რა არის ბედნიერება? ფილოსოფიური გაგებით, „ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და დანიშნულებაა“ (არისტოტელე). რომც დავეთანხმოთ არისტოტელეს 2300 წლის წინანდელ ამ მოსაზრებას, როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ (გავზომოთ) იგი, მისი ხარისხი, ზომა-წონა? დიდია, საშუალო, მცირე თუ სულაც მინუს ნიშნითაა (ანუ უბედურება)?
ენციკლოპედიურად, ბედნიერება განიმარტება როგორც „სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზებია ყოფიერების პირობებით, ცხოვრების შინაარსიანობით, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფილება. მისი საწინააღმდეგოა უბედურება, რომლის ნიშნებად ძველი ბერძნული ფილოსოფიის დროებიდან ითვლება მოუსვენრობა, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა რაიმე მოქმედებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად“. მართლაც, საკმაოდ ფილოსოფიურადაა ჩახუჭუჭებული. ვისთვის ბედნიერება ჭიქა არაყია, ვისთვის, სულ მცირე, ერთი მილიონი – დოლარებში ან ევროში. ცოტა ხნის წინ ერთი წუთი დაგვაკლდა ბედნიერებამდე – გაგვიტანეს მაინც ესპანელებმა.
ჩვენს ინდექსირებულ ეპოქაში, ვიღაცებმა ბედნიერების რაოდენობრივად გაზომვა გადაწყვიტეს. თუ როგორ გამოუვიდათ ეს ან საერთოდ გამოუვიდათ თუ არა, ამას ვნახავთ ქვემოთ.
იმ უამრავ ინდექსს შორის, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ქვეყნდება, ფეხს იკიდებს შედარებით ახალი ინდექსი, რომელსაც „ბედნიერების მსოფლიო ინდექსი“ (World Happiness Report) ჰქვია. პირველი მსოფლიო ინდექსი 2012 წელს გამოქვეყნდა „გაეროს“ ეგიდით და ყოველწლიურად ხდება მისი განახლება. ამ ინდექსის მიხედვით, მოსახლეობის ბედნიერება მიჩნეულია სოციალური პროგრესისა და პოლიტიკური პროცესების ეფექტიანობის საზომად. საკმაოდ განსხვავებულია არისტოტელესგან, მაგრამ რაღაცით მაინც ჰგავს.
ინდექსის დასახელება რომ ზედმეტად აბსტრაქტულია, ნათელია. სინამდვილეში არ ასახავს იმას, რასაც ეს რეიტინგი აჩვენებს, ანუ აქვე რომ შევაჯამოთ, ვერ დაგვიდგინა ბედნიერების ფილოსოფიური თუ ყოფითი ხარისხი. სათაური არ გამოხატავს მის შინაარსს და დამაბნეველია. თუ ამ იდექსის დასახელებას უკუღმა წავიკითხავთ, გამოდის, რომ შეუქმნიათ „უბედურების მსოფლიო ინდექსი“. ეს კი არავის მოეწონება და საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდება, თუ რამდენად ადეკვატურია მისი სათაური და მიღებული შედეგები.
არის სხვა, უფრო ადრე შექმნილი, „ბედნიერი პლანეტის ინდექსი“ (Happy Planet Index), რომელსაც New Economic Foundation-ი აკეთებს და რომელიც უფრო ახლოსაა თავის დასახელებასთან, მაგრამ ესეც კომბინირებული მაჩვენებლების ინდექსია. ამ შემთხვევაში სულ სამი მაჩვენებელი გამოიყენება: ცხოვრებით სუბიექტური კმაყოფილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეკოლოგიური ვითარება. ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ეკონომიკური მაჩვენებლები არ გამოიყენება.
ეს არარეგულარული ინდექსია. პირველი გამოქვეყნდა 2006 წელს, ბოლო განახლება კი 2016 წელს მოხდა. ამ ინდექსის მიხედვით საქართველო საკმაოდ „სიმპათიურად“ გამოიყურება, მე-40 ადგილი უჭირავს. ეკონომიკურ ვითარებაზე თუ თვალს დავხუჭავთ, „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“ თუკი სადმე არის, ეს კოსტა-რიკაა – პირველი ადგილი, მექსიკა – მეორე, კოლუმბია – მესამე, ვანუატუ – მეოთხე, ვიეტნამი – მეხუთე და ასე შემდეგ, სხვა „ბედნიერი“ ადამიანებით დასახლებული არცთუ ისე მდიდარი ქვეყნები. უფრო აღიარებულ, „გაეროს“ რეიტინგში სტაბილურად მოწინავე ფინეთი ამ ინდექსით მხოლოდ 37-ეა და უშუალოდ ჩვენს მეზობლად იმყოფება. ამაზე ცოტა ქვემოთ.
როგორც ვხედავთ, „ბედნიერება“ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პარამეტრებით გაზომავ მას. რაც უფრო მეტია ეკონომიკური მაჩვენებლები, მით უფრო სცილდება შედეგები რეიტინგის დასახელების შინაარსს და საბოლოო ჯამში ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის დონის დადგენამდე მივდივართ. ეს ინდექსი უკვე სხვა ინდექსების „კომპეტენციაში“ იჭრება, თავისებური დუბლირება გამოდის. „გაეროს“ ამ ახალგაზრდა ინდექსმა ჯერ კიდევ უნდა მოიპოვოს თავისი ადგილი სერიოზული და პატივსაცემი ინდექსების გვერდით.
უფრო ახლოს ბედნიერების არისტოტელესეულ გაგებასთან არის „გელაპის” ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. ესაა „ნამდვილი“ ბედნიერების რეიტინგი ყოველგვარი ეკონომიკისა და ეკოლოგიის გარეშე, სადაც მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა იყო დასმული: როგორ გრძნობენ თავს – კარგად, ცუდად თუ არც ისე და არც ასე. ბედნიერი ადამიანების ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობა აღმოჩნდა ფიჯიში (ალბათ რაგბი აბედნიერებთ ჩვენსავით), შემდეგ მოდის ნიგერია, ნიდერლანდები, შვეიცარია, კოლუმბია, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, დანია, ბრაზილია. ომის ქარცეცხლში მყოფ ავღანეთში უფრო იყვნენ ადამიანები ბედნიერები, ვიდრე ლიტვაში, სერბეთში, ან ეგვიპტეში, რომლებიც ამ გამოკითხვაში ბოლო ადგილებზე არიან. საქართველო ამ გამოკითხვაში არ ფიგურირებს. ავღანეთი კი იმიტომ ვახსენე, რომ „გაეროს“ ბედნიერების ინდექსით, სადაც ფინეთი პირველ ადგილზეა, ავღანეთს ბოლო, 153-ე ადგილი უჭირავს. ეტყობა, ხალხი იმით არის ბედნიერი, რომ ცოცხალი გადარჩა.
მოკლედ, დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ რეიტინგს. იგი დგება ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის, სოციალური მხარდაჭერის, კორუფციის დონის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის, თავისუფლების ხარისხისა და სხვა სოციალურეკონომიკური კრიტერიუმების მიხედვით.
2021 წლის მაჩვენებლებით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები, როგორც უკვე აღინიშნა, ფინეთში ცხოვრობენ. ეს ქვეყანა ზედიზედ მეოთხე წელია, პირველობას არავის უთმობს. ეს ადგილი ფინეთმა მეზობელ ნორვეგიას ჩამოართვა. ლიდერთა ათეულში არიან: დანია, შვეიცარია, ისლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია და ავსტრია.
ბედნიერების ამ ინდექსის მიხედვით იგულისხმება, რომ ფინელი ხალხი ენდობა თავის ხელისუფლებას, ცხოვრობს ხანგრძლივად და კმაყოფილია არსებული პირობებით.
სადაა საქართველო?
პირველ გამოკითხვაში საქართველო 146-ე ადგილს იკავებდა მსოფლიოში 156 ქვეყანას შორის. შემდეგ ნელ-ნელა წინ წავიწიეთ. 2016 წელს ვიყავით 126-ე, 2017 წელს 125-ე, 2018 წელს 128-ე, 2019 წელს 119, 2020 წელს 117-ე, 2021 წელს კი 108-ე ადგილზე ვართ. მიუხედავად წინსვლისა, როგორც ვხედავთ, მდგომარეობა არასახარბიელოა. ყველა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენზე „ბედნიერია“. უფრო მეტიც, მხოლოდ უკრაინელები (110-ე ადგილი) ყოფილან ჩვენზე უბედურები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ალბათ „გელაპიც“ განაახლებს თავის ერთშეკითხვიან ბედნიერების „ნამდვილ“ ინდექსს. იმედია, არც ჩვენ დაგვტოვებენ გამოკითხვის მიღმა. აი, მაშინ კი მაქვს იმედი მოწინავე პოზიციების დაკავების. რთველს თუ დაემთხვა და თანაც ესპანეთს ფეხბურთში რევანში ავუღეთ, რა ფიჯი და ვანუატუ, სულაც რეიტინგის თავში მოვექცევით.