) არის ადამიანის, კომპანიის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსები, რომლებსაც შემოსავლის მოტანა შეუძლიათ. აქტივები ქონებისგან განსხვავებით მხოლოდ იმ ფასეულობებს მოიცავს, რომელსაც შემოსავლის მიღების მიზნით ვფლობთ.
ბიზნესში სიტყვა „აქტივები“ ძირითადად ბუღალტრული დანიშნულებით გამოიყენება და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას გამოხატავს. რაც მეტია კომპანიის აქტივები, მით მეტია შემოსავლის მიღების პოტენციალი. აქტივები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშში (ბალანსში) არის მოცემული. ის შეიძლება მოიცავდეს ნაღდ ფულს, ფასიან ქაღალდებს, წარმოების საშუალებებს, შენობებს, მარაგებს, მისაღებ თანხებს, პატენტებს, სავაჭრო ნიშნებს და ა.შ.
აქტივები იყოფა მიმდინარე და გრძელვადიან აქტივებად. გრძელვადიანს მიაკუთვნებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება, ხოლო მიმდინარე აქტივები არის ნაღდი ფული (ხელზე და ბანკში ანგარიშზე) და ის აქტივები, რომლებიც მაქსიმუმ ერთ წელში გადაიცლვება ფულზე.
მაგალითად, 2021 წლის მარტის ბოლოს კომპანია „ეფლის“ აქტივები 337 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც გრძელვადიანი აქტივები 216 მილიარდი დოლარის იყო, ხოლო მიმდინარე 121 მილიარდი დოლარის. მიმდინარე აქტივებში ყველაზე დიდი წილი – 38 მილიარდი დოლარი ნაღდ ფულს ეკავა, ხოლო გრძელვადიანი აქტივებიდან 135 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებზე მოდიოდა.