მთელი მსოფლიოს ფინანსური საზოგადოება ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინშია. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს ჯერომ ფოუელის ინსტიტუტი „ნანატრ“ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის პირველი შემცირება იქნება.
საინტერესოა, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება გავლენას ამერიკული ბაზრის გარდა კაპიტალის მსოფლიო ბაზრებზეც მოახდენს. ფინანსური ანალიტიკოსები, მსხვილი საინვესტიციო ფონდები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს მცირედით, თუმცა მაინც შეამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ კი ფინანსურ ინსტიტუტს დასტაბილურებული ინფლაციის მაჩვენებელი უბიძგებს.
აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეგიონშიც და მის მიღმაც ყოველთვის ლიდერის სტატუსით ფუნქციონირებს. შესაბამისად, მისი ქმედებები ევროპის, კანადის, აღმოსავლეთ აზიისა თუ სხვა ცენტრალური ბანკებისათვის ხშირ შემთხვევაში მაგალითს წარმოადგენს. შესაბამისად, როდესაც ფინანსურმა ანალიტიკოსებმა საუბარი დაიწყეს იმის შესახებ, რომ სექტემბერში ფედერალური რეზერვი განაკვეთს შეამცირებდა, ამან გავლენა ზემოთ აღნიშნულ ინსტიტუტებზეც იქონია. მაგალითად, წინა კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა.
ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები მაგალითს განვითარებადი ბაზრებისთვისაც წარმოადგენს. Fed-ის მიერ განაკვეთის შემცირებაში დარწმუნებულმა 18-მა განვითარებადი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი განაკვეთები უკვე შეამცირა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა კი Fed-ის გადაწყვეტილებას კაპიტალის ბაზრებზე ექნება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ინვესტორების დანაზოგებში მეტი ფულის კონსოლიდირებას ნიშნავს, რაც პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟებზე ინვესტირების ტემპების გაზრდასთან. შესაბამისად, ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად კაპიტალის ბაზრები ელიან.