ვალდებულებები (ინგლისურად Liabilities) არის კომპანიის ვინმეს მიმართ ვალში ყოფნა, რაც მომავალში კომპანიას ხარჯებით გაზრდის.
ბიზნესში სიტყვა „ვალდებულებები“ ძირითადად ბუღალტრული დანიშნულებით გამოიყენება და კომპანიის დაგროვილ დავალიანებას გამოხატავს. ვალდებულებები კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშში (ბალანსში) არის მოცემული. ის შეიძლება მოიცავდეს ნასესხებ ფულს, სავაჭრო დავალიანებებს, საგადასახადო დავალიანებებს, საიჯარო ვალდებულებებს, გადაუხდელ ხელფასებს, დივიდენდებს და ა.შ.
ვალდებულებები იყოფა მიმდინარე და გრძელვადიან ვალდებულებებად. გრძელვადიანს მიაკუთვნებენ ისეთ ვალდებულებებს, რომელსაც კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა მოემსახუროს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები მაქსიმუმ ერთ წელში უნდა დაიფაროს.
მაგალითად, 2020 წლის ბოლოს კომპანია „ტესლას“ ვალდებულებები 28.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც გრძელვადიანი ვალდებულებები 14 მილიარდი დოლარის იყო, ხოლო მიმდინარე 14.4 მილიარდი დოლარის. მიმდინარე ვალდებულებებში ყველაზე დიდი წილი – 6 მილიარდი დოლარი მომწოდებლებისთვის გადასახდელ თანხას ეკავა, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებებიდან 10 მილიარდი დოლარი ვალებზე (კრედიტებზე) მოდიოდა.