სარეზერვო ნორმა (ინგლისურად Reserve Requirement) არის დეპოზიტების დარეზერვების მინიმალური დონე, რომელსაც ქვეყნის ეროვნული (ცენტრალური) ბანკი კომერციულ ბანკებს უწესებს. მაგალითად, თუ კომერციულმა ბანკმა მოიზიდა 1,000 ლარის დეპოზიტი და სარეზერვო ნორმა არის 15%, ეს ნიშნავს, რომ ამ თანხის სრულად გასესხება ბანკს არ შეუძლია, მინიმუმ 150 ლარი (1,000-ის 15%) უნდა შეინახოს (დაარეზერვოს). დარეზერვებული თანხა ეროვნულ ბანკში ინახება.
სარეზერვო ნორმის ცვლილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტია. მისი ცვლილებით ეროვნულ ბანკს გავლენა აქვს ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. როდესაც სარეზერვო ნორმას ამცირებს, საპროცენტო განაკვეთებიც მცირდება და სესხები იზრდება. როდესაც ნორმას ზრდის, პირიქით, სესხები მცირდება. სესხების მოცულობის რეგულირების მიზანი ინფლაციის სასურველი დონის მიღწევაა.