მთლიანი შიდა პროდუქტი (შემოკლებით – მშპ) ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის მაჩვენებელია. მშპ არის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება. გამოდის, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მის ტერიტორიაზე წარმოებული და საბოლოო გასაყიდ ფასში გამოსახული საქონელი და მომსახურება. მაგალითად, სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც წლის განმავლობაში მხოლოდ 2 მლნ დოლარის ხორბალი და 3 მლნ დოლარის სიმინდი მოჰყავთ. ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 5 მლნ დოლარი.
2020 წელს საქართველოში 3.6 მილიარდი ლარის სოფლის მეურნეობის პროდუქცია იწარმოა, 4.6 მილიარდი ლარის პროდუქცია გადამუშავდა (მრეწველობა), 3.7 მილიარდი ლარის ობიექტები აშენდა, 6.4 მილიარდი ლარი ვაჭრობამ შექმნა, 2.6 მილიარდი ლარი სატრანსპორტო მომსახურებამ და ასე შემდეგ რომ გავაგრძელოთ, ყველა დარგმა ერთად 49 მილიარდი ლარის ეკონომიკა შექმნა. სწორედ ეს 49 მილიარდი ლარი იყო საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, იგივე საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს.
მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელიცაა. როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის საშუალო შემოსავლის დადგენა უნდათ, გაანგარიშება მთლიანი შიდა პროდუქტის მოსახლეობის რიცხვთან შეფარდებით ხდება. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 13,234 ლარი იყო, რადგან მშპ-ის (49 მილიარდი ლარი) მოსახლეობის რიცხვთან (3.7 მილიონი) ფარდობა აღნიშნულ რიცხვს გვაძლევს.