რა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი?

რა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი?

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ცენტრალური (ეროვნული) ბანკების მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. თავად მონეტარული პოლიტიკა იგივე ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რომლის მეშვეობით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში ფულის ბაზარზე აქვს გავლენა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის სარგებლის განაკვეთი, თუ რამდენ პროცენტში აიღებენ კომერციული ბანკები რეფინანსირების სესხებს ეროვნული ბანკისგან.

დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ცენტრალური ბანკების საქმიანობის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობაა, ანუ მაღალი ინფლაციის არდაშვება. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს აქტიურად იყენებენ. მაგალითად, როდესაც ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის, კომერციული ბანკების ზრდიან მათ მიერ გაცემული და გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რაც ქვეყანაში საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას ამცირებს და ფასების ზრდას აჩერებს ან ანელებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას მოლოდინების კუთხითაც დადებითი გავლენა აქვს ინფლაციაზე.

საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იღებს, რომელიც კვარტალში ორჯერ იკრიბება. ამჟამად საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ია, რაც საკმაოდ მაღალია. მონეტარული პოლიტიკის 10.5%-მდე ზრდის მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.