რა არის CSR და რა როლი აქვს კორპორაციულ პასუხისმგებლობას კომპანიების საქმიანობაში

რა არის CSR და რა როლი აქვს კორპორაციულ პასუხისმგებლობას კომპანიების საქმიანობაში

კორპორაციული პასუხისმგებლობა შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ხშირად გვხვდება სხვადასხვა ტერმინი, რაც დაბნეულობას იწვევს. სინამდვილეში ტერმინები, როგორიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR); კორპორაციული პასუხისმგებლობა (CR); გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები (ESG); ბიზნესის მდგრადობა, კორპორაციული მდგრადობა და სხვა მრავალი, თითქმის ერთსა და იმავე იდეას გამოხატავს. აქ მთავარია, რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია გარემოსა და საზოგადოების წინაშე, როგორ მართავს თავის უარყოფით და დადებით ზეგავლენებს, რა ღირებულებების გარშემო აერთიანებს საკუთარ ბრენდს, როგორ ურთიერთობს თანამშრომლებთან და რამდენად ეთიკურად ოპერირებს ბაზარზე.

რომ შევაჯამოთ, CSR არის კომპანიის მიერ, არა კანონით დაკისრებული, არამედ საკუთარი სურვილით აღებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რათა მართოს ის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენები, რომლებსაც ის გარემოზე ახდენს.

დღევანდელ სამყაროში კომპანიები თავიანთ პასუხისმგებლობას და ამ მიმართულებით განხორციელებულ თითოეულ ინიციატივას მდგრადი განვითარების მიზნებს უკავშირებენ.

2015 წელს გაეროს 193-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანს (Sustainable Development Goals). ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო. ყველა ხელმომწერი პასუხისმგებლობას იღებს, რომ 2030 წლამდე ყველაფერს გააკეთებენ, რათა ის პრობლემები აღმოფხვრან, რომლებსაც აღნიშნული 17 მიზანი ფარავს. მანამ, სანამ აღნიშნული მიზნები გამოვლინდებოდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა კვლევა და ეს არის ის 17 პრობლემა, რომლებიც მთელ მსოფლიოს აწუხებს და აერთიანებს. იხილეთ ქვემოთ მათი ჩამონათვალი:

კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიის დაკავშირება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიზნესს წვლილი შეაქვს ისეთი მასშტაბური პრობლემების დაძლევაში, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, სიღარიბის დამარცხება, კლიმატის ცვლილებები, გენდერული საკითხები და სხვა. შეუძლებელია, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთმა სექტორმა შეძლოს, აქ აუცილებელია პარტნიორობა – პარტნიორობა კერძო სექტორს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საჯარო უწყებებს შორის. გაერთიანებული რესურსებით (ადამიანური და ფინანსური) ბევრად უფრო მარტივად შევძლებთ, მიზანს მივაღწიოთ – გადავჭრათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სოციალური პრობლემები, ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული გამოწვევები და სხვა მრავალი.

თუმცა ბიზნესის მდგრადი განვითარება არ ნიშნავს, რომ კომპანია თავის რესურსს სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში ხარჯავს, სანაცვლოდ კი არაფერს იღებს. როდესაც კომპანია უანგაროდ გასცემს ნებისმიერ რესურსს, ეს არის ქველმოქმედება, ხოლო როდესაც კომპანიამ ზუსტად იცის, რა საკითხზე უნდა იმუშაოს და გრძელვადიანად აქვს დაგეგმილი თავისი ყველა ნაბიჯი, ამას კომპანიისთვის ფინანსური მოგებაც აუცილებლად მოაქვს.

მაშინ როდესაც ბიზნესი ოპერირებს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მუდმივად ჩნდებიან ახალი კომპანიები, რთულია, მხოლოდ ფასითა და ხარისხით მოიპოვო ადამიანების ლოიალობა. მნიშვნელოვანია, იყო განსხვავებული, გამორჩეული მომხმარებელი და თანამშრომელი ამაყობდეს შენი ბრენდით, უხაროდეს შენთან თანამშრომლობა. სწორედ აქ ჩნდება ის ღირებულებები, რაზედაც დგას კომპანია. კორპორაციული პასუხისმგებლობა ბრენდის ნაწილია – რა თემაზე იღებს კომპანია პასუხისმგებლობას და რა ღირებულების გარშემო აერთიანებს ის თავის დაინტერესებულ მხარეებს, რით იზიდავს და რით გადის ახალ სეგმენტზე.

მაგალითად, კომპანია, რომელიც საუბრობს გარემოს დაცვაზე, ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროექტს და ჩართულია სხვადასხვა ინიციატივაში, ლოგიკურია, რომ, როდესაც ბუნებით გარემოს დამცველი ადამიანი მაღაზიაში შევა და ამ კომპანიასა და მის კონკურენტ კომპანიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება (დაახლოებით ერთნაირი ფასის შემთხვევაში), ის ყოველთვის იმ კომპანიას მიანიჭებს უპირატესობას, რომელთანაც ღირებულებებით ახლოსაა.

შესაბამისად, კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობა გვეხმარება, მოვიზიდოთ უფრო მეტი ლოიალური მომხმარებელი და შევინარჩუნოთ ლოიალური და კმაყოფილი თანამშრომლები. სწორედ ეს ღირებულებები განაპირობებს ნებისმიერი კომპანიის წარმატებას.

თუმცა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის აღრიცხვა მოვახდინოთ და ვიცოდეთ, რა შედეგი მოიტანა ჩვენმა საქმიანობამ, მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ ისიც, რა შედეგის მიღწევა გვსურს გრძელ ვადაში (მაგალითად, 2027 წლისთვის შევამციროთ ნარჩენები 50%-ით) და შევიმუშაოთ ის საზომი ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად განვსაზღვროთ ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯის ზეგავლენა. იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოვიქცევით, ყველა ჩვენი CSR-პროექტი თუ ინიციატივა წყალში გადაყრილი რესურსი იქნება, რადგან კომპანიას არასდროს ეცოდინება, რა მოგება მოიტანა ამ ყველაფერმა.

იმისათვის, რომ კომპანიამ ეფექტიანად მართოს თავისი რესურსები და დასახულ მიზნებს მიაღწიოს, აუცილებელია, შემუშავდეს კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია. სტრატეგიაზე მუშაობის დროს ბიზნესი ნათლად დაინახავს მის დადებით და უარყოფით ზეგავლენებს, დაისახავს გრძელვადიან მიზნებს, მიზნების მისაღწევად დაგეგმავს სხვადასხვა აქტივობას და, საბოლოოდ, ყოველწლიურად გამოაქვეყნებს მდგრადი განვითარების ანგარიშს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მის შედეგებს გააცნობს. ეს ყველაფერი კი გარანტიაა იმისა, რომ ბრენდი პოზიციონირდება, როგორც რომელიმე კონკრეტულ თემაზე (მაგალითად, გარემო, განათლება ან სხვა) პასუხისმგებელი კომპანია და ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს შემოიკრებს გარშემო. ეს ყველაფერი კი გვაძლევს შესაძლებლობას, გვყავდეს ძლიერი და ლოიალური ქომუნითი, როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება კომპანიის ფინანსურ მოგებაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, იმ გარემოში, რომელშიც ახლა კომპანიებს უწევთ ოპერირება, რთულია, გაუძლო კონკურენციას, თუ მხოლოდ ფასზე აკეთებ აქცენტს. აუცილებელია, იყო გამორჩეული, მოსაწონი, საამაყო ბრენდი.

საქართველოში ამ ბოლო დროს ამის ძალიან კარგი მაგალითი გახდა „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელმაც გადადგა პირველი ნაბიჯი და მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული CRS-სტრატეგია შეიმუშავა. ამ ყველაფრის ფონზე კი ზუსტად ეცოდინება, რომელ თემებზე უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ თავის გარშემო შემოიკრიბოს ლოიალური მომხმარებლები, პარტნიორები და თანამშრომლები, რაც, საბოლოო ჯამში, აუცილებლად აისახება არა მხოლოდ კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე, არამედ გაზრდის მის ფინანსურ მოგებას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოიზიდავს საერთაშორისო ეთიკურ ინვესტორებს.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ, ჩემი აზრით, „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ CSR-სტრატეგიის შემუშავებას აუცილებლად ექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზეგავლენა. კომპანიას შეუძლია, გახდეს ერთგვარი ტრენდ-სეთერი და სხვა კომპანიებს მისცეს მაგალითი იმისა, როგორ უნდა მართო საკუთარი ზეგავლენები და მიაღწიო დასახულ მიზნებს. S

 ავტორი: ელენე ჩხეიძე – CSR Agency-ის პარტნიორი