ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ის განაკვეთი, რომელსაც რეალურად ფარავს ფულის მსესხებელი. მაგალითად, შესაძლოა, თანხა ისესხო წლიურ 15%-ად, მაგრამ რეალურად ყოველწლიურად იხდიდე 17%-ს. სწორედ, ეს 17% არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ სესხის განაკვეთთან ერთად მასში შედის ყველა ის ხარჯი, რაც უკავშირდება სესხის გაცემას. მაგალითად, საკომისიოები, იპოთეკით დატვირთვის და ხელშეკრულების გაფორმების ხარჯები, დაზღვევა და ა.შ.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მითითებული არის ხოლმე სესხებისა და ანაბრების ხელშეკრულებებში. ეს სესხის ამღებს ან მეანაბრეს ეხმარება, რეალურად შეაფასოს, რომელი ბანკი თუ სხვა საფინანსო დაწესებულება სთავაზობს უკეთეს პირობებს, რადგან უშუალოდ სესხის პროცენტი, რომელსაც ნომინალურ განაკვეთს უწოდებენ, შესაძლოა დაბალი იყოს (კონკურენტის განაკვეთთან შედარებით), მაგრამ ეფექტური განაკვეთი გაცილებით მეტი იყოს. ესე იგი, ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას ის ხარჯები ქმნიან, რომლებიც სესხის ამღებს სესხის დამუშავების, გაცემისა და მომსახურებისთვის ეკისრება.
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, რომ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს აღემატებოდეს.