რა არის მთლიანი ეროვნული შემოსავალი?

რა არის მთლიანი ეროვნული შემოსავალი?

მთლიანი ეროვნული შემოსავალი (შემოკლებით – მეშ) არის ქვეყნის რეზიდენტების მიერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ჯამი. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მოიცავს როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებულ შემოსავალს, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეზიდენტების მიერ მიღებულ შემოსავალს. ეს შემოსავლებია: ხელფასი, მოგება, დივიდენტი, რენტა და სხვა.

რაოდენობრივი თვალსაზრისით მეშ-ი მთლიანი შიდა პროდუქტისგან (მშპ) განსხვავდება იმით, რომ არ მოიცავს სხვა ქვეყნების რეზიდენტების მიერ ქვეყანაში მიღებულ შემოსავალს და მოიცავს ამ ქვეყნის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალს. მშპ-ის შემთხვევაში პირიქითაა. მაგალითად, საქართველოს მეშ-ის დათვლის დროს, მშპ-ს აკლდება უცხოელების მიერ მიღებული შესავალი საქართველოში და ემატება ქართველების მიერ მიღებული შემოსავალი საზღვარგარეთ.

ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის დასადგენად მშპ-ი გამოიყენება, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების დონის დასადგენად ერთ მოსახლეზე მშპ-თან ერთად, ხშირად ერთ მოსახლეზე მეშ-საც იყენებენ. მაგალითად, მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შემოსავლების მიხედვით დაჯგუფებისას მეშ-ს იყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *