ორმაგი დაბეგვრა (ინგლისურად Double Taxation) არის საგადასახადო პრინციპი, როდესაც ერთი და იგივე აქტივი, შემოსავალი, მოგება ან დივიდენდი ორჯერ იბეგრება. ორმაგი დაბეგვრა აქტუალურია საერთაშორისო დონეზე, როდესაც ერთ აქტივს ან შემოსავალს ორი ქვეყანა ბეგრავს. მაგალითად, შესაძლოა, ქართულმა კომპანიამ დაიქირაოს უცხოელი – დავუშვათ, ავსტრიელი კონსულტანტი და მისთვის გადახდილი ხელფასი საქართველოს კანონმდებლობით დაიბეგროს 20%-ით (საშემოსავლო გადასახადი). ამავე დროს, აღნიშნული ავსტრიელი კონსულტანტის შემოსავალი შესაძლოა, ავსტრიამაც დაბეგროს 25%-ით. გამოვა, რომ პირმა ერთ შემოსავალზე ორჯერ გადაიხადა გადასახადი, ანუ ორმაგად დაიბეგრა.
ორმაგი დაბეგვრა აფერხებს საერთაშორისო ეკონომიკურ საქმიანობას. ამიტომ, ქვეყნები თანხმდებიან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე. როგორ გადანაწილდება საგადასახადო ტვირთი ქვეყნებს შორის, აქ უნივერსალური სტანდარტი არ არსებობს. ქვეყნები ერთმანეთთან მოლაპარაკებით დებენ თანხმობას ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ. საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმება 57 ქვეყანასთან აქვს დადებული.