მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (ინგლისურად Purchasing Power Parity (PPP)) არის სხვადასხვა ვალუტების მსყიდველობითი უნარის გათანაბრების მეთოდოლოგია. რადგან ქვეყნებს შორის ფასებში სხვაობაა, ერთი და იმავე რაოდენობის ფულს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს. მაგალითად, აშშ-ში 100 აშშ დოლარით სხვა რაოდენობის საქონელს და მომსახურებას იყიდი, ვიდრე ჩინეთში, ბრაზილიაში ან საქართველოში. ძირითადად, ფასები უფრო მაღალი მდიდარ ქვეყნებშია. შესაბამისად, ღარიბ ქვეყნებში ფულს მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს.
PPP-ის მეთოდოლოგია ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს. მაგალითად, ნომინალურ გამოსახულებაში, 2021 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 5,000 აშშ დოლარი იყო, აშშ-ში კი 69,200 აშშ დოლარი. რადგან აშშ-ში ფასების დონე უფრო მაღალია, PPP-ს თუ გავითვალისწინებთ საქართველოსთან მიმართებით, ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 16,900 PPP დოლარამდე იზრდება. ანუ, საქართველოში დახარჯულ 1 დოლარს აშშ-ში დახარჯულ 1 დოლარზე 3.4-ჯერ მეტი მსყიდველობითი უნარი აქვს. გამოდის, რომ საქართველოში მიღებული და დახარჯული 1,000 დოლარის შემოსავალი (მაგალითად ხელფასი, რაც ლარში 3,000 ლარამდეა), აშშ-ში მიღებული 3,400 დოლარის შემოსავლის ტოლფასია მსყიდველობითი უნარით.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტს ძირითადად მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლიან ყველა ქვეყნისთვის. PPP-ს მიხედვით დათვლილი მაჩვენებლები ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შესადარებლად გამოიყენება და არა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების შესაფასებლად.