რა ღირებულების სამკაულები მოიპარეს ლუვრის ძარცვისას?

რა ღირებულების სამკაულები მოიპარეს ლუვრის ძარცვისას?

პარიზის პროკურატურის ცნობით, კვირას დილით, ლუვრში მდებარე აპოლონის გალერეიდან მოპარული სამკაულების ღირებულება დაახლოებით 88 მილიონი ევრო, ანუ 102 მილიონი აშშ დოლარია. პროკურორ ლორ ბეკოს განცხადებით, საქმის გამოსაძიებლად და დაკარგული ნივთების დასაბრუნებლად 100-ზე მეტი გამომძიებელი მუშაობს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარცვაში, რომელიც მხოლოდ ოთხ წუთს გაგრძელდა, სამიდან ოთხამდე ქურდი მონაწილეობდა. საფრანგეთის კულტურის მინისტრ რაშიდა დატის განცხადებით, ლუვრის უსაფრთხოების სისტემა ოპერაციის დროს გამართულად მუშაობდა, რის გამოც მძარცველებს მუზეუმში შესაღწევად ამწის გამოყენება დასჭირდათ, შემდეგ ვიტრინები ჩაამსხვრიეს, ისტორიული სამკაულები გაიტაცეს და გაიქცნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა ორშაბათს განაცხადა, რომ მუზეუმის სიგნალიზაცია ფანჯრის გაღების შემდეგ ჩაირთო, თუმცა ძარცვის ოპერაცია უკვე დასრულებული იყო. საერთო ჯამში ქურდებს სამკაულების მოსაპარად მხოლოდ 7 წუთი დასჭირდათ, აქედან ოთხ წუთზე ნაკლები კი უშუალოდ ლუვრში დაჰყვეს.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მუზეუმიდან მოპარულია რვა ნივთი: დიადემა დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას სამკაულების ნაკრებიდან; ყელსაბამი დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრებიდან; საყურე, დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრების წყვილის ნაწილი; ზურმუხტის ყელსაბამი მარი-ლუიზის ნაკრებიდან; ზურმუხტის საყურეების წყვილი მარი-ლუიზის ნაკრებიდან; ბრილიანტის გულსაბნევი, სახელწოდებით „რელიკვია“; იმპერატრიცა ეუხენიას დიადემა; იმპერატრიცა ეუხენიას გულსაბნევი.