ტრანზაქციული დანახარჯები (ინგლისურად Transaction Costs) არის გარიგებასთან დაკავშირებული ხარჯები. ნებისმიერი საქონლის და მომსახურების ყიდვას ან გაყიდვას შეიძლება ახლდეს დამატებითი ხარჯები, მაგალითად, მომხმარებლის/მომწოდებლის მონახვის ხარჯი, კომუნიკაციის ხარჯი, პროდუქტზე ინფორმაციის მოპოვების ხარჯი, კონტრაქტის გაფორმების ხარჯი და ა.შ. სწორედ ამ სახის ხარჯებია ტრანზაქციული ხარჯები, რომლებიც უშუალოდ საქონლისა და მომსახურების ფასში არ შედის, მაგრამ ბუნებრივია, მომხმარებელი ამ ხარჯს ითვალისწინებს, სანამ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ტრანზაქციული ხარჯები გარიგებას აძვირებს.
ტრანზაქციულმა ხარჯებმა ბიზნესში შუამავლების არსებობას შეუწყო ხელი. შუამავალი კომპანია ტრანზაქციულ ხარჯებზე იაფად გემსახურება, სხვა შემთხვევაში არ მიმართავ. თუმცა შუამავალი კომპანიების კონკურენტია ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც ტრანზაქციულ ხარჯებს ამცირებს. ჯერ ტელეფონის გამოგონებამ და შემდეგ ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეუმცირა მომხმარებლებს და კომპანიებს ტრანზაქციული ხარჯები. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება სწრაფად და ფაქტობრივად უფასოდაა შესაძლებელი. ამასთან, ხშირად გარიგებისთვის არ გჭირდება მგზავრობა და სატელეფონო კომუნიკაცია, რაც ხარჯებს ზრდიდა.