რა არის ბარტერი?

რა არის ბარტერი?

ბარტერი (ინგლისურად barter) არის საქონლისა და მომსახურების ერთმანეთში გაცვლა ფულის გარეშე. მაგალითად, თუ ერთი ადამიანი თავის ტელეფონს მეორე ადამიანს გაუცვლის კომპიუტერში, ეს გაცვლა იქნება ბარტერი. უძველეს დროში ადამიანებმა ერთმანეთში ვაჭრობა სწორედ ბარტერით დაიწყეს, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ფული და გაცვლის ერთადერთი გზა ბარტერი იყო. საქართველოში ბარტერს „ნატურით ვაჭრობასაც“ ეძახიან.

ფულის გამოგონებამ ბარტერის გამოყენების სიხშირე მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა მას დღემდე მიმართავენ, კომპანიებიც კი. მისი უპირატესობა გაცვლის ნაკლები ხარჯებია, მაგრამ რთულია, ყოველთვის მოინახოს ორი მხარე, რომლებსაც გარკვეული საქონლისა და მომსახურების გაცვლა აწყობთ. ბარტერს ხშირად იყენებენ დავალიანების დასაფარავად. მაგალითად, თუ კომპანიამ იყიდა გარკვეული ნედლეული და დავალიანებას ვერ იხდის, ნედლეულის მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია, მის მიერ წარმოებული მზა პროდუქციით დაფაროს დავალიანება.