საიმპორტო კვოტა (ინგლისურად Import Quota) არის სავაჭრო შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ქვეყნის გარეთ წარმოებული საქონლის ქვეყანაში შემოტანას ზღუდავს. შეზღუდვა შესაძლოა დაწესდეს როგორც საქონლის რაოდენობაზე (რაოდენობრივი კვოტა), ასევე საქონლის ღირებულებაზე (მონეტარული კვოტა). კვოტა დროის პერიოდის მიხედვით წესდება. მაგალითად, ქვეყანამ შეიძლება შეზღუდოს ერთი წლის განმავლობაში 100 ტონა ხორბალზე მეტი ან 100 მლნ დოლარის ხორბალზე მეტი მოცულობის იმპორტი. კვოტა შეიძლება იყოს დაწესებული კონკრეტულ ქვეყნებში წარმოებული საქონლის მიმართ.
საიმპორტო კვოტის მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების დაცვაა. თუმცა შესაძლოა, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ან ზოგადად, ფულის გასვლის შემცირებასაც ემსახურებოდეს.