2022-2023 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი, პანდემიის დასრულებასთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი, წინასწარი მონაცემებით, ზრდა 9.3% იყო.
2024 წელი
უკვე სრულად არის ცნობილი 2024 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც 2024 წლის ეკონომიკური ზრდის ფაქტორების მიმოხილვის საშუალებას იძლევა.
ეკონომიკის ზრდაში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩვენებს ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.
მშპ-ის სექტორებად ჩაშლილი მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები გაიზარდა: განათლება – 29%, ინფორმაცია (IT) და კომუნიკაცია – 24%, სახელმწიფო მმართველობა – 18%, ადმინისტრაციული საქმიანობები – 18%, გართობა და დასვენება – 16%, საფინანსო საქმიანობა – 15%. კლება მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების სექტორში დაფიქსირდა -8%.
ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია სექტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 9.4%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა შეიტანა – 1.6% პუნქტი. ეს სექტორი 2022 წელს – 59%-ით, 2023 წელს – 27%-ით, ხოლო 2024 წელს 24%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდა საქართველოში ჩამოსულმა რუსმა, ბელარუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირობეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სფეროში (ინდმეწარმეების ჩათვლით). აქედან, 6,000-მდე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არის რეგისტრირებული საქართველოში და მათი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების 80%-მდე რუსეთის მოქალაქეებისაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2021 წელს – 153 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2024 წელს 527 მლნ დოლარი შეადგინა.
ზრდაში წილით მეორე ადგილზე განათლების სექტორია, რომელიც 29%-ით გაიზარდა და ჯამურ ზრდაში 1.5% პუნქტი წილი შეიტანა. განათლებაში ყველაზე სწრაფად მზარდი უცხოელი სტუდენტების მიღებაა. 2024 წელს უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 6.4 ათასით გაიზარდა, ხოლო ბოლო 3 წელიწადში 20 ათასით არის გაზრდილი და ბოლო მონაცემებით, საქართველოში 37 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
სახელმწიფო მმართველობის ზრდის წილი ჯამურ ზრდაში 1.2% პუნქტია. მასში სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურება იგულისხმება და, გარკვეულწილად, ბიუროკრატიის ზრდასაც მიანიშნებს.
ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი 6.7%-ით გაიზარდა, მაგრამ რადგან ეს სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მსხვილია, ჯამურ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი – 1% პუნქტი შეიტანა. ვაჭრობის ზრდაზე გავლენა ჰქონდა როგორც უცხოელი მიგრანტების რიცხვის ზრდას, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის ზრდას, რამაც ავტომობილების რემონტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.
9.4%-იან ზრდაში 5% პუნქტამდე ისეთ სექტორებზე მოდის, რომელთა ზრდას რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რომ არა ომის გავლენა, ეს სექტორები მაინც გაიზრდებოდა, მაგრამ დაფიქსირებული მაღალი ზრდები აშკარად ომიდან გამომდინარე გარემოებებმა განაპირობა.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2024 წელი
ეკონომიკის სექტორები | მლნ ლარი | ზრდის ტემპი | წილი ეკონომიკურ ზრდაში, % პუნქტი |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 5,147 | 24.3% | 1.6 |
განათლება | 4,591 | 29.1% | 1.5 |
სახელმწიფო მმართველობა | 5,617 | 17.9% | 1.2 |
ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი | 12,185 | 6.7% | 1.0 |
მშენებლობა | 6,735 | 14.2% | 0.9 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 4,693 | 8.3% | 0.8 |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 4,208 | 14.9% | 0.8 |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 3,308 | 16.4% | 0.6 |
სოფლის მეურნეობა | 4,977 | 4.4% | 0.3 |
პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები | 1,902 | 14.1% | 0.3 |
სასტუმროები და რესტორნები | 3,329 | 8.1% | 0.3 |
ჯანდაცვა | 3,012 | 7.5% | 0.3 |
დამმუშავებელი მრეწველობა | 7,463 | 2.1% | 0.2 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 7,912 | 1.7% | 0.2 |
ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება | 2,017 | -8.3% | -0.3 |
სხვა | 3,112 | 4.1% | -0.2 |
მონაცემთა წყარო: საქსტატი
მთლიან შიდა პროდუქტს თუ დანახარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ ეკონომიკის ზრდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტის და შიდა მოხმარების ზრდამ განაპირობა. საქონლის ექსპორტი (რეალურ ფასებში) 3%-ით გაიზარდა, მომსახურების კი 9%-ით. მომსახურების ექსპორტის ზრდა ძირითადად მოდის ტურიზმზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. შიდა მოხმარება, რომელიც მშპ-ის ყველაზე მსხვილი კომპონენტია, 13%-ით გაიზარდა. კაპიტალის ფორმირება 2%-ით გაიზარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ დანაზოგები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურაში არ ჩანს, მაგრამ რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ეკონომიკაზე. ამ მხრივ 2 მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა 2024 წელს, ერთი ეკონომიკის ზრდის და მეორე კლების მიმართულებით:
- საბანკო სექტორის მიერ საქართველოში გაცემული სესხების მოცულობა 18%-ით გაიზარდა. ცალკე აღებული სამომხმარებლო სესხები 28%-ით გაიზარდა, რამაც მოხმარების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სესხების ზრდას ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9.50%-დან 8%-მდე შემცირებამ. ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა ქვეყანაში მოთხოვნასა და მიწოდებას ზრდის, რაც ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორებია.
- საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ზრდა ძირითადად ისრაელიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ვიზიტორების მატებამ განაპირობა.
ეკონომიკის ზრდის ტემპზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა შემდეგ გარემოებებს:
- საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები) 2023 წელთან შედარებით 19%-ით (785 მლნ დოლარით) შემცირდა. ფულადი გზავნილები ქვეყნის შიგნით საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის ერთ-ერთი ფაქტორია. შესაბამისად, ფულადი გზავნილები რომ არ შემცირებულიყო, 2024 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფულად გზავნილებში 2022-2023 წლების რუსული ფულის ბუმი აღარ არის, გზავნილები 2021 წლის მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.
- 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30%-ით შემცირდა. ინვესტიციები ეკონომიკაზე მიწოდების მხრიდან მოქმედებს, ანუ წარმოების ზრდას უწყობს ხელს. თუმცა ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა აქვს არა მხოლოდ საანგარიშო წელს შემოსულ ინვესტიციებს, არამედ ინვესტიციების ბოლო წლების ჯამურ მაჩვენებელს. შესაბამისად, რადგან 2022-2023 წლებში ინვესტიციები მაღალ დონეზე იყო (წლიურად 1 მლრდ დოლარი), 2024 წლის კლება გარკვეულწილად წინა წლებით დაბალანსდა. თუმცა 2024 წელს ინვესტიციებში რომ ზრდა ყოფილიყო, ეკონომიკური ზრდის ტემპიც მეტი იქნებოდა.
2025 წლის პირველი კვარტალი
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 9.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე ჯერ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის. არ არის ცნობილი, რომელმა დარგებმა განაპირობეს მაღალი ზრდა. თუმცა ცნობილია ეკონომიკის ზრდაზე გავლენის მქონე ზოგიერთი მაჩვენებელი. საქონლის ექსპორტი 5.4%-ით გაიზარდა. უცხოელი ტურისტების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა, ტურისტების დანახარჯები კი 2.3%-ით. ფულადი გზავნილების 3.2%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტი (ძვირადღირებული სურათების გამოკლებით) 10%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს, რომ პირველი კვარტალის ზრდაში მაღალი წილი ისევ შიდა მოხმარების ზრდას ჰქონდა. მოხმარების ზრდას, თავის მხრივ, განაპირობებს ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, რომელიც 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 18%-ით (9.6 მლრდ ლარით) გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ია. სავალუტო ფონდის პროგნოზითაც, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით უნდა გაიზარდოს, რაც პირველი კვარტალიდან გამომდინარე, მიღწევადი მაჩვენებელი ჩანს.
ბესო ნამჩავაძეს აქვს 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკაში, სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტსა და კვლევებში. ის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უფროსი ანალიტიკოსია. კითხულობს ლექციებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.